From Wikipedia, the free encyclopedia
ტირუვანანტაპურამი (ინგლ. Thiruvananthapuram, ყოფილი ტრივანდრუმი, ინგლ. Trivandrum) ― ინდოეთის შტატ კერალის დედაქალაქი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 957 730 ადამიანს შეადგენს და პირველ ადგილზეა შტატის მასშტაბით.[4] ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 1.68 მილიონ ადამიანამდე იზრდება.[5] ტირუვანანატაპურამი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. იგი საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი კერაა კერალაში. 2016 წლის მონაცემებით შტატის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის 55% სწორედ ტირუვანანტაპურამზე მოდის.[6][7] მაჰათმა განდიმ მას „ინდოეთის მარადმწვანე ქალაქი“ უწოდა.[8][9]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტირუვანანტაპურამი მალიალამი. തിരുവനന്തപുരം | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 8°29′15″ ჩ. გ. 76°57′09″ ა. გ. |
ფართობი | 214.86 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 10±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | მალაიალამური ენა[1] და ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 743 691 (2011)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30[3] |
სატელეფონო კოდი | 0471 |
საფოსტო ინდექსი | 695001 |
დღევანდელი ტირუვანანატაპურამის ტერიტორიას აის დინასტია მართავდა, რომელიც ჩერას დინასტიის ქვეშევრდოები იყვნენ.[10] XII საუკუნეში რეგიონი ვენადის სამეფომ დაიპყრო.[10] XVIII საუკუნეში მართანდა ვარმამ ტერიტორიები გააფართოვა, ტრავანკორის სამეფო დააარსა და ტირუვანანტაპურამი მის დედაქალაქად გამოაცხადა.[11] 1755 წელს პურაჯადის ბრძოლაში კოჟიკოდეს ძლევამოსილი ზამორინის დამარცხების შემდეგ ტავანკორე კერალაში ყველაზე ძლიერი სამეფო გახდა.[12] 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტირუვანანტაპურამი ტრავანკორე-კოჩინის შტატის დედაქალაქი გახდა, ხოლო 1956 წელს ახლადშექმნილი კერალის შატის დედაქალაქად გამოცხადდა.[13]
ტირუვანანტაპურამი ცნობილი აკადემიური და კვლევითი კერაა. ქალაქში მდებარეობს: კერალის უნივერსიტეტი, აბდულ კალამის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ინდირა განდის ეროვნული ღია უნივერსიტეტი და მრავალი სკოლა და კოლეჯი. ტირუვანანატაპურამში მდებარეობს მრავალი კვლევითი ცენტრიც, როგორებიცაა: დისციპლინათაშორისი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი, კოსმოსის კვლევის ინდური ორგანიზაციის ვიკრამ სარაბჰაის კოსმოსური ცენტრი, კოსმოსის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ინდური ინსტიტუტი, დედამიწის მეცნიერებათა კვლევების ეროვნული ცენტრი და სამეცნიერო განათლებისა და კვლევების ინდური ინსტიტუტი.[14]
ტირუვანანტაპურამი შვიდ ბორცვზეა აგებული.[15] მდებარეობს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე ჩრდ. განედის 8.5°-სა და აღმ. გრძედის 76.9°-ზე, ინდოეთის კონტინენტური ნაწილის სამხრეთ წვერთან.[16] ქალაქი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. დასავლეთიდან ლაკადივის ზღვა ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთი გატები. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 4.9 მეტრია.[17] ინდოეთის გეოლოგიური სამსახური ქალაქს სეისმური აქტივობის III ზონას მიაკუთვნებს.[18] ტირუვანანტაპურამი მდინარეების, კარამანასა და კილის, სანაპიროებზე მდებარეობს. ქალაქის შუა ნაწილში მუქი ყავისფერი თიხნარი ლატერიტული ნიადაგია, ფოსფატების მაღალი შემცველობით. ლატერიზაცია უხვი ნალექისა და ტენიანი პირობებითაა გამოწვეული. ქალაქის დასავლეთ სანაპირო რეგიონებში ქვიშიანი თიხნარი ნიადაგია, ხოლო ბორცვიან აღმოსავლეთ ნაწილში გრანიტული წარმოშობის მდიდარი მუქი ყავისფერი ნიადაგია.[19]
