From Wikipedia, the free encyclopedia
სოფია ხოტეკი (გერმ. Sophie Chotek; დ. 1 მარტი, 1868, შტუტგარტი, ვიურტემბერგის სამეფო — გ. 28 ივნისი, 1914, სარაევო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — ჩეხი არისტოკრატი ხოტეკების გვარიდან. ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მეუღლე და ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე. იგი გავრილო პრინციპიმ ქმართან ერთად მოკლა სარაევოში ვიზიტისას. ეს მოვლენა ცნობილია როგორც „სარაევოს მკვლელობა“ და სწორედ ეს იქცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბად.
სოფია ხოტეკი | |
---|---|
სრული სახელი
სოფია მარია ჟოზეფინა ალბინა ხოტეკ ფონ ხოტკოვ უნდ ვოგნინი | |
წოდებები
ჰოენბერგის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
1 მარტი, 1868 შტუტგარტი, გერმანია |
გარდაიცვალა |
28 ივნისი, 1914, (46 წლის) სარაევო, ავსტრია-უნგრეთი |
საგვარეულო | ხოტეკები |
მეუღლე(ები) | ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდ ავსტრიელი |
შვილ(ებ)ი |
სოფია მაქსიმილიანი ერნესტი |
მამა | გრაფი ბოჰუსლავ ხოტეკ ფონ ხოტკოვ უნდ ვოგნინი |
დედა | გრაფინია ვილჰელმინა კინსკი |
რელიგია | კათოლიციზმი |
სოფია დაიბადა 1868 წლის 1 მარტს შტუტგარტში, ვიურტემბერგის სამეფოში. იგი იყო ბოჰემიელი არისტოკრატის, გრაფ ბოჰუსლავ ხოტეკ ფონ ხოტკოვ უნდ ვოგნინისა და მისი მეუღლის, გრაფინია ვილჰელმინა კინსკის მეოთხე ქალიშვილი. მამამისი ბოჰემიის ელჩი იყო ვიურტემბერგის კარზე, რის გამოც მან და მისმა დედმამიშვილებმა ბავშვობა გერმანიაში გაატარეს.
როდესაც სოფიამ განათლების მიღება დაასრულა იგი გახდა ტეშენის ჰერცოგის, ერცჰერცოგ ფრიდრიხ ავსტრიელის მეუღლის, ერცჰერცოგინია იზაბელა კროის სეფექალი, რის გამოც ვენაში, ავსტრიის საიმპერატორო კარზე გადასახლდა.
ცნობილია, რომ სოფია ფრანც ფერდინანდს პირველად 1894 წელს, პრაღაში გამართულ ბალზე შეხვდა. ფრანც ფერდინანდი, რომელიც სამხედრო სამსახურს პრაღაში გადიოდა, ხშირად სტუმრობდა თავისი ბიძაშვილის, მაშასადამე ჰერცოგი ტეშენის სასახლეს, სადაც მსახურობდა სოფიაც. თავიდან ფრანც ფერდინანდს ფრიდრიხის ასული, ერცჰერცოგინია მარია კრისტინა შეუყვარდა. ჰერცოგინია იზაბელა მათ ქორწინებას მხარს უჭერდა, რასაც ნიშნობაც მოჰყვა. მოგვიანებით, როდესაც ფრანც ფერდინანდი ჩოგბურთს თამაშობდა იზაბელამ მისი დალუქული სკივრი გახსნა, რომელშიც მარია კრისტინას ფოტოებს მოელოდა, მაგრამ ერცჰერცოგს იქ სოფიას ფოტოები ჰქონდა შენახული, რასაც მოჰყვა სამეფო სკანდალი.
