From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო XVI საუკუნეში არსებობდა რამდენიმე დამოუკიდებელი სამეფო-სამთავროს სახით. XVI საუკუნეში დეზინტეგრაციის პროცესი გაღრმავდა, გაძლიერდა სათავადოები, რომლებიც მეფის ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ. იმერეთის სამეფოს ფარგლებში დამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობდნენ გურიის სამთავრო, ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის სამთავრო და აღწევდნენ კიდეც. ქართლის სამეფოში არსებული სათავადოები (საამილახორო, საციციანო, ქსნის და არაგვის საერისთავოები) არ ცდილობდნენ დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებას, მაგრამ მუდმივად ეურჩებოდნენ მეფის ხელისუფლებას. სამხრეთ-დასავლეთიდან საქართველოს მეზობლობდა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც საკუთრი ძლიერების ზენიტს XVI საუკუნეში მიაღწია. XVI საუკუნის დასაწყისში საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოყალიბდა სეფიანთა იმპერია, რომელთანაც საქართველოს მუდმივი დაპირისპირება ჰქონდა XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში
1505 წელს გამეფდა კონსტანტიენ II-ის შვილი დავით X. მისი გამეფებისთანავე ქართლს შეუტია იმერეთის მეფე ალექსანდრე II-მ, რომელმაც 1509 წელს დაიკავა ქალაქი გორი და მდინარე ლიხვამდე ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. ალექსანდრე II იმერეთში ოსმალეთის იმპერიის შემოსევის გამო გახდა იძულებული ქართლიდან გასულიყო. ქართლს სისტემატურად თავს ესხმოდა კახეთის მეფე გიორგი II. გიორგი II 1513 წელს დავითის ძმა ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო და მოკლა. ამის შემდეგ დავითმა კახეთის სამეფო დაიკავა და 5 წლის განმავლობაში 1513-1518 წლებში ფლობდა მას.
1518 წელს ქართლს შეესია ისმაილ I-ის სარდალი, ერევნის მმართველი დივ სულთან რუმლუ. მასთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდა სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III. მათ აიღეს გორი და სურამი. ქართლის სამეფომ იკისრა ხარკი და ირანის ვასალობა. ამით ისარგებლეს კახელებმა და 1518 წელს კახეთში მეფობა აღადგინეს. 1518 წელს დავით X-მ ორჯერ გაილაშქრა კახეთის დასამორჩლებლად, მაგრამ ამაოდ. დავით X არ იხდიდა ირანის ხარკს და ციხეებს ამაგრებდა, ამის გამო 1522 წელს ისმაილ I-მა ილაშქრა საქართველოში. ისმაილ I გაგის ციხესთან გაჩერდა და ციხის განახლება დაიწყო. ისმაილ I-მა დავითი თავისთან იხმო და ისლამის მიღება მოსთხოვა. დავითი არ გამოცხადდა. გაიმართა თელეთის ბრძოლა, რომელშიც ირანელებმა გაიმარჯვეს. დავითი შიდა ქართლში გადავიდა. ისმაილმა დაიკავა თბილისი. თბილისში ყოფნის დროს მან მოასწრო შაჰ-ისმაილის მეჩეთის აშენება, რომელიც XX საუკუნემდე იდგა ქალაქში. 1524 წელს შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა და ირანში შიდა სიტუაცია აირია. ამით ისარგებლა დავით X-მ და ქვეყანა ვასალობისგან გაათავისუფლა. მან მოშალა გაგის ციხე, რომელიც სპარსების ლაშქრობების მთავარი დასაყრდენი იყო. იმავე წელს დავით X მოულოდნელად ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა.
დავითის შემდეგ გამეფდა მისი ძმა გიორგი IX. გიორგიმ სულ ორი წელი იმეფა. გიორგის შემდეგ გამეფდა დავით X-ის ძე ლუარსაბ I. 1536 წელს ქართლი დალაშქრა ოსმალეთის იმპერატორმა სულეიმან I-მა. მისი მეფობის პერიოდზე მოდის ირანის შაჰ თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში. თამაზ I ოთხჯერ შეესია ქართლს 1541, 1547, 1551 და 1554 წლებში და დამანგრეველი ზიანი მოუტანა. 1541 წელს ყიზილბაშებმა აიღეს თბილისი და ბირთვისი. ლუარსაბს კახეთის მეფე ლევანმა უარი უთხრა ყიზილბაშების წინააღმდეგ დახმარებაზე, ამიტომ ლუარსაბმა პარტიზანული ბრძოლა დაიწყო. 1541 წელს შაჰ თამაზმა თბილისში გარნიზონი დატოვა და თავად ყარაბაღში წავიდა. 1547 წელს შაჰ თამაზმა დალაშქრა ჯავახეთი და ქვემო ქართლი.
