ქართველი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე From Wikipedia, the free encyclopedia
ოთარ რევაზის ძე ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1920, ყელქცეული, გორის რაიონი — გ. 13 დეკემბერი, 2007, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1949).
ოთარ ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 ნოემბერი, 1920 |
დაბადების ადგილი | ყელქცეული, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი | 13 დეკემბერი, 2007 (87 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | პრემია „საბა“ |
შვილ(ებ)ი | როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე |
1938 წელს თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან — ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949—1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971—1980 წლებში — უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 1950—1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია და „მნათობის“, „ცისკრის“ და „ლიტერატურული საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი 40-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე.
პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ „ჩვენ თაობაში“. მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი „ჩემი სოფლის ეტიუდები“, რომანის ციკლი „მატიანე ქართლისა“, დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობათა პირველი კრებული „ხელეური“ — 1947, წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით — „ჩემი სოფლის ეტიუდებიდან“ (1959, 1963).
ავტორია რომანების მთელი სერიისა, რომელთა მთავარი პერსონაჟების — გენეტიკური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებიული სამი თაობის ადამიანების — ბედის ჩვენებით შექმნილია XX საუკუნე ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ვრცელი ეპოპეა „ტინისხიდი“, წგნ. I—III, 1950—1955; „ბურუსი“, 1955; „ჯებირი“, 1956; „მეჩეჩი“, 1958; „კვერნაქი“, 1965; „აღმართ-დაღმართი“, 1967; „ლანდები“, 1968; „ბორიაყი“, 1974 (რომანი საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, 1985); „ცხრაწყარო“, 1980; „მთაგრეხილი“, 1984 და სხვა]. ოთარ ჩხეიძეს ეკუთვნის აგრეთვე პიესები „ვისია ვისი“ (დაიდგა 1964), „ძველი რომანსები“ (დაიდგა 1966), „თედორე“ (დაიდგა 1967), „ქეთევან“ (დაიდგა 1970); მონოგრაფიები „ვასილ ბარნოვი“. „რომანი და ისტორია“ (1965, 1976), „იტალიური დღიურები ბაირონისა“ (1976) და სხვა. რომანების ციკლი — არტისტული გადატრიალება, „თეთრი დათვი“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „2001 წელი“, „მორჩილი“ და ბოლო — 22-ე რომანი „ლაზერშოუ“ (2005) გამოხატავს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის შემდგომდროინდელ მოვლენებს. ყოველი მათგანი მოვლენათა ცხელ კვალზე იწერებოდა და ქვეყნდებოდა და მართლაც მხატვრული მატიანე იქნება შთამომავლობისათვის, მატიანე პირუთვნელი თანამედროვისა. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ (2005)და „ილია ჭავჭავაძის“ პრემია (2006).
2005 - „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.