რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი
From Wikipedia, the free encyclopedia
„რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“ (რუს. Русский военный корабль, иди на хуй) — უკრაინელი სამხედროების პასუხი რუსული სამხედრო ხომალდის მოთხოვნაზე, რომელმაც დანებება მოსთხოვა მათ, კუნძულ ზმეინიზე შეტევისას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს.
24 თებერვალს, რუსული სამხედრო ხომალდი მიუახლოვდა შავ ზღვაში მდებარე უკრაინულ კუნძულ ზმეინის და უკრაინელ სამხედროებს იდენტიფიცირების გარეშე ორჯერ შესთავაზა დანებება: „მე რუსეთის სამხედრო გემი ვარ. გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად დაგვნებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიბომბებით“.[1]
პასუხად უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს: „რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“.
საღამოს გამოსვლაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მესაზღვრე, ვინც კუნძულს იცავდა, დაიღუპა: „ჩვენს კუნძულზე, რომელსაც ბოლომდე იცავდნენ, ყველა ჩვენი მესაზღვრე გმირულად დაიღუპა. თუმცა, არ დანებდნენ. ყველა მათგანს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭება. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე უკრაინისთვის გაწირა“.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/%D0%A0%D1%83%D1%81%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%B2%D0%BE%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D1%80%D0%B0%D0%B1%D0%BB%D1%8C.jpg/640px-%D0%A0%D1%83%D1%81%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%B2%D0%BE%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D1%80%D0%B0%D0%B1%D0%BB%D1%8C.jpg)
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მესაზღვრისგან შემდგარი გარნიზონი მთლიანად განადგურდა.[2] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით კი 82 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩაბარდა.[3]
შემდგომში ცნობილი გახდა, რომ კუნძულზე იერიში სამხედრო კრეისერმა „მოსკოვმა“ და საპატრულო ხომალდმა „ვასილი ბიკოვმა“ მიიტანა.[4]