1551 წელს შაჰ-თამაზი მესამედ შეესია საქართველოს. ქართლის ლაშქრის დიდი ნაწილი ვარძიაში იყო დაბანაკებული, თამაზ I-მა აიღო და გაძარცვა ვარძია, შემდეგ კი ააოხრა ქართლი. 1554 წელს შაჰ-თამაზი ქართლში მეოთხეჯერ შევიდა. გორის აღების შემდეგ ის მიადგა ატენის ციხეს, სადაც თავშეფარებული იყო დედოფალი ნესტან-დარეჯანი. ყიზილბაშებმა აიღეს ატენის ციხე და ხელში ჩაიგდეს ძვირფასი ტყვეები. დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა თავი მოიკლა.
1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო ამასიის ზავი, რომლითაც ირანმა და ოსმალეთმა გაიყვეს კავკასია. ოსმალეთის იმპერიას ერგო იმერეთის სამეფო მისი სამთავროებით, სამცხე-საათაბაგო და დასავლეთ სომხეთი, ხოლო ირანს ქართლისა და კახეთის სამეფოები, აღმოსავლეთ სომხეთი და აზერბაიჯანი. ლუარსაბ I არ ეგუებოდა ირანის გაბატონებას ქართლში, მან შიდა და ქვემო ქართლის ციხეებიდან განდევნა ყიზილბაშები და თბილისსაც შეუტია. თბილისის დაცვა ირანის შაჰისგან დავალებული ჰქონდა ყარაბაღის მმართველ შაჰვერდი სულთანს, რომელიც ლუარსაბის წინააღმდეგ დაიძრა. გარისის ბრძოლაში ქართველებმა დაამარცხეს ყიზილბაშები. ბრძოლაში ქართლის ლაშქარს სარდლობდა ლუარსაბის ვაჟი სიმონ I. თავად ლუარსაბი ბრძოლაში დაიღუპა.
ლუარსაბ I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე გახდა სიმონ I. სვიმონმა მთავარ მიზნად დაისახა ყიზილბაშთა განდევნა ქვეყნიდან. 1559 წელს კახეთის სამეფოსთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით მან ცოლად შეირთო კახთა მეფის ლევანის ასული თამარი. სიმონი აპირებდა თბილისის გათავისუფლებას ყიზილბაშებისგან. კახეთის მეფე ლევანმა სიმონს დაახმარა მცირე რაზმი გიორგი ბატონიშვილის სარდლობით. 1561 წელს ციხედიდის ბრძოლაში ქართველები დაუდევრობის გამო დამარცხდნენ. ბრძოლაში მოკლეს გიორგი ბატონიშვილი. სიმონ მეფე იძულებული გახად უკან დაეხია. მან გორის ციხეს შეაფარა თავი. 1564 წელს ირანის მხარეს გადავიდა სიმონ მეფის ძმა დავითი, რომელიც ყაზვინში ეახლა შაჰ თამაზს და ისლამი მიიღო. შაჰმა მას დაუმტკიცა ქართლის სამეფო და დაუდ-ხანი უწოდა. დაუდ-ხანი ყიზილბაშთა ლაშქართაჰ ერთად ქართლში ჩავიდა. 1567-1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონმა ორჯერ დაამარცხა დაუდ-ხანი, მაგრამ თბილისის აღება მაინც ვერ შეძლო.
1569 წელს შაჰ-თამაზმა დიდი ჯარი გაგზავნა დაუდ-ხანს დასახმარებლად. ფარცხისის ბრძოლაში აზნაურ კახაბერ ყორღანაშვილის ღალატის გამო სიმონ მეფე დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. დატყვევებული მეფე ალამუთის ციხეში გამოკეტეს. 1569-1578 წლებში ქართლის მეფობდა დაუდ-ხანი. მას მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. 1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს. იმავე წელს ჩილდირის ბრძოლაში მათ დაამარცხეს ირანის და ქართლის ლაშქარი და სამცხის გავლით ქართლში შევიდნენ. დაუდ-ხანმა თბილისი გადაწვა და ლორეს შეაფარა თავი. ქართლში დაიწყო ოსმალობა. ოსმალებმა ქართლის ციხეებში თავისი გარნიზონები ჩააყენეს, თბილისში კი ფაშა დასვეს. დაუდ-ხანმა ოსმალეთს მორჩილება გამოუცხადა. მას ორი სანჯაყი ჩააბარეს. ირანმა თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგა. შაჰმა მუჰამად ხუდაბანდამ გადაწყვიტა ოსმალეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა დაპატიმრებული სიმონ I.
