From Wikipedia, the free encyclopedia
ოთხთა ეკლესია — X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ დორთკილისედან 5 კილომეტრის მანძილზე, თურქეთის ტერიტორიაზე. ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.
ოთხთა ეკლესია | |
ოთხთა ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°48′50″ ჩ. გ. 41°28′17″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ართვინის პროვინცია |
მუნიციპალიტეტი | იუსუფელი |
ადგილმდებარეობა | დორთ კილისე |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | გვიანდელი ქართული ბაზილიკა |
თარიღდება | X საუკუნე |
დეტალები | |
აღმოსავლეთ ფასადის გეგმა |
ოთხთა ეკლესია მდებარეობს მდინარე ჭოროხის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფელ დორთკილისესგან 5 კილომეტრში. გეოგრაფიული კოორდინატები N40,814065° E41,471158°. ეკლესია მდებარეობს 1 350 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სამკუთხა ბაქანზე. მონასტერი შედგება ოთხი ნაგებობისგან - უზარმაზარი ბაზილიკა, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია ორსართულიანი სამარხი ეგვტერი, სატრაპეზო დასავლეთით, ორნავიანი დარბაზი ჩრდილო-დასავლეთით, სადაც იყო განთავსებული სემინარია და სკრიპტორიუმი. მდინარე ჭოროხის მეორე მხარეზე, მონასტრის დასავლეთით 150 მეტრის მანძილზე მდებარეობს სამლოცველოსა და ორსართულიანი კამაროვანი ნაგებობის ნაშთები. ეს ნაშთები ექვთიმე თაყაიშვილისა და ვახტანგ ჯობაძეს მოსაზრებით ბერთა კრებულის სამყოფელი იყო.[1]
ოთხთა ეკლესია პროპორციებით განსხვავდება ძველი ბაზილიკებისაგან (როგორებიცაა ბოლნისის სიონი და ურბნისის სიონი).[2]
აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთები ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვაყორით, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო. ბაზილიკის გვერდით მონასტრის სატრაპეზო და დიდი სამნავიანი შენობაა (როგორც ფიქრობენ, სემინარია). აქვეა მცირე ზომის სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხია მოთავსებული.[2]
მონასტრის მთავარი ნაგებობა არის სამნავიანი ბაზილიკა. მისი გარეთა სიგრძეა 28.46 მეტრი, სიგანე 18.60 მეტრი. ეკლესიის სიმაღლე 22.07 მეტრია. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. შესასვლელების სიმაღლე 3.74 მეტრია, ხოლო სიგანე 1.87 მეტრს შეადგენს. გარედან ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ტუფის ქვებით, რომლებიც სწორ რიგებათაა დალაგებული და რომელთა შორის არ არის დატოვებული ნაპრალი. ტლანქად ნათალი ტუფი აგურთან და რიყის ქვებთან ერთად ასევე გამოყენებულია შიდა წყობისთვის. ეკლესიის პილასტრები სუფთად თლილი ქვებისგან შედგება, ხოლო გულში გვხვდება ტუფის ერთგვაროვანი ხსნარი აგურის ნატეხებითა და ხრეშის მინარევებით.[1]
ეკლესიის სამხრეთი და დასავლეთი კედლები დაფარულია ორმეტრიანი ჩამოსული ქანებით, რის გამოც საძირკველის სტერეობატი და სტილობატი მხოლოდ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ჩანს. ეკლესიის საძირკველი ორსაფეხურიანია და ნაგებია 0.19 მეტრის სიგანისა და სიმაღლის მქონე თლილი ქვებისგან. 0.50 სიგანის მქონე პილასტრებზე გადაყვანილი კამაროვანი და დეკორაციული თაღების მეშვეობით გარეთა კედლები არის ერთიანად დანაწევრებულია. 1.85 მეტრს შეადგენს სართავი თაღების სიგანე, თუმცა აღსანიშნავია კარების (კარების სიგანე 1.87 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3.75 მეტრი) თაღები, რომლების სიგანე 2.28 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 9.20 მეტრია.[1]
საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკები. საკურთხევლის საკრმელში არსებულ ფრესკაზე სავარაუდოდ წმინდა ელენე ან წმინდა ეკატერინე არის გამოსახული.
ოთხთა ბაზილიკის სამხრეთი კედლის ქვის დიდი ნაწილი მოპარულია. კედლის სისქე 1.03 მეტრია. ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ეკლესიის ორივე ფასადი იყო ერთნაირად აშენებული. ბაზილიკის ორივე ნავში არის ორ სართულად გაჭრილი კედლის თაღები. ეკლესიის სარკმელების სიმაღლე 1.05 მეტრს შეადგენს. სარკმელები ფართოვდებიან გარედან (0.28 მ) შიგნითკენ (0.95 მ). ტაძრის პირველ სართულზე შვიდი სარკმელია, ხოლო მეორეზე - ხუთი. ვახტანგ ჯობაძემ ორ ადგილას აღმოაჩინა წრეების წნულითა და ორმაგი ლენტით დეკორირებული ნახევარწრიული პროფილების ფრაგმენტები.[1]
უკეთესად შემორჩენილ ჩრდილოეთი ფასადის ქვედა რიგების სარკმელებს ახლავთ მონოლითური თაღები. თაღები დამშვენებულია რადიალური ღადებით, ზედ გადაწნული წრეებით, ორმაგ ლენტთან გადაბმული პარალელური წრეებითა და ბატიყელათი. გეომეტრიული სახეებითა და მცენარეებით შემკულია ეკლესიის ჩრდილოეთი ნავის ზედა რიგი. ზედა რიგი დამშვენებულია ექვსფურცელა ვარდულებით, ვაზის მტევნებით, განახევრებული S-ის ყლორტებით, ორლენტიანი წნულით, ტოლმკლავიანი განედლებული ჯვრებით, თევზისფხური სახით და გადაწნული კვადრატებით.[1]
ოთხთა ეკლესია დეკორატიულად უფრო მორთულია ჩრდილოეთ მხარეს. ორფა გრეხილები, ორ და სამმაგი ნაჭდევებით, რომბებით, მაკრატელა და კბილანა სახეებით მორთულია ჩრდილოეთი ფასადი, ხოლო სამხრეთით ფასადის კაპიტლები სადაა. ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ტაძრის მშენებელმა უფრო გაუწია ანგარიში ადგილის ვითარებებს ვიდრე ტრადიციას.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.