![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f5/PersepolisMap.png/640px-PersepolisMap.png&w=640&q=50)
პერსეპოლისი
From Wikipedia, the free encyclopedia
პერსეპოლისი (ბერძნ. Persepolis – „სპარსელთა ქალაქი“; სპარს. تخت جمشید/پارسه, თახთე-ჯემშიდი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩეჰელ მინარი) — სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქი. მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალაქ შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ირანის ფარსის პროვინციაში. დააარსა დარიოს I-მა. აქემენიდების სამეფო ქალაქი, სადაც ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა, ფიქრობენ იგი წმინდა ქალაქი იყო, სადაც უბრალო მოკვდავთ შესვლა ეკრძალებოდათ. თავის მნიშვნელობას პერსეპოლისი სასანიანთა დროსაც ინარჩუნებდა, რაზედაც მეტყველებს ნაყშე-როსთამის კლდეებზე ამოკვეთილი მრავალი რელიეფი. ძვ. წ. 330 წელს პერსეპოლისი ალექსანდრე მაკედონელმა აიღო და გადაწვა.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერსეპოლისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f5/PersepolisMap.png/320px-PersepolisMap.png)
პერსეპოლისის ძეგლთა კომპლექსი აქემენიდური ხელოვნების და არქიტექტურის გვიანდელ სტილს ასახავს. თეთრი ქვებით ნაგებ ბაქანზე გალავნით გარშემორტყმული სასახლის – აპადანას – ნაშთია. მაღალი, თხელი სვეტნარების რიგი ოდესღაც საზეიმო დარბაზებს ამშვენებდა. სვეტის კაპიტელად ხარის თავია. შენობებს სწორკუთხედის ფორმა აქვს. სასახლის დასავლეთით ქალაქის ნანგრევებია. სასახლის კომპლექსის უკან კლდეში გამოკვეთილია აქემენიდთა უკანასკნელი მეფეების აკლდამები; დარიოსი, ქსერქსე და სხვა ორი მეფე დაკრძალულია იქვე, ნაყშე-როსთამში.
პერსეპოლისში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დეკორატიული დანიშნულების სკულპტურული ქვის რელიეფებს. შემორჩენილია სასანური მრგვალი ქალაქის დარაბგერდის ნაშთი, ქ. ისტახრის ნანგრევები (დააარსეს აქემენიანებმა, გაუკაცრიელდა X საუკუნეში); V ათასწლეულის ნამოსახლარის - თალი-ბაქუნის ნაშთები. მრავლად არის აღმოჩენილი აქემენიდი მეფეების წარწერები და ათასობით თიხის ფირფიტა ელამური ტექსტებით.