ტუვალუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუვალუ (ინგლ. Tuvalu, წარსულში ცნობილი როგორც ელისის კუნძულები[1]) — სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კირიბატის, აღმოსავლეთიდან ტოკელაუს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამოას და უოლისი და ფუტუნას, სამხრეთიდან ფიჯის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან სოლომონის კუნძულების ტერიტორიულ წყლებს. სანაპირო ზოლის სიგრძეა — 21 კმ. ტუვალუ განთავსებულია 5 ატოლსა და 4 კუნძულზე. ქვეყნის ხმელეთის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა ქვეყანაა, უსწრებს მხოლოდ ვატიკანს (0,44 კმ²), მონაკოს (1,95 კმ²) და ნაურუს (21 კმ²). მისი მოსახლეობა 2011 ივლისის მონაცემებით 10 544 ადამიანს შეადგენს[2], ხოლო 2012 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით 10 782 ადამიანს[3] და წარმოადგენს მსოფლიოს მესამე ყველაზე მცირედ დასახლებულ სახელმწიფოს, უსწრებს მხოლოდ ვატიკანსა და ნაურუს. ქვეყნის დედაქალაქია — ფუნაფუტი.
ტუვალუ | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Tuvalu mo te Atua | ||||||
ჰიმნი: Tuvalu mo te Atua |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ფუნაფუტი 08°31′ ს. გ. 179°13′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ტუვალური ენა, ინგლისური ენა | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | ჩარლზ III | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | ტოფიგა ვაევალუ | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კაუსეა ნატანო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 26 კმ2 (192-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2021 შეფასებით | 11,900 (225-ე) | ||||
- | 2017 აღწერა | 10,645 | ||||
- | სიმჭიდროვე | 475.88 კაცი/კმ2 (27-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $39.00 მილიონი (226-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $3,566 (156-ე) | ||||
აგი (2021) | 0.641 (61-ე) | |||||
ვალუტა | ტუვალუს დოლარი ავსტრალიური დოლარი ( TUD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+12:00 | |||||
ქვეყნის კოდი | TUV | |||||
Internet TLD | .tv | |||||
სატელეფონო კოდი | 688 |
ტუვალუ პირველად პოლინეზიელი ხალხებით იყო დასახლებული. იგი 1568 წელს ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო დე მენდანიამ აღმოაჩინა, როდესაც ის სამხრეთ მიწას (Terra Australis) ეძებდა. XIX საუკუნის გვიანდელ წლებში კუნძულები ბრიტანეთის გავლენის ქვეშ იყო. სახელი ელისი აქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ინგლისელმა ჰიდროგრაფმა ალექსანდრ ჯორჯ ფინდლეიმ (1812–1876) უწოდა ცხრა კუნძულს. 1892-1916 წლებში ელისის კუნძულები წარმოადგენდა ბრიტანეთის პროტექტორატს ადგილობრივი რწმუნებულის მმართველობით; ამ პერიოდში იგი შედიოდა ბრიტანეთის დასავლეთ ოკეანეთის ტერიტორიებში, 1916-1974 წლებში კი წარმოადგენდა გილბერტისა და ელისის კუნძულების კოლონიის ნაწილს. 1974 წელს ელისის კუნძულებმა ხმა მისცა ბრიტანეთზე დამოკიდებულებისგან გასვლას ტუვალუს სტატუსით და გამოეყო მიკრონეზიულ გილბერტის კუნძულებს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კირიბატის სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 1978 წლის 1 ოქტომბერს, ტუვალუ სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. 2000 წლის 5 სექტემბერს კი იგი გაეროს წევრი, რიგით 189 ქვეყანა გახდა. ტუვალუ ასევე სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიის და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.