ტენესი უილიამსის პიესა From Wikipedia, the free encyclopedia
ტრამვაი, სახელად სურვილი (ინგლ. A Streetcar Named Desire) — ტენესი უილიამსის პიესა. პრემიერა შედგა ბროდვეიზე 1947 წლის 3 დეკემბერს. პიესა მოგვითხრობს სამხრეთელი ლამაზმანი ბლანშ დიუბუას შესახებ, რომელიც ვალების გამო მემკვიდრეობით მიღებული სახლის დაკარგვის შემდეგ საცხოვრებლად დასთან და სიძესთან ნიუ-ორლეანის ღარიბ გარეუბანში გადადის.
„ტრამვაი სახელად სურვილი“ XX საუკუნის კრიტიკულად აღიარებულ პიესებს შორის ერთ-ერთი პირველია. დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმადი პიესაა, მისი არაერთი სხვა სახის ადაპტაცია არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია 1951 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ვივიენ ლი და მარლონ ბრანდო ასრულებენ.
1951 წელს Warner Bros.-მა ელია კაზანის რეჟისორობით პიესის კინოადაპტაცია გადაიღო, რომელშიც, ბროდვეის დადგმისგან განსხვავებით, მთავარი როლი ჯესიკა ტენდის ნაცვლად ვივიენ ლიმ შეასრულა. ფილმმა ათი ნომინაციიდან ოთხი ოსკარის ჯილდო მიიღო. ეკრანიზაციაში უილიამსის სიუჟეტი გარკვეულწილად შეცვლილია, რადგან ფილმის დასასრულს, პიესისგან გასნსხვავებით, სტელა სტენლისთან არ რჩება.
როგორც არაერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, 2013 წლის ვუდი ალენის ოსკაროსანი ფილმი „სევდიანი ჟასმინი“ სწორედ „ტრამვაი, სახელად სურვილითაა“ შთაგონებული. მათ მსგავსი სიუჟეტი და პერსონაჟები აერთიანებთ, თუმცა ალენის ფილმი თანამედროვე მაყურებლისთვისაა გათვლილი.[1][2]
ტრამვაი, სახელად სურვილი 1920-48 წლებში ნიუ-ორლეანში მოძრაობდა. მას სახელი ამავე სახელწოდების ქუჩის მიხედვით ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ქუჩების სახელწოდებები, რომელთა გავლაც ბლანშს უწევს, ალეგორიულია: „მითხრეს, ჯერ ერთ ტრამვაიში, აქაურები „სურვილს“ რომ ეძახიან, ჩაჯდებიო, მერე მეორეში — „სასაფლაო“, ექვს უბანს გაივლი და ელისეს მინდვრებზე ჩამოხვალო.“
ბლანშის პერსონაჟი სავარაუდოდ დაფუძნებულია უილიამსის დაზე, როუზ უილიამსზე, რომელსაც მენტალური პრობლემები ჰქონდა, ლობოტომიის შემდეგ კი სრულიად ქმედუუნარო გახდა. პიესის წარმატებამ უილიამსს თავისი დის სამედიცინო საჭიროებების ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება მისცა.[3] სხვა ბიოგრაფიულ ელემენტებს შორისაა უილიამსის დედის სამხრეთული წარმოშობა, რაც სტელასა და ბლანშის სამხეთულ წარმოშობაში აისახა. მისი მამა კი მოგზაური და გამყიდველი იყო და მეგობრებთან დალევა და პოკერის თამაში უყვარდა, რაც სტენლი კოვალსკის პერსონაჟში აისახა. მთავარი პერსონაჟის მსგავსად, უილიამსიც მისისიპიში დაიბადა. აგრეთვე ბიოგრაფიული დეტალია ჰომოსექსუალობის მოტივი პიესაში, რადგან უილიამსს პრობლემები ჰქონდა თავის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. აგრეთვე, სტენლის ზიზღი ბლანშის ხასიათის მიმართ სავარაუდოდ შთაგონებული იყო უილიამსის მამის ზიზღის დედამისის სამხრეთული თვისებების მიმართ.[4]
ბლანშ დიუბუას სახელი უილიამსმა თეატრის კრიტიკოსი და ყოფილი მსახიობი ბლანშ მარვინისგან აიღო, ბლანშის დას, სტელას, კი სახელი მარვინის ქალიშვილობის გვარის მიხედვით შეურჩია. აგრეთვე ცნობილი სიტყვები პიესიდან „მე ყოველთვის უცნობების სიკეთის იმედი მქონდა“ ბლანშ მარვინს ეკუთვნის.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.