1889 წელს, მას შემდეგ რაც იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ერთადერთმა ვაჟმა, ერცჰეროცგმა რუდოლმა თავი მოიკლა და 1896 წელს ფრანც იოზეფის მამაც გარდაიცვალა, იგი ავსტრია-უნგრეთის ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა. ამრიგად, მათ ქორწინება არ შეეძლოთ, ვინაიდან ტახტის მემკვიდრეს უბრალო წარჩინებულზე დაქორწინება არ შეეძლო. იმისათვის, რომ ქალი ჰაბსბურგ-ლოთარინგიელებისათვის სასურველი სარძლო ყოფილიყო, იგი აუცილებლად ევროპის რომელიმე, იმდროინდელი მმართველის შვილი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხოტეკები XIV საუკუნიდან მოყოლებული არისტოკრატები იყვნენ, ისინი არ იყვნენ დინასტიური რანკის წარმომადგენლები. თუმცაღა აღსანიშნავია, რომ სოფია გერმანიის მეფე რუდოლფ I ჰაბსბურგის დის შთამომავალი იყო.
ამ მიზეზების გამო თავიდან ფრანც ფერდინანდმა უარი თქვა სოფიასთან შეუღლებაზე და „თანასწორი“ ქორწინებისათვის საპატარძლოს ძებნა განაგრძო.
1899 წელს საიმპერატორო ოჯახის წევრების (უმეტესწილად ერცჰერცოგინია მარია ტერეზა პორტუგალიელის გავლენით, რომელიც ფრანც ფერდინანდის დედინაცვალი იყო) გავლენით ფრანც იოზეფ I-მა წყვილს ქორწინების ნება დართო. ამასთან ერთად ფრანც ფერდინანდს შეუნარჩუნდა ტახტის მემკვიდრის მდგომარეობა, სოფიას კი თანასწორი ქორწინებისათვის შესაბამისი წოდება, ჰოენბურგის ჰერცოგინიობა მიენიჭა. მიუხედავად ასეთი გამონაკლისისა, მისი ტახტზე ასვლის შემდეგ სოფია ვერ გახდებოდა დედოფალი და მასთან შეძენილ შვილებს ერთმეოდათ მემკვიდრის წოდება.
1900 წლის 1 ივნისს ჰოფბურგის სასახლეში ფრანც ფერდინანდი და სოფია დაქორწინდნენ. იმავე წლის 28 ივნისს კარდინალისა და იმპერატორის გავლენით ერცჰერცოგმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სოფია მის მორგანატიკულ ცოლად ცხადდებოდა, ანუ იგი ვერასოდეს გახდებოდა დედოფალი, მათ შვილებს კი ერთმეოდათ მემკვიდრეობის უფლება. მათ ქორწინებას პროტესტის ნიშნად არც იმპერატორი და არც ფრანც ფერდინანდის ძმები არ დასწრებიან. საიმპერატორო ოჯახიდან მათ ქორწინებას მხოლოდ ფრანც ფერდინანდის დედინაცვალი, ერცჰერცოგინია მარია ტერეზა პორტუგალიელი და მისი ორი ქალიშვილი დაესწრო.
თოთხმეტწლიანი ქორწინების განმავლობაში სოფიას არ გაუზიარებია ქმრის წოდება, რანკი და პრივილეგიები, რაც მას, როგორც მის კანონიერ მეუღლეს შეეფერებოდა. მისი მდგომარეობა საიმპერატორო კარზე დამამცირებელი იყო, რის გამოც სოფია ხშირად უშლიდა ხელს ფრანც ფერდინანდს, როგორც ტახტის მემკვიდრეს. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა ევროპელმა მონარქმა მათი ქორწინება თანასწორად სცნო, მაგალითად, 1913 წლის ნოემბერში, ლონდონში ვიზიტისას ისინი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-მ და დედოფალმა მარია ტეკელმა თბილად მიიღეს.
მიუხედავად ყველაფრისა, მათი ქორწინება ბედნიერი და მყარი იყო, რომელშიც სოფიამ ერთი გოგონა და ორი ვაჟი გააჩინა.