სიმონ I, რომელმაც ისლამი მიიღო, ქართლში დაბრუნდა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. მან ოსმალებისგან გაათავისუფლა ლორე, გორი და 4-თვიანი ალყა შემოარტყა თბილისს. 1579 წელს მუსტაფა ლალა-ფაშამ 20 ათასიანი ლაშქარი სურსათ-სანოვაგითურთ გაგზავნა თბილისის დასახმარებლად. დმანისთან ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს სიმონ I და ირანელი სარდალი ალი ყული-ხანი და თბილისში შევიდნენ. მალე სიმონმა კვლავ შემოარტყა ალყა თბილისს. 1580 წელს ქართლში შევიდა მუსტაფა ლალა-ფაშას ნაცვლად დანიშნული სინან-ფაშა. მანაც შეძლო ალყის გარღვევა და თბილისში შესვლა. მაგრამ სიმონი ოსმალებს მოსვენებას არ აძლევდა და დმანისის, სამშვილდის და ლორეს ციხეებს გამუდმებით იღებდა. 1588 წელს ირანი დროებით დაუზავდა ოსმალეთს და სიმონმაც ოსმალეთის ხარკი იკისრა. 1588-1590 წლებში სიმონ I-მა სამჯერ სცადა იმერეთის სამეფოს დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. 1598 წელს სიმონმა განაახლა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ. მან ალყა შემოარტყა გორის ციხეს, რომელიც 1599 წელს აიღო. ოსმალეთის წინააღმდეგ აჯანყება მთელ ქართლს მოედო. აჯანყებას მანუჩარ II ათაბაგიც. ოსმალეთის სულთანმა საქართველოშ გაგზავნა თავრიზის ბეგლარბეგი ჯაფარ-ფაშა. სიმონ I საბარათიანოში აგროვებდა მეწინავე ლაშქარს, როცა ოსმალები ალგეთის ხეობაში შევიდნენ. ნახიდურის ბრძოლაში სიმონი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ის 1611 წელს იედიყულეს ციხეში გარდაიცვალა
XVI საუკუნის დასაწყისში შედარებით სტაბილურობა და მშვიდობიანობა სუფევდა კახეთის სამეფოში, თუმცა კახეთი გამოთიშული იყო საერთო ქართული ბრძოლიდან დამპრყობელთა წინააღმდეგ და არ მონაწილეობდა მასში. ალექსანდრე I უპირატესობას ანიჭებდა მშვიდობიანობის შენარჩუნებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხარჯზე. მისი პოლიტიკის წინააღმდეგი იყო უფროსი ვაჟი გიორგი, რომელსაც ქართლის სამეფოს დაპყრობა სურდა. ალექსანდრე I მტკიცედ იდგა ქართლთან მშვიდობიანობის შენარჩუნების პოზიციაზე. მას მხარს უჭერდა უმცროსი შვილი დიმიტრი. გიორგის ურთიერთობა მამასთან და ძმასთან ისე გამწვავდა, რომ 1511 წელს გიორგიმ მოკლა მამა, თვალები დასთხარა ძმას და მეფის ტახტი დაიკავა. გიორგი ისტორიაში ავ-გიორგის სახელით შევიდა.
ავ-გიორგიმ მაშინვე დაიწყო ქართლის დარბევა. ის ლაშქრით წავიდა ქართლის მეფე დავით X-ის წინააღმდეგ და ატენის ციხეს მიადგა, მაგრამ ვერ აიღო. მალე ავ-გიორგიმ კვლავ დაარბია ქართლის მოსაზღვრე სოფლები. ავ-გიორგის წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარ თავზე აიღო დავით X-ის ძმამ, ბაგრატ მუხრანბატონმა. 1512 წელს ავ-გიორგიმ ალყა შემოარტყა ქსნის ციხეში გამაგრებულ ბაგრატ მუხრანბატონს, მაგრამ სამ თვიანი ალყის მიუხედავად, ციხე ვერ აიღო. უკან დაბრუნებული ავ-გიორგი ნადირობის დროს შეიპყრო ბაგრატ მუხრანბატონმა და მოკლა. დავით X-მ კახეთი დაიკავა. კახელმა თავადებმა გარსევან ჩოლოყაშვილის მეთაურობით ავ-გიორგის ერთადერთი შვილი, ლევანი, დამალეს და დავით X-მ მისი ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. 1513-1518 წლებში ქართლი და კახეთი გაერთიანებული იყვნენ.
