რობერტ შილერი
ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ შილერი (ინგლ. Robert James "Bob" Shiller, დ. 29 მარტი 1946, დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ[12]) — ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტი, ეკონომიკის შესახებ არსებული მრავალი წიგნის ავტორი. MacroMarkets LLC-ის მთავარი ეკონომისტი. ამჟამად არის სტერლინგის პროფესორი ეკონომიკის დარგში და ასწავლის იელის უნივერსიტეტში. ასევე არის იელის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ფინანსების განხრით იელის მენეჯმენტის სკოლაში. 2013 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკაში.
ცნობილია თავისი მოღვაწეობით აქტივების ფასების თეორიაში. წიგნის „ირაციონალური სწრაფი ზრდა“ (Irrational Exuberance) ორ სხვადასხვა გამოცემაში სწორად იწინასწარმეტყველა და აღწერა თავდაპირველად ე.წ. „დოტკომ ბუშტი“ (dot-com bubble), ხოლო შემდგომ – უძრავი ქონების ბუშტი. 2000 წლის გამოცემაში მან ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ სააქციო ბაზრები გადაფასებული იყო და ბუშტის გასკდომა უახლოეს მომავალში გარდაუვალი იქნებოდა – რაც მოხდა კიდეც წიგნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში. 2005 წლის გამოცემაში ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ აშშ-ში ბევრგან მედიანური შემოსავალი 6–9-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე უძრავი ქონების მედიანური ფასები, ხოლო უძრავი ქონების ინფლაციაზე კორექტირებული ფასების ამონაგები წელიწადში 1%-ზე ნაკლები იყო. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მან იწინასწარმეტყველა უძრავი ქონების ბუშტის სწრაფი გასკდომა. 2007-2008 წლებში ასეც მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ტრიგერის როლი ითამაშა 2008- 2009 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისში. შილერის ნაშრომები მოიცავს მრავალ თემას ბიჰევიერისტული ფინანსებიდან რისკმენჯმენტამდე. ის დღევანდელობის 100 ყველაზე გავლენიანი ეკონომისტის რიცხვში შედის.[13]