1914 წელს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის გუბერნატორმა ოსკარ პოტიერეკმა ახალი სამხედრო მანევრების სანახავად მიიწვია სარაევოში. მისი დაბალი სტატუსის გამო, ჩვეულებრივ სოფიას ქმართან ერთად ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობა ეკრძალებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ერცჰერცოგი როგორც სამხედრო მეთაური ისე იყო მიწვეული და არა როგორც ტახტის მემკვიდრე, რის გამოც მას ცოლი თან გაჰყვა. 1914 წლის 28 ივნისის შუადღეს, ვიზიტის მესამე და საბოლოო დღეს, ვენაში გამგზავრებამდე წყვილმა ახალი მუზეუმის დათვალიერება გადაწყვიტა. ეს დღე მათი ქორწინების მეთოთხმეტე წლისთავს დაემთხვა. მათ იცოდნენ, რომ ეს მგზავრობა საშიში იყო, რადგან ჯერ კიდევ დილით, 28 ივნისის დილის 10:10 საათზე ნედელიკო კაბრინოვიჩმა მათ მანქანაში ხელყუმბარა შეაგდო. ბომბმა თოთხმეტი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ მძღოლის დამსახურებით ერცჰერცოგი და სოფია გადარჩნენ.
ცნობილია, რომ მუზეუმში გასვლამდე ერცჰერცოგმა პოლიციის უფროსს ჰკითხა: „თქვენი აზრით, სარაევო მკვლელებითაა სავსე?“. ამაზე მან დადებითი პასუხი მიიღო, რის გამოც მათ სთხოვეს უსაფრთხოების მიზნით ორსული სოფია მაინც დარჩენილიყო მერიის შენობაში. ამაზე მათ სოფიასგან ასეთი პასუხი მიიღეს: „სანამ დღეს ერცჰერცოგი პუბლიკაში იქნება, მე მას არ მივატოვებ.“
ქალაქის ცენტრში გავლისგან თავის ასარიდებლად მათი მარშუტი შეცვალეს. ცნობილია, რომ ამ დროს მძღოლმა გზის შესამოკლებლად ლათინური ხიდისკენ გადაუხვია. ისტორიული ცნობებით სწორედ აქ, კუთხის საცხობთან იდგა ერთ-ერთი შეთქმული გავრილო პრინციპი, რომელმაც მათი თანმხლების, ოსკარ პოტიორეკის ხმა გაიგო, რომელიც მძღოლს უყვიროდა: „რა არის ეს? ეს არასწორი გზაა! ჩვენ აპელის ქუჩაზე უნდა გაგვევლო!“.
მძღოლმა ფეხი მუხრუჭს დაადგა და უკან მობრუნება დაეწყო. ასე დაუბრუნდნენ ისინი გავრილო პრინციპს. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა მათ მანქანას და შემდეგ ხუთი ფუტის სიშორიდან ორჯერ ისროლა ერცჰერცოგის მიმართულებით. ფრანც ფერდინანდს ტყვია ყელში მოარტყა, ხოლო სოფიას მუცელში. თავიდან სოფიო ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ქმარს ჰკითხა: „ღვთის გულისათვის, რა დაგემართა?!“. სანამ მოკვდებოდა ფრანც ფერდინანდმა ცოლს უკანასკნელად მიმართა: „სოფია! სოფია! ჩვენი შვილებისთვის ცოცხალი დარჩი“. გასროლიდან ერთ საათში ორივე მათგანი გარდაიცვალა. მკვლელს მოსახლეობამ სასტიკად სცემა, რომელიც მალევე დააპატიმრეს. ამ დროს სოფია 46 წლის იყო, ხოლო ფრანც ფერდინანდი 50-ის.
სოფიასა და ფრანც ფერდინანდის ცხედრები მალევე გადაასვენეს ჯერ ტრიესტში, იქიდან კი ვენაში. გადასვენება სწრაფმავალი მატარებლით განხორციელდა. ცერემონია ჰოფბურგის სასახლეში შედგა, რომელსაც მთელი საიმპერატორო ოჯახი დაესწრო. ერცჰერცოგი და ჰერცოგინია მათი ანდერძის თანახმად დაკრძალეს არტშტეტენის სასახლეში, ჰაბსბურგთა საზაფხულო სახლში. დღეისათვის ეს სასახლე მათ მემორიალადაა გადაკეთებული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.