1518 წელს ქართლს შაჰი ისმაილ I შეესია. ამით ისარგებლეს კახეთის თავადებმა და ბოდბის ტაძარში ლევანი მეფედ აკურთხეს. 1520 წელს დავითმა ორჯერ ილაშქრა ლევანის წინააღმდეგ, მაგრამ კახეთი ვეღარ დაიბრუნა. ლევანი (1518-1574) აგრძელებდა ბიძის, ალექსანდრე I-ის პოლიტიკას და დიპლომატიური ურთიერთობებით თავიდან აიცილა ირანელებისა და ოსმალების შეჭრა კახეთში. 1551 წელს ლევანმა ერთგულება შეჰფიცა ირანის შაჰ თამაზ I-ს და ქართლში მისი ლაშქრობების დროს არ გამოვიდა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის დასახმარებლად. მეტიც, 1551 წელს ლევანი დაეხმარა შაჰ თამაზს შაქის დამორჩილებაში. 1555 წელს ამასიის ზავის შემდეგ ლევანმა შაჰს გაუგზავნა შვილი იესე მძევლად. ლევანმა ცოლად შეირთო თინათინ გურიელი, რომელმაც ძველი შუამთის მონასტრის მახლობლად ააგო ახალი შუამთა. ლევანმა მეორე ცოლად მოიყვანა შამხლის ასული და ამით დაარეგულირა მწვავე ურთიერთობა საშამხლოსთან. 1563 წელს ლევანმა კავშირი დაამყარა რუსეთის მეფე ივანე მრისხანესთან, რომელმაც გააქტიურა რუსეთის სამხრეთული პოლიტიკა. ლევანმა კახეთის ციხეებში რუსთა მცირე რაზმები ჩააყენებინა, თუმცა ირანისა და ოსმალეთის მოთხოვნით მალევე დაითხოვა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კავშირი ირანსა და ოსმალეთს აღიზიანებდა, კახეთის მეფეები ჯიუტად განაგრძობდნენ რუსეთთან ურთერთობას. ლევანის შვილმა ალექსანდრე II-მ, რომელიც ტახტზე 1574 წელს ავიდა, 1587 წელს ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“, რომლითაც აღიარა რუსეთის მფარველობა და რუსეთის მეფე თედორე I-ისგან მიიღო წყალობის სიგელი. თედორე თავს „ივერიის ქვეყნის და ქართველი მეფეების ხელმწიფეს“ უწოდებდა. ალექსანდრეს აუჯანყდნენ ნახევარძმები ელიმირზა და ხოსრო, მაგრამ ალექსანდრემ ისინი დაამარცხა.
ალექსანდრე II-ის დროს კახეთის სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა. ის მისი წინამორბედების მსგავსად, არათუ არ მონაწილეობდა ქართლის ბრძოლაში დამპყრობლის წინააღმდეგ, არამედ მტრობდა თავის სიძეს, ქართლის მეფე სიმონ I-ს. ის თავს დაესხა ჯარის გარეშე დიღომში მდგარ სიმონს, ხოლო მის მეუღლეს (საკუთარ დას) შეურაცხყოფა მიაყენა. მარტყოფთან გამართულ ბრძოლაში სიმონმა ალექსანდრე დაამარცხა. 1578 წელს ალექსანდრე II-მ არ დაუშვა მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობა, შეხვდა მუსტაფა ლალა-ფაშას სართიჭალაში, მორჩილება აღუთქვა და ხარკი და ძღვენი მიართვა. მუსტაფა ლალა-ფაშამ ალექსანდრეს შაქის დაპყრობა დაავალა. ალექსანდრე II-მ ილაშქრა შაქში და იქ მმართველად შვილი ერეკლე დატოვა. ალექსანდრე II-ის მეფობის დროს კახეთი ყველაზე მდიდარი და მშვიდობიანი სამეფო იყო ქართულ სამეფო-სამთავროებში. მეფის მოლაშქრეთა რაოდენობა 15 ათასს შეადგენდა, აღორძინდა მეურნეობა.
