საქართველოს სახელმწიფო გერბი
საქართველოს გერბი / From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სახელმწიფო გერბი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 10 ოქტომბრიდან (მიღებულია პარლამენტის მიერ და ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის 1 ოქტომბერს)[1][2]. სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის (სახალხო, თუ საპარლამენტო) შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა გიორგის ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე[3]. 2004-2005 წწ ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო, დღევანდელი სახით, რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებებით დაამტკიცა[4].
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „საქართველოს სახელმწიფო გერბი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. საქართველოს სახელმწიფო გერბი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
საქართველოს სახელმწიფო გერბი | |
---|---|
საქართველოს სახელმწიფო გერბი მიღებული 2004 წელს | |
ვერსიები | |
მცირე სახელმწიფო გერბი | |
დეტალები | |
დამტკიცდა | 1 ოქტომბერი, 2004 |
გვირგვინი | ივერიული (ქართული) გვირგვინი |
ფარი | მეწამული, ზედ ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი |
ფარმჭერები | ორი ოქროს ლომი |
დაფუძნება | ვაზის სტილიზებული ორნამენტი, საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა |
დევიზი |
„ძალა ერთობაშია“ (ქართული მხედრული ანბანით) |
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორგანული კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობა, მისი გამოსახვის ფორმები, გამოყენების სფერო, გამოყენებისა და დაცვის წესი, ასევე შექმნილია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით, ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.