საბჭოთა და რუსი ფიზიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ჟორეს ივანეს ძე ალფეროვი (რუს. Жоре́с Ива́нович Алфёров, ბელარ. Жарэс Іва́навіч Алфёраў დ. 15 მარტი, 1930, ვიტებსკი, სსრკ — გ. 1 მარტი, 2019, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — საბჭოთა რუსი ფიზიკოსი, რუსეთის ერთადერთი ცოცხალი ნობელიანტი (2000 წ.). ფიზიკაში მიიღო ნობელის პრემია ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების განვითარებისათვის და სწრაფი ოპტიკური და მიკროელექტრონული კომპონენტების შექმისათვის), არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი (2004 წლიდან), ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი (2011 წლიდან). მისმა გამოკვლევებმა დიდი როლი შეასრულა ინფორმატიკის მეცნიერების განვითარებაში. იყო სახელმწიფო დუმის დეპუტატი, 2002 წ. გამოვიდა ინიციატივით, რომ დაარსებულიყო პრემია „გლობალური ენერგია“, 2006 წლამდე მეთაურობდა საერთაშორისო კომიტეტს ამ პრემიის მინიჭების საკითხში. დღემდე მუშაობს ახალი აკადემიური უნივერსიტეტის რექტორად. იგი ასევე ითვლება რუს პოლიტიკოსად და 1995 წლიდან არის რუსეთის სახელმწიფოს პარლამენტის, დუმას წევრი. მოგვიანებით იგი გახდა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი წევრი.
დაიბადა ივანე კარპის ძე ალფეროვისა და ანა ვლადიმერის ასულ როზენბლიუმის ბელორუსულ-ებრაულ ოჯახში. მომავალი მეცნიერის მამა დაიბადა ჩაშნიკებში, ხოლო დედა — პატარა ადგილმდებარეობაზე, სახელად კრაისკი (ახლა მდებარეობს მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონში). [26] სახელი მომავალმა მეცნიერმა ფრანგი სოციალისტის, ჟან ჟორესის პატივსაცემად მიიღო, ხოლო მისმა უფროსმა ძმამ — კარლ მარქსის პატივსაცემად.[27] ომამდელი წლები გაატარა სტალინგრადში, ნოვოსიბირსკში, ბარნაულსა და სიასრტოეში.
მეორე მსოფლიო ომის ალფიოროვების ოჯახი გადასახლდა ტურინსკში (სვერდლოვსკის ოლქი), სადაც მამამისი მუშაობდა ცელულოზისა და ქაღალდის ქარხნის დირექტორად, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ ოჯახი დაბრუნდა ომისგან დანგრეულ მინსკში. უფროსი ძმა — მარქს ივანეს ძე ალფეროვი (1924–1944) ფრონტზე დაიღუპა. ჟორესმა ოქროს მედალზე დაამთავრა მინსკის 42-ე საშუალო სკოლა და ფიზიკის მასწავლებლის, იაკობ ბორისის ძე მელცერზონის რჩევით გაემგზავრა ლენინგრადში, ლენინგრადის ლენინის სახ. ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად, სადაც უგამოცდოდ იქნა მიღებული.
1953 წლიდან მუშაობდა ა. ფ. იოფეს სახ. ფიზიკურ-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ვ. მ. ტუჩკევიჩის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო და მონაწილეობას იღებდა პირველი საბჭოთა ტრანზისტორებისა და ძალური გერმანიუმიანი მოწყობილობების შემუშავებაში. 1961 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ფიზიკურ-მათემატიკურ მეცნიერებებში). 1970 ალფიოროვმა სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა, რითაც განაზოგადა ნახევარგამტარებში ჰეტეროგადასვლების კვლევების ახალი ეტაპი. 1972 წელს ალფეროვი გახდა პროფესორი, ხოლო 1 წლის შემდეგ — ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ოპტო-ელექტრონიკის საბაზისო კათედრის გამგე. 1990 წლების დასაწყისიდან ალფეროვი იკვლევდა ნანოსტრუქტურების თვისებებს: კვანტურ მავთულებსა და კვანტურ წერტილებს. 1987 წლიდან 2003 წლის მაისამდე მუშაობდა ა. ფ. იოფეს სახელობის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 2003 წლის მაისიდან 2006 წლის ივლისამდე — სამეცნიერო ხელმძღვანელად. 1988 წლიდან (დაფუძნების მომენტიდან) არის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკურ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი.
1990–1991 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ლენინგრადის სამეცნიერო ცენტრის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 2003 წლიდან — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსის „სანქტ-პეტერბურგის ფიზიკურ-ტექნიკური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის“ თავმჯდომარე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979 წლიდან), შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა, აგრეთვე, განათლების რუსული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; რუსეთის მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სანქტ-პეტერბურგის სამეცნიერო ცენტრის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, რედაქტორი „წერილებისა ტექნიკური ფიზიკის ჟურნალისადმი“.
