სამნაწილიანი ნისლეული
ნისლეული მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით / From Wikipedia, the free encyclopedia
სამნაწილიანი ნისლეული (კატალოგში მესიე 20, M20 და NGC 6514) — H II რეგიონი მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. 1764 წლის 5 ივნისს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ.[1] ობიექტი წარმოადგენს ღია ვარსკვლავთგროვების, ემისიონური ნისლეულის (ქვედა წითელი ნაწილი), ამრეკლავი ნისლეულისა (ზედა ლურჯი ნაწილი) და ბნელი ნისლეულის უჩვეულო კომბინაციას. სამნაწილიანი ნისლეული კაშკაშა და უჩვეულო ობიექტია, კარგად ჩანს პატარა ტელესკოპებშიც, რის გამოც, საკმაოდ პოპულარულია მოყვარულ ასტრონომებში.[2]
სამნაწილიანი ნისლეული ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონია ირმის ნახტომის ფარი-კენტავრის სპირალურ მკლავში.[3] ამ რეგიონში წარმოქმნილი ყველაზე მასიური ვარსკვლავია HD 164492A — O-ტიპის ვარსკვლავი, რომელიც მზეზე 20-ჯერ მასიურია.[4] ამ ვარსკვლავს გარს აკრავს დაახლოებით 3100 ახალგაზრდა ვარსკვლავისგან შემდგარი გროვა.[5]