იმერეთის მეფე ალექსანდრე II ცდილობდა ქართლის დაუფლებასაც. 1509 წელს მან ქართლში ილაშქრა და გორი და სურამი აიღო. იმერეთში ოსმალეთის იმპერიის შეჭრის გამო ალექსანდრე II იძულებული გახდა ქართლიდან გასულიყო. 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს ქუთაისი და გეგუთი. ეს იყო ოსმალების პირველი შემოსევა იმერეთში. ალექსანდრე II იმავე წელს გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა ბაგრატ III-მ.
1533 წელს ბაგრატის ინიციატივით მოეწყო ლაშქრობა ჯიქეთში. მასში მონაწილეობდნენ ოდიშის ერისთავი მამია III დადიანი და გურიის მთავარი მამია I გურიელი, რომლებიც ჯერ კიდევ ცნობდნენ იმერეთის მეფის უზენაესობას. ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. მამია III დადიანი ლაშქრობის დროს დაიღუპა, ხოლო მამია I გურიელი ტყვედ ჩავარდა. ბაგრატ III-მ წარმატებას მიაღწია სამხრეთის ფრონტზე. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში მან დაამარცხა სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III და შემოერთა სამცხე-საათაბაგო. ბაგრატმა გურიელს დაუბრუნა აჭარა და ჭანეთი, რომლებსაც გურიელები XV საუკუნის ბოლოს ფლობდნენ, მაგრამ ამით გაინაწყენა ოდიშის ერისთავი. 1543 წელს ბაგრატ III-მ გურიის მთავრის დახმარებით გაიმარჯვა ქარაღაქის ბრძოლაში ოსმალეთისა და სამცხის ათაბაგის წინააღმდეგ. 1545 წელს სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III-ის, გურიელის და ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა ოსმალეთის ლაშქართან და სამცხე კვლავ ოსმალეთმა დაიკავა.
ბაგრატ III-ის დროს აღდგა ნიკორწმინდის ეპარქია, შეიქმნა ხონისა და გელათის ეპარქიები. აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენციამ ბიჭვინთიდან გელათში გადაინაცვლა. ბაგრატ III-ის ინიციატივით მოწვეულმა საეკლესიო კრებამ აკრძალა ტყვის სყიდვა. ამასიის ზავის შემდეგ ბაგრატ III იძულებული იყო ოსმალეთისთვის ხარჯი გადაეხადა.
1565 წელს ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა გიორგი II-მ. ის გამუდმებულ ომში იყო ჩართული ოდიშის მთავარ ლევან I დადიანთან და გურიის მთავარ გიორგი II გურიელთან. 1568 წელს ლევან I დადიანმა თავად ლიპარიტიანთან ერთად იმერეთთის მეფეზე გაილაშქრა. იანეთთან ბრძოლაში იმერეთის მეფე დაამარცხა დადიანი. ლევან დადიანი ოსმალეთში გაიქცა. ომსლაეთის სულთანმა მას მიაშველა ტრაპიზნის და ერზურუმის საფაშოების ჯარი და 9 ხომალდი. გურიელმა და დადიანმა იმერეთის მეფეს წაართვეს საჯავახო და შუაზე გაიყვეს.[1]
გიორგი II-ის შემდეგ იმერეთის მეფე გახდა მისი მცირეწლოვანი შვილი ლევანი. ლევანს ტახტს ეცილებოდა ბიძა კონსტანტინე ბატონიშვილი. ლევანმა ოდიშის მთავარ მამია IV დადიანის დახმარებით შეინარჩნა ტახტი. 1588-1590 წლებში ქართლის მეფე სიმონ I-მა სამჯერ სცადა იმერეთის დაკავება, მაგრამ უშედეგოდ. ლევანმს დაუპირისპირდა ყოფილი მოკავშირე მამია IV დადიანი, რომელმაც ლევანი შეიპყრო და შხეფის ციხეში გამოკეტა. დადიანის მხარდაჭერით იმერეთის მეფე გახდა როსტომი. იმერელ თავადთა ერთი ნაწილის დახმარებით გიორგი II გურიელმა როსტომი ჩამოაგდო და ბაგრატ თეიმურაზის ძე გაამეფა. როსტომმა ტახტი დაიბრუნა მანუჩარ I დადიანის დახმარებით. დადიანის დახმარებით როსტომმა ტახტი შეინარჩუნა ქართლის მეფე სიმონ I-თან ბრძოლაშიც.
