From Wikipedia, the free encyclopedia
სამანტა ფაუერი, ინგლ.Samantha Jane Power (დ.1970 წ.) - ირლანდიელი წარმოშობის ამერიკელი დიპლომატი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში 2013-17 წწ.
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას სამანტა პაუერი (განხილვა). |
სამანტა ფაუერი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 სექტემბერი 1970 დუბლინი, ირლანდია |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ლექტორი, დიპლომატი |
მეუღლე(ები) | კას სანშტაინი |
შვილ(ებ)ი | დეკლანი, რაიანი |
სამანტა ფაუერი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის მახლობლად დაიბადა. ცხრა წლის ასაკში ოჯახთან ერთად იგი ემიგრაციაში აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ჯერ პითსბურგში და შემდეგ ატლანტაში დასახლდა. 14 წლის ასაკში მას მამა გარდაეცვალა ალკოჰოლით გამოწვეული გართულებების შედეგად.[1]
სამანტამ სკოლა ჯორჯიის შტატში დაამთავრა. მას საკუთარი მომავალი სპორტულ ჟურნალისტიკაში წარმოედგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც "სი-ბი-ეს სპორტში" სტაჟირებისას იხილა პეკინში 1989 წლის 4 ივნისს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დაუმონტაჟებელი ვიდეო-კადრები, ინტერესი საგარეო პოლიტიკის მიმართ გაუძლიერდა. 1992 წელს მან დაამთავრა პრესტიჟული იელის უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განხრით.
1993-96 წლებში ფაუერი ჟურნალისტის რანგში აშუქებდა შეიარაღებულ კონფლიქტებს ბოსნიაში, ზიმბაბვეში, სუდანში, კოსოვოში, რუანდაში და აღმ.ტიმორში ოთხი სხვადასხვა მედია საშუალებისთვის, მათ შორის ჟურნალ "ეკონომისტისთვის". ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. [2]
1998-2002 წწ. ფაუერი უნივერსიტეტთან არსებული ჯონ კენედის სახელობის სასწავლებლის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. იგი შეუდგა კვლევების გამოქვეყნებას, მათ შორის გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას, კერძოდ, თანამედროვე ეპოქაში გენოციდის საკითხს ეხებოდა. ფაუერი ამტკიცებდა, რომ ჰოლოკოსტის, იუგოსლავიის ომების და სხვა ტრაგედიების მაგალითზე ადამიანის უფლებათა დაცვა ქვეყნების სუვერენიტეტზე მნიშვნელოვანია, რაც ჰუმანიტარული მიზეზით სამხედრო ჩარევას აუცილებელს ხდის განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი რაოდენობით ხალხის სიცოცხლეს საშიშროება ემუქრება. იგივე ლაიტმოტივით არის გამსჭვალული მისი მეორე წიგნი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ გამოიცა.[3]
ფაუერმა იმდენად გაითქვა სახელი, რომ ჟურნალმა "თაიმმა" 2004 წელს ის აშშ-ს ყველაზე გამოჩენილ მკვლევართა ასეულში შეიყვანა.
მომდევნო წელს ილინოისის შტატის სენატორთან ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ სამანტა საგარეო პოლიტიკის სფეროში მისი უფროსი მრჩეველი გახდა.
ფაუერი შეუერთდა მომავალი პრეზიდენტის მხარდამჭერ ჯგუფს, შემდეგ კი - მის საპრეზიდენტო კამპანიას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტის სახით. ობამას გამარჯვების შემდეგ ის სახელმწიფო დეპარტამენტის განხრით ხელისუფლების გადაბარებაზე პასუხისმგებელ პირთა ჯგუფში დაინიშნა.
2009 წელს სამანტა ფაუერმა თეთრ სახლში გადაინაცვლა, სადაც ეროვნული უშიშროების საბჭოში დაიკავა ადამიანის უფლებებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი. მისი მეთაურობით შემუშავდა ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენციის და მასზე პასუხისმგებელი პირების დევნის სტრატეგია. საკუთარი მყარი შეხედულებებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული საჭიროების მოტივით ფაუერმა მხარი დაუჭირა ლიბიაში და სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას. ობამას მმართველობის მეორე ვადის დასაწყისში, 2013 წლის თებერვალში, იგი დაინიშნა გაეროში აშშ-ს მუდმივ წარმომადგენლად.[4]
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ობამას საგარეო-პოლიტიკურ გუნდს არაერთი აქტუალური საერთაშორისო თავსატეხი გააჩნდა, განსაკუთრებით ტერორიზმის თვალსაზრისით და რუსეთთან დაკავშირებით. სამანტა ფაუერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ადმინისტრაციის წარმატებად ჩაითვალა ჩრდ.კორეის წინააღმდეგ მიღებული სანქციების შემოღება, ირანთან ბირთვულ სფეროში მიღწეული შეთანხმება, კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, "ისლამური სახელმწიფოს" ლიკვიდაციისკენ მიმართული სამხედრო კამპანია, მაგრამ სირიასთან თუ უკრაინასთან მიმართებაში პროცესები მისთვის საკმაოდ არასასურველი მიმართულებით განვითარდა.
სამანტა ფაუერი ხშირად მონაწილეობას იღებდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე მძაფრ პოლემიკაში რუსეთის წარმომადგენელთან ვიტალი ჩურკინთან. თანამდებობის დატოვებამდე მცირე ხნით ადრე მან "ატლანტიკურ საბჭოში" გამოსვლისას კრემლის საგარეო პოლიტიკა დაახასიათა, როგორც თავდასხმა მსოფლიო წესრიგზე ქაოსის დათესვის მიზნით, ხოლო რუსული ავიაციის მიერ სირიაში სკოლების, საავადმყოფოების და ჰუმანიტარული დახმარების კოლონების დაბომბვას ბარბაროსობა უწოდა.
2017 წლის აპრილში სამანტა ფაუერი დაუბრუნდა ჰარვარდის უნივერსიტეტში ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას.[5] სხვა საინტერესო პროექტებში მონაწილეობის გარდა, მან აგრეთვე, მუშაობა დაასრულა მეოთხე წიგნის გამოცემაზე.
2021 წლის იანვარში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მან სამანტა ფაუერი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელად შეარჩია. [6]
2003 წელს დაწერილი წიგნის გამო მიენიჭა პულიცერის პრემია.
Foreign Policy-მ მსოფლიოს ას მოაზროვნეს შორის შეიყვანა, თაიმმა კი ორჯერ დაასახელა იგი 100 ყველაზე გავლენიან პირთა შორის. [7]
"საგარეო საკითხებში ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი მოაზროვნე". ბარაქ ობამა
ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს სამანტა შეხვდა სამართალმცოდნე კას სანშტეინს, რომელზეც იქორწინა 2008 წელს. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.