ტირუვანანტაპურამის კორპორაციის ფართობი 214.86 კმ²-ია.[4] 2011 წლის მონაცემებით, კიდევ უფრო ფართო ტირუვანანტაპურამის მეტროპოლიური ტერიტორია ამ კორპორაციას, სამ მუნიციპალიტეტსა და 27 პანჩაიატს მოიცავს.[20] ინდოეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობის გამო ქალაქს სამხედრო ლოგისტიკური და სამოქალაქო საავიაციო თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონისთვის.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ქალაქი ტროპიკული სავანისა (Aq) და ტროპიკული მუსონური კლიმატის (Am) სარტყელშია მოქცეული. შედეგად, სეზონები ნალექიანობასთანაა დაკავშირებულია და არა ― ტემპერატურასთან. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 34°C-ია (93 °F), ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა ― 21 °C (70 °F). ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია და მუსონების სეზონის დროს 90%-მდე იზრდება.[21] ტირუვანანტაპურამი ერთ-ერთი პირველი ქალაქია სამხრეთ-დასავლეთ მუსონის გზად და უხვი ნალექები ივნისის დასაწყისშივე იწყება. ქალაქში ყოველწლიურად უხვი ნალექი მოდის (დაახლოებით 1835 მმ). ქალაქში წვიმები ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის დროსაც გრძელდება, რომელიც ოქტომბერში იწყება. მშრალი სეზონი დეკემბრიდან იწყება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, 17.8 °C (64.0 °F), 1974 წლის 6 იანვარს დაფიქსირდა, ხოლო უმაღლესი ტემპერატურა ― 38.2 °C (100.8 °F), 2019 წლის 21 თებერვალს.[22]
ჰავის მონაცემები — ტირუვანანტაპურამი (1991–2020) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 36.0 | 38.2 | 37.7 | 38.0 | 36.7 | 35.8 | 34.0 | 34.6 | 35.4 | 35.2 | 34.8 | 35.5 | 38.2 |
საშუალო მაქსიმალური °C | 34.4 | 34.8 | 35.4 | 35.1 | 34.6 | 32.8 | 32.1 | 32.3 | 33.0 | 32.8 | 33.1 | 34.1 | 35.9 |
საშუალო მაღალი °C | 32.4 | 32.8 | 33.5 | 33.3 | 32.6 | 30.4 | 30.1 | 30.3 | 30.9 | 30.9 | 31.0 | 32.0 | 31.7 |
საშუალო დღიური °C | 27.4 | 27.8 | 28.9 | 29.2 | 28.9 | 27.1 | 26.7 | 26.9 | 27.2 | 27.2 | 27.1 | 27.3 | 27.6 |
საშუალო დაბალი °C | 22.3 | 22.9 | 24.3 | 25.1 | 25.1 | 23.8 | 23.3 | 23.4 | 23.5 | 23.5 | 23.2 | 22.6 | 23.6 |
საშუალო მინიმალური °C | 20.2 | 20.9 | 22.1 | 23.0 | 22.6 | 22.0 | 21.7 | 21.8 | 22.1 | 22.1 | 21.6 | 20.3 | 19.7 |
რეკორდულად დაბალი °C | 17.8 | 18.1 | 20.2 | 20.0 | 20.1 | 20.0 | 20.2 | 18.2 | 20.8 | 20.1 | 18.9 | 18.2 | 17.8 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 17.9 | 21.7 | 30.6 | 122.3 | 213.8 | 307.8 | 185.2 | 161.0 | 196.7 | 297.2 | 212.8 | 68.4 | 1 835,3 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.9 | 1.4 | 2.2 | 6.9 | 9.1 | 16.0 | 13.3 | 9.9 | 10.4 | 13.0 | 9.8 | 4.0 | 96.9 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 64 | 63 | 66 | 73 | 75 | 80 | 79 | 77 | 77 | 80 | 78 | 69 | 73 |
ცვრის წერტილის საშუალო °C | 21 | 22 | 23 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 23 | 23 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 260.4 | 248.6 | 254.2 | 201.0 | 192.2 | 129.0 | 136.4 | 164.3 | 180.0 | 173.6 | 165.0 | 217.0 | 2 321,7 |
საშუალო დღიური მზიანი საათები | 8.4 | 8.8 | 8.2 | 6.7 | 6.2 | 4.3 | 4.4 | 5.3 | 6.0 | 5.6 | 5.5 | 7.0 | 6.4 |
საშუალო UV ინდექსი | 11 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 | 11 | 10 | 12 |
წყარო 1: India Meteorological Department (sun 1971–2000)[23][22][24] Time and Date (dewpoints, 2005-2015)[25] | |||||||||||||
წყარო 2: Tokyo Climate Center (mean temperatures 1981–2010)[26] Weather Atlas[27] |
რელიგია ტირუვანანტაპურამში (2011)[28] | ||||
---|---|---|---|---|
რელიგია | წილი | |||
ინდუიზმი | 68.51% | |||
ქრისტიანობა | 16.79% | |||
ისლამი | 13.77% | |||
უარი პასუხზე | 0.85% | |||
სხვა | 0.09% |
2011 წლის ეროვნული ცენზის მიხედვით, ტირუვანანტაპურამის კორპორაციის მოსახლეობა 957 730 ადამიანს შეადგენს.[4] ქალაქის მოსახლეობის სიმჭიდროვე 4 454 ადამიანია 1 კმ²-ზე.[4] ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 1 687 406 ადამიანს უდრიდა.[5] სქესობრივი თანაფარდობა: 1 040 ქალი 1 000 კაცზე, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება.[4] ტირუვანანტაპურამში წერა-კითხვის ცოდნის დონე 93.72%-ს უდრის,[29] რაც საშუალო მაჩვენებელზე (74%) მაღალია.[30]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.