From Wikipedia, the free encyclopedia
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთი უნივერსიტეტი. სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1932 წლის 7 თებერვალს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. თავდაპირველად, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც, ძირითადად, პედაგოგიური კადრებს ამზადებდა. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1960-იანი წლების დასაწყისისთვის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა. 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 7 თებერვალი, 1932 |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ზურაბ ხონელიძე |
კანცლერი | შოთა ახალაია |
მისამართი | 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქ 9, თბილისი, საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
კამპუსი | 2 |
ოფიციალური საიტი |
1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქალაქ თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება. 2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით თსუ სოხუმის ფილიალის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სოხუმის უნივერსიტეტი. 2008 წლის 4 იანვარს უნივერსიტეტმა მიიღო საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია, ხოლო 2008 წლის 8 იანვარს — სახელმწიფო აკრედიტაცია (5 წლის ვადით).
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1932 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარიატის („განსახკომი“) დადგენილების თანახმად როგორც აგროპედაგოგიური ინსტიტუტი. 1933 წელს არსებული ინსტიტუტის ბაზაზე რეორგანიზებულ იქნა სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად. 1979 წელს, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაკეთდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად (დამფუძნებელი რექტორი იყო ზურაბ ანჩაბაძე).
თავდაპირველად სახელმწიფო უნივერსიტეტი შედგებოდა სამი (აფხაზურენოვანი, რუსულენოვანი, ქართულენოვანი) სექტორისაგან. უნივერსიტეტში ქართულენოვანი სტუდენტების მოზიდვამ აფხაზთა უკმაყოფილება გამოიწვია, რაც 1989 წელს ქალაქ სოხუმში არეულობით დასრულდა. რუსულ და ქართულ მხარეებს შორის წარმოებული კონფლიქტის შედეგად ქალაქ თბილისში აფხაზეთის უნივერსიტეტის დევნილი ქართული სექტორის ბაზაზე ჩამოყალიბდა აფხაზეთის იძულებით ადგილნაცვალი უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
2006 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზეთის პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად მიიღო თვითმართვადი (ავტონომიური) უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი. 2011 წელს ხელმოწერილ იქნა ოქმი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ ურბინოს (იტალია) უნივერსიტეტს შორის.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა 2008 წელს. 2008-2010 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი პრეზიდენტი იყო გიორგი ბლიაძე; 2010-2012 წლებში — თეონა მოდებაძე, 2012-2014 წლებში მესამე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი იყო გიორგი ომარაშვილი. 2014-2016 წლებში ლაშა გაზდელიანი. 2016 წლის 12 ოქტომბრიდან პირველი ვადით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია ნინო თავაძე.
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი და 41 კათედრა. იგი არის ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი, თუმცა საუნივერსიტეტთაშორისო გაცვლის მხრივ აფხაზეთის უნივერსიტეტის სოხუმის ნაწილი რუსთა და აფხაზთა მიერ ჩატარებული ეთნოწმენდისა და დევნის გამო იმყოფება საგარეო პოლიტიკურ იზოლაციაში, და შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცით. რუსეთი კვლავინდებურად თამაშობს განმსაზღვრელ როლს აფხაზეთის პოლიტიკური, კულტურული და ა.შ. ცხოვრების ყველა სფეროში.
საველე ფოლკლორისტიკისა და ნართოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი შეიქმნა 2001 წლის აპრილში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის ლაბორატორიის ბაზაზე. ცენტრის მთავარი მიზანს აფხაზური ნართების ეპოსისა და საერთოდ, აფხაზური ფოლკლორის სხვა ჟანრების (ძეგლების) შესწავლა, სისტემატიზაცია-კლასიფიკაცია წარმოადგენს. ცენტრი მიზნად ისახავს აგრეთვე ფოლკლორული ნაწარმოებებისა და ამ ნაწარმოებთა შესახებ არსებული კვლევის შედეგების სხვადასხვა ენაზე თარგმნასა და პუბლიცირებას. ცენტრი ატარებს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს არა მხოლოდ თვითონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ თურქეთშიც, სადაც ცხოვრობს აფხაზური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი. კვლევით სამუშაოში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ასპირანტები. ცენტრი არარეგულარულად გამოსცემს წიგნების სერიებს აფხაზურსა და რუსულ ენებზე. („ფოლკლორული კულტურის სამყარო“, „მთქმელი და მისი ტექსტი“, „ცნობილი აფხაზოლოგები“) 1012 წელს მოსკოვურ გამომცემლობა „ნაუკა“-სთან ერთად გათვალისწინებულია აფხაზური ნართების ეპოსის ტექსტების სრული სამეცნიერო და აკადემიური გამოცემა აფხაზურ ენაზე 7 ტომად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.