ტერენგანუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერენგანუ (ჯავი: ترڠݢانو; წარსულში გამოითქმებოდა როგორც ტრენგანუ ან ტრინგანუ) ― შტატი მალაიზიაში. შტატის დედაქალაქი და სამეფო ქალაქია კუალა-ტერენგანუ, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ტერენგანუს შესართავთან მდებარეობს. შტატის სხვა მთავარი ქალაქებია: კუალა-დუნგუნი, ჩუკაი, კუალა-ბერანგი, მარანგი და პერმაისური. შტატის ფართობი 13 035 კმ²-ია. 2021 წლის აღწერის მიხედვით, შტატის მოსახლეობა 1 149 440 ადამიანს შეადგენს. მალაიზიის შტატებს შორის ტერენგანუ მე-7 ადგილზეა ფართობის მიხედვით და მე-10 ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ტერენგანუ კელანტანთან, პერლისთან და პუტრაჯაიის ფედერალურ ტერიტორიასთან ერთად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ჰომოგენური ადმინისტრაციული დანაყოფია. მოსახლეობის 95%-ს ეთნიკური მალაიელი მუსლიმები შეადგენენ, რომელთაც გამორჩეული ენა/დიალექტი, კულტურა, ისტორია და ტრადიცია აქვთ.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ტერენგანუ | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | კუალა-ტერენგანუ | ||||
კოორდინატები | 4°45′00″ ჩ. გ. 103°00′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Mizan Zainal Abidin of Terengganu | ||||
დაარსდა | 1724 | ||||
ფართობი | 12955±1 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 015 776 (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 09 | ||||
საფოსტო ინდექსი | 20000–24999 | ||||
საავტომობილო კოდი | T | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.terengganu.gov.my | ||||
| |||||
ტერენგანუ ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან კელანტანი ესაზღვრება, დასავლეთიდან და სამხრეთიდან — პაჰანგი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. გეოგრაფიულად ტერენგანუ ორ ნაწილად იყოფა. ნაკლებად დასახლებული და მთიანი შიდა ნაწილი (ცნობილი როგორც ტერენგანუს მთიანეთი ან პანტაი ტიმურის ქედი, რომლის უმაღლესი წერტილი ლავიტის მთაა და ზღვის დონიდან 1 519 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს), კელანტანის საზღვრიდან ქემამანის რაიონამდე ვრცელდება. სანაპირო ვაკეებზე შტატის მოსახლეობის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. ტერენგანუს დასავლეთ მალაიზიის შტატებს შორის ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი აქვს. მალაიზიის რეკორდების წიგნის მიხედვით, ტერენგანუს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სუფთა პლაჟი აქვს.[1] მალაიზიის კუნძულების ნაწილი ტერენგანუს შტატის შემადგენლობაში შედის, როგორებიცაა: პერჰენტიანი, კაპასი და რედანგი, ისევე, როგორც ბიდონგი, რომელიც 1970-იან წლებში ათეულ ათასობით ვიეტნამელი ლტოლვილის თავშესაფარს წარმოადგენდა.