![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/36/Untitled_Panorama4.jpg/640px-Untitled_Panorama4.jpg&w=640&q=50)
ტბიყელი
ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ტბიყელი, ზღვისნაწყვეტი — მყინვარულ-ეგზარაციული ან ზვავ-მეწყრული წარმოშობის მაღალმთიანი პატარა ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთი ნაწილში, მდინარე კინტრიშის აუზში, ნაბაძირის მთაზე, ზღვის დონიდან 2218 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,01 კმ². დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 130 მ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 100 მ-ზე. აქვს ოვალური ფორმა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.[1]
ტბიყელი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 41°46′16″ ჩ. გ. 42°05′28″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2218 მ |
ფართობი | 0,01 კმ² |
სანაპირო სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. ტბის ქვაბული შედგება სამი მკვეთრად განსხვავებული ნაწილისაგან. ტბის ქვაბულს დასავლეთით საკმაოდ ციცაბო ფერდობი გააჩნია, რომელიც 70 მ-მდე სიგანის ძირისა და მახვილი წვერის მქონე სამკუთხედს მოგვაგონებს, რომლის სიმაღლე ტბის დონიდან 80 მ-ს არ აღემატება. მის ზედაპირს ემჩნევა თანამედროვე თოვლის ზვავების მოქმედების ნაკვალევი. სანაპიროს მეორე მორფოლოგიურ მონაკვეთს, რომელიც ტბის ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილს ქმნის, 20–30 მ სიმაღლე, ოდნავ მომრგვალებული ფორმა და დიდი დახრილობა აქვს. სანაპიროს მესამე ნაწილი, რომელსაც 300 მ-მდე სიგრძე აქვს, იგი სამხრეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციისა და სხვა ნაწილებთან შედარებით დიამეტრულად განსხვავებული სახის მქონეა.[1]
სიახლოვეს შუაეოცენური ტუფქვიშაქვებისა და პორფირიტული საფარებით აგებული და სამხრეთისაკენ დახრილ წყებებში 150 მ სიგრძის და 30 მ-მდე სიგანის კონსექვენტური ტიპის მოქმედი მეწყერია წარმოდგენილი. ტბა გამდინარეა, თუმცა დონის ცვალებადობის არანაირ ნიშანს არ ატარებს. ტბიყელის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე. ტბაში მცირე რაოდენობით არის წყლის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. მოქცეულია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში.[2][3]
ტბიყელი თვალწარმტაცია, აქედან ერთი მხრით აჭარის მთაგორიანი მხარის ბუნება ჩანს, მეორე მხარეს კი კოლხეთის ბარი და კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები. ტბიყელის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სიძერძლის ტბა.[1][4]