1535 წელს სამცხეს დაეუფლა იმერეთის მეფე ბაგრატ III. 1545 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთანმა სულეიმან I-მა ბაგრატის წინააღმდეგ გაგზავნა ერზურუმის მმართველი მუსა ფაშა. ბაგრატმა დახმარება გურიელსა და დადიანს თხოვა. დადიანი ბაგრატს არ დაეხმარა. ლევან I დადიანი იმერეთის მეფეზე განაწყენებული იყო, რადგან მან გურიის სამთავროს გადასცა აჭარა და ჭანეთი. მაგრატთან გამოცხადდა როსტომ გურიელი. იმერეთისა და გურიის გაერიანებულმა ჯარმა ქარაღაქის ბრძოლაში დაამარცხეს ოსმალები და მათი ზარბაზნები ჩაიგდეს ხელში. სულეიმან I-მა უფრო დიდი ჯარი გაგზავნა ბაგრატ III-ის წინააღმდეგ. ბაგრატ III-ს ამჯერად ქართლის მეფე ლუარსაბ I-ც შეუერთდა. სოხოისტის ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს. ოსმალებმა დაიკავეს სამცხე. ქართლის სამეფოს დარჩა ჯავახეთი. სამცხის ათაბაგმა ქაიხოსრო II-მ დახმარებისთვის და ქართლისთვის ჯავახეთის წართმევისთვის ირანს მიმართა. შაჰ თამაზმა 1547 წელს ილაშქრა ჯავახეთსა და ქვემო ქართლი. 1549 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ოსმალებმა სამცხეში 25 ციხე აიღეს, 1550 წლისთვის მათ მთლიანად დაიპყრეს ტაო.
ამასიის ზავის მიხედვით სამცხე საათაბაგო ოსმალეთსა და ირანს შორის იქნა გაყოფილი. სამცხის დასავლეთი ნაწილი ოსმალეთს ერგო აღმოსავლეთი კი ირანს. 1578 წელს ოსმალეთმა ახალი ომი წამოიწყო ირანის წიააღმდეგ. ოსმალეთის არმიას სარდლობდა მუსტაფა ლალა-ფაშა. სამცხე-საათაბაგოში შიდა დაპირისპირება მიმდინარეობდა ყვარყვარე IV-სა და მანუჩარ II-ს შორის. მუსტაფა ლალა-ფაშა მანუჩარს დაპირდა ტახტზე დასმას, თუ ის ოსმალეთის მხარეს დაიჭერდა. 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს ირანელები და მათთან ერთად მეომარი ქართლელები. მანუჩარ II 6-ათასიანი ლაშქრით შორიახლო იდგა და გამარჯვებულის გამოვლენას ელოდა. ოსმალეთის გამარჯვების შემდეგ მას ათაბაგობა მაინც არ მისცეს და ხახულის სანჯაყი მისცეს საგამგებლოდ. ამის შემდეგ მუსტაფა ლალა-ფაშა მიადგა ახალციხეს. მას მორჩილება გამოუცხადეს ყვარყვარე IV-მ და მისმა დედამ დედდისიმედმა.
1579 წელს სულთნის ბრძანებით საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ახალციხის საფაშო. ფაშად დაინიშნა გამაჰმადიანებული მანუჩარ II დაინიშნა. 1582 წელს მანუჩარი კვლავ გაქრისტიანდა და აჯანყება მოაწყო. ერთი წლის შემდეგ მან ცოლად შეირთო ქართლის მეფის სიმონ I-ის ასული ელენე. ამით მან განამტკიცა კავშირი ქართლის საამეფოსთან. 1587 წელს მანუჩარის წინააღმდეგ ოსმალთა დიდი ჯარი დაიძრა ფერჰად-ფაშას მეთაურობით. ოსმალებმა ახალციხე აიღეს. შალიკაშვილები და ზოგიერთი სხვა თავადი ოსმალებს მიემხრნენ. 1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავით მთელი კავკასია ოსმალებს ერგო. 1595 წელს ოსმალეთმა აღწერა მთელი სამცხე-საათაბაგო და შეადგინა აღწერის წიგნი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. მასში აღწერილია 1160 სოფელი. ახალციხის საფაშოში დაინერგა მიწათმოქმედების ოსმალური სისტემა. მიწა შეიძლებოდა ჰქონოდა იმას ვინც მუსლიმი იქნებოდა და სულთანის სამსახურში ჩადგებოდა. დაიწყო საქართველოს ამ მხარის ისლამიზაცია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.