სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო
From Wikipedia, the free encyclopedia
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (ინგლ. Cooperation Council for the Arab States of the Gulf; არაბ. مجلس التعاون لدول الخليج العربية), ცნობილია როგორც Gulf Cooperation Council (GCC) (ყურის თანამშრომლობის საბჭო), (არაბ.: مجلس التعاون الخليجي) —რეგიონალური დახურული საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციის ოფიციალურ სახელწოდებაში სიტყვა სპარსეთი არ არსებობს, ვინაიდან არაბული სახელმწიფოები ამ ყურეს არაბულს უწოდებენ. ორგანიზაცია დაარსდა 1981 წლის 25 მაისს. მისი პოლიტიკა განსაზღვრულია წესდებაში, რომელიც რატიფიცირებულია 1982 წელს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია კოორდინირება, თანამშრომლობა და ინტეგრაცია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულებით. რეგულირება განხორციელდა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში; კომერციის, საბაჟო და კომუნიკაციების სფეროში; განათლების და კულტურის; სოციალურ და ჯანმრთელობის, მედიისა და ტურიზმის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ საკითხებში.[1][2]
შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ წინსვლას მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და წყლის რესურსების დაზოგვაში. ერთობლივი ეკონომიკური ხელშეკრულების პირობების თანახმად, ექვს ქვეყანას შორის სატარიფო ბარიერები გაუქმდა და ყურის ხალხებს თავისუფლად შეუძლიათ წარმოება დაიწყონ და ხელშეკრულებები შეასრულონ ნებისმიერ სახელმწიფოში თანაბარი პირობებით. გარდა ამისა, გეგმებში შედის ერთობლივი თავდაცვის ძალების შექმნა სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად.[3][4]
ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ორგანოებში შედის სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი საბჭო, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და მინისტრთა საბჭო, რომელიც იკრიბება სამ თვეში ერთხელ. გენერალური სამდივნო მდებარეობს საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში.
2012 წლის 6 მარტს, GCC-ის ექვსმა წევრმა განაცხადა, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭო გადაიქცევა რეგიონალური ბლოკიდან კონფედერაციად.[5][6]