ჰერმან გრიმეისმა, შვედეთის სამეფო აკადემიის წევრმა, რომელიც გასცემს ნობელის პრემიებს, მისი ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოთქვა სიტყვები: „ალფეროვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სატელიტებიდან მთელი ინფორმაციის გამოგზავნა დედამიწაზე და ქალაქებს შორის ასე ბევრი სატელეფონო კავშირის დამყარება“. [28]
1962 წლიდან ჟორეს ალფეროვი მუშაობდა ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების კვლევის სფეროში. თანამედროვე ჰეტეროსტრუქტურული ფიზიკისა და ელექტრონიკის შექმნაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო წვლილი, რომელიც მან შეიტანა ნახევარგამტარული ჰეტეროსტრუქტურების ფიზიკისა და ტექნოლოგიის კვლევაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საინექციო თვისებებისა და ეპიტაქსიის პროცესების კვლევა, ლაზერების, მზის ელემენტებისა და შუქმფრქვევი დიოდების განვითარება.
მუშაობდა ჟურნალის „ნახევარგამტარების ფიზიკა და ტექნიკის“ რედაქტორად, ჟურნალის „ზედაპირი: ფიზიკა, ქიმია, მექანიკა“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, ჟურნალის „ნაუკა ი ჟიზნის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად. იყო რსფსრ საზოგადოება „ცოდნის“ მმართველობის წევრი.
2010 წლის 5 აპრილს გამოცხადებული იქნა იმის შესახებ, რომ ალფეროვი დანიშნული იქნა სკოლკოვოს საინოვაციო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელად.
2010 წლიდან მუშაობს ფონდ „სკოლკოვოს“ საკონსულტაციო სამეცნიერო საბჭოს თანათავმჯდომარედ. ავტორია ხუთასზე მეტი სამეცნიერო შრომისა, სამი მონოგრაფიისა და ორმოცდაათი გამოგონებისა.
იგი თითქმის მესიანური კონცეფციას გამოხატავდა ჰეტეროსტრუქტურების სფეროში, როდესაც წერდა: „ამ ღირსშესანიშნავ წინსვლაში ბევრმა მეცნიერმა შეიტანა თავიანთი წვლილი; ეს წინსვლა არა მარტო დიდწილად განაპირობებს მყარი სხეულების ფიზიკის მომავალ განვითარებას, არამედ, გარკვეული აზრით, საერთოდ კაცობრიობის მომავალსაც“.[29]
1944 — გახდა კომკავშირელი; 1965 — კპარტიის წევრი. 1989–1992 — სსრკ სახალხო დეპუტატი. 1995–1999 — მეორე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი მოძრაობიდან „ჩვენი სახლი — რუსეთი“, ამავე დუმაში მეცნიერებათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, 1998 წლიდან — დეპუტატთა ჯგუფის „ნაროდოვლასტიეს“ წევრი. 1999–2003 წლებში — მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისაგან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. თუმცა კი, იგი არაა კომუნისტური პარტიის წევრი.[30]
2003–2007 — მეოთხე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისაგან, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. 2007–2011 — მეხუთე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისაგან, მეცნიერებისა და მეცნიერება-ტევადი ტექნოლოგიების კომიტეტის წევრი. ყველაზე უხუცესი დეპუტატი ამჯერად. 2011 წლიდან არის მეექვსე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რადიოგაზეთის „სლოვოს“ სარედაქციო საბჭოს წევრი, ჟურნალ „ნანოტექნოლოგიები; ეკოლოგია; წარმოების“ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.
2010 წლის 4 ოქტომბერს ალექსეი კონდაუროვმა და ანდრეი პიონტიკოვსკიმ გამოაქვეყნეს საიტზე გრანი.რუ შემდეგი სტატია: „როგორ მოვერიოთ კლეპტოკრატიას“, სადაც მათ წამოაყენეს წინადადება, პრეზიდენტად აერჩიათ კომუნისტური პარტიის კანდიდატი, რომელიმე რუსი უხუცესი. მათს მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს შორის იყვნენ ვიქტორ გერაშჩენკო, იური რიჟოვი და ჟორეს ალფეროვი.
10 აკადემიკოსის მიერ კლერიკალიზაციის წინააღმდეგ პუტინისადმი მიწერილი წერილის ერთ-ერთი თანაავტორი.
გამოდის სკოლებში შემდეგი საგნის სწავლების წინააღმდეგ: „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები“.
დააარსა განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის ფონდი ნიჭიერი ახალგაზრდობის დასახმარებლად. პირველი შენატანი ამ ფონდში მან თავისი ნობელის პრემიის თანხიდან ჩადო.
ალფეროვი მსახურობს CRDF Global-ის მრჩეველთა საბჭოში.[31]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.