From Wikipedia, the free encyclopedia
პაველ გრუდინინი (რუს. Па́вел Никола́евич Груди́нин; დ. 20 ოქტომბერი, 1960, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი, ინჟინერ-მექანიკოსი, იურისტი, მეწარმე. საქალაქო ტიპის დასახლება ვიდნოეს დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარე.
„ლენინის სახელობის საერთო მეურნეობის“ დირექტორი 1995 წლიდან. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატი; დაიკავა მეორე ადგილი ხმათა 11.77 პროცენტით.[1] გადამდგარი ოფიცერი.[2]
ნახევარი წლის განმავლობაში, კომუნისტური პარტია და მუდმივად მოქმედი „რუსეთის ეროვნულ-პატრიოტული ძალების ყრილობას“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და შესაძლო კანდიდატებზე. ძალების ყრილობამ შესაძლო კანდიდატად ხუთი ადამიანი დაასახელა. მემარცხენე ძალებიდან ერთიანი კანდიდატის ასარჩევად ჩატარებულ ინტერნეტ-პრაიმერში (ორგანიზებული „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორის, ალექსეი უდალცოვის ძალისხმევით) მეორე ტურში გაიმარჯვა პავლე გრუდინინმა, მეორე ადგილზე გავიდა იური ბოლდიროვი.[3][4] დანარჩენი კანდიდატები იყვნენ სერგეი გლაზევი, სერგეი პრილეპინი, ვალერი რაშკინი, კონსტანტინ სემიონი, სერგეი შარგუნოვი, მიხეილ პოპოვი და მაქსიმ შევჩენკო.[5] 2017 წლის 22 დეკემბერს, რუსეთის ეროვნულ-პატრიოტული ძალების მეორე ყრილობამ იური ბოლდირევი პრეზიდენტობის, ხოლო გრუდინინი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.[6] 23 დეკემბერს რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ გრუდინინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა (303 დელეგატმა მას მხარი დაუჭირა, 11-მა არა).[7] ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა კომპარტიის წევრებისთვის. პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა თავად წარადგინა გრუდინინის კანდიდატურა, რომელიც მოგვიანებით პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმაც მოიწონა. ამის შემდეგ, ზიუგანოვი სათავეში ჩაუდგა გრუდინინის საარჩევნო შტაბს.[8][9] საპრეზიდენტო პროგრამად გრუდინინს ჰქონდა „20 ნაბიჯის პროგრამა“.
პარტიის მიერ მის კანდიდატად გამოცხადების შემდეგ, გრუდინინმა დაიწყო მონაწილეობა სხვადასხვა ტელეგადაცემებში უმთავრეს ფედერალურ ტელეარხებზე. გადაცემაში „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ მან პირველად ჩაატარა დებატები საპრეზიდენტო არჩევნების სხვა მონაწილესთან, კერძოდ კი ვლადიმერ ჟირინოვსკისთან.[10]
2018 წლის 12 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა გრუდინინი პრეზიდენტობის კანდიდატად.[11]
19 იანვარს გრუდინინმა დაიწყო ვიზიტების სერია რეგიონებში; იგი აპირებდა ყველა ფედერალურ ოლქში ფედერაციის 10-15 სუბიექტში მაინც ჩასულიყო.[12]
2018 წლის 14 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 34 პროცენტმა იცოდა, ვინ იყო გრუდინინი. 15% მის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, ხოლო 3% უარყოფითად. 21 იანვრის გამოკითხვაში დადებითად იყო განწყობილი 11%, უარყოფითად კი 6%. რუსეთის პოლიტიკური კულტურუის გამოკვლევის ცენტრის გამოკითხვის თანახმად, 2018 წლის 25 იანვარს, გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 11% ხმას მისცემდა გრუდინინს, არჩევნები რომ შემდეგ დღს ყოფილიყო.[13]
„ლენინის სახელობის საერთო მეურნეობის“ შემოსავალი, „როსსტატის“ მთავარი რეგიონათშორისი ცენტრის თანახმად, 2014-2015 წლებში იყო 2,3 მილიარდი რუსული რუბლი. ასევე, 2014-2017 წლებში სახელმწიფო კონტრაქტების თანხა გაიზარდა 3,6 მილიონი რუბლიდან 57,9 მილიონამდე.[14]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, გრუდინინის შემოსავალი, პრეზიდენტის არჩევნებამდე 6 წლით ადრე, იყო 157 მილიონ რუბლზე მეტი, იმ მომენტისთვის კი მას ანგარიშებზე ჰქონდა 6 მილიონი რუბლი. გარდა ამისა, 2018 წლის 12 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კომპარტიის კანდიდატმა პაველ გრუდინინმა მოიშორა უცხოურ ბანკებში არსებული რამდენიმე ანგარიშით. 2016 წელს, მოსკოვის საოლქო დუმას და სახელმწიფო დუმაში არჩევნების დროს, გრუდინინს არ უთქვამს არაფერი თავის ანგარიშებზე უცხოურ ბანკებში.[15][16][17][18] კომპარტიაში განაცხადეს, რომ გრუდინინს 2017 წლის იანვარ-დეკემბერში გახსნილი ანგარიშებზე (რომელიც, მათი თქმით, იყო მისი ავადმყოფი ნათესავების სამკურნალოდ) ჰქონდა 37 მილიონი რუბლი და არა 7,5 მილიარდი, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებდა.[19]
2018 წლის 2 თებერვალს თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ბულაევმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ გრუდინინმა დახურა მისი ორი ანგარიში შვეიცარიის და ავსტრიის ბანკებში.[20][21] 2018 წლის 8 თებერვალს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ აქვს გრუდინინისგან მიღებული ინფორმაცია, რომ მან დახურა თავისი უცხოური ანგარიშები.[22]
მედიის ინფორმაციით, პავლე გრუდინინის შვილმა, ანტონმა და მისმა მეუღლემ, ალევტინამ იყიდეს 54,5 მილიონი რუბლის ღირებულების სახლი ესპანურ ქალაქ სალოუში. გრუდინინმა დაადასტურა, რომ მისმა შვილმა და მეუღლემ ეს სახლი იყიდეს. რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიაში აღნიშნეს, რომ უძრავი ქონების ეს ობიექტი არ არის დეკლარაციაში იმიტომ, რომ არც თვითონ პავლე გრუდინინი, არც მისი მეუღლე და არც მისი სრულწლოვანი შვილები არ არიან სახლის მესაკუთრეები.[23][24]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.