From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოს კაზანძაკისი (ბერძ. Νίκος Καζαντζάκης; დ. 2 მარტი, [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1883 — გ. 26 ოქტომბერი, 1957) — ბერძენი მწერალი. თანამედროვე ბერძნული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე[13].
ნიკოს კაზანძაკისი | |
---|---|
ბერძ. Νίκος Καζαντζάκης | |
დაბადების თარიღი | 18 თებერვალი (2 მარტი), 1883[1] [2] |
დაბადების ადგილი | ჰერაკლიონი, Eyalet of Crete, ოსმალეთის იმპერია[3] |
გარდაცვალების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1957[1] [4] [5] [6] [7] [8] [9] [2] [10] (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფრაიბურგი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[3] |
დასაფლავებულია | ჰერაკლიონი |
საქმიანობა | სცენარისტი, ჟურნალისტი, პოეტი[2] , მთარგმნელი, რომანისტი, ფილოსოფოსი, დრამატურგი[2] , მწერალი[2] , პოლიტიკოსი და პროზაიკოსი |
ენა | ბერძნული ენა |
მოქალაქეობა | საბერძნეთი[11] |
ალმა-მატერი | ათენის უნივერსიტეტი და Ursulines School of Naxos[12] |
Magnum opus | ალექსი ზორბასის ცხოვრება |
ჯილდოები | საბერძნეთის სახელმწიფო პრემია |
მეუღლე | გალატია კაზანძაკე და ელენი სამიუ |
ხელმოწერა | |
საიტი | kazantzakis-museum.gr |
კაზანძაკისი ავტორია რომანებისა: „ალექსი ზორბასის ცხოვრება“ (1946), „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948), „კაპიტანი მიხალისი“ (1950) და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1955). დაწერილი აქვს მრავალი პიესა, მემუარული თხზულება და ფილოსოფიური ესე.
კაზანძაკისს თანამედროვე ბერძნულ ენაზე თარგმნილი აქვს არაერთი კლასიკური თხზულება, როგორებიცაა: „ღვთაებრივი კომედია“, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ და „ილიადა“.
კაზანძაკისი დაიბადა 1883 წელს ჰერაკლიონში, კუნძულ კრეტაზე. ამ დროისთვის კუნძული ჯერ კიდევ არ შედიოდა საბერძნეთის შემადგენლობაში და ოსმალეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. 1902 წლიდან 1906 წლამდე კაზანძაკისი ათენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა, სადაც 1906 წელს იურისტის დოქტორის ხარისხი დაიცვა თემაზე: „Ο Φρειδερίκος Νίτσε εν τη φιλοσοφία του δικαίου και της πολιτείας“ („ფრიდრიხ ნიცშე სამართლისა და სახელმწიფოს ფილოსოფიის შესახებ“)[14]. 1907 წელს ჩაირიცხა სორბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ანრი ბერგსონის გავლენის ქვეშ მოექცა. 1909 წელს სორბონაში დაცული დისერტაცია იყო 1906 წელს დაწერილი დისერტაციის გადამუშავებული ვერსია: „Friedrich Nietzsche dans la philosophie du droit et de la cité“ („ფრიდრიხ ნიცშე სამართლისა და სახელმწიფოს ფილოსოფიის შესახებ“). საბერძნეთში დაბრუნებისას დაიწყო ფილოსოფიური ლიტერატურის თარგმნა. 1914 წელს შეხვდა ანგელოს სიკელიანოსს, რომელთან ერთადაც ორი წლის განმავლობაში იმოგზაურა იმ ადგილებში, სადაც ბერძნული მართლმადიდებელი ქრისტიანული კულტურა აღმავლობას განიცდიდა. მისი ეს ქმედება უმეტესწილად შთაგონებული იყო სიკელიანოსის ეროვნული მოტივებით.
კაზანძაკისი დაქორწინდა გალატია ალექსიუზე 1911 წელს; ერთმანეთს დაშორდნენ 1926 წელს. 1945 წელს კაზანძაკისი დაქორწინდა ელენი სამიუზე. 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იმოგზაურა პარიზსა და ბერლინში (სადაც დაჰყო ორი წელიწადი: 1922-დან 1924 წლამდე), იტალიაში, რუსეთში (1925), ესპანეთში (1932), მოგვიანებით: კვიპროსში, ალჟირში, ეგინაზე, ეგვიპტეში, სინას მთაზე, ჩეხოსლოვაკიაში, ნიცაში, ჩინეთსა და იაპონიაში.
ბერლინში ყოფნის დროს აქტიურად გაეცნო კომუნისტურ იდეოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური კომუნისტი არასდროს ყოფილა, იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და შეხვდა იმ დროის მემარცხენე პოლიტიკოსსა და მწერალს, ვიქტორ სერჟს. ამ პერიოდში მისი, როგორც ნაციონალისტის, იდეოლოგია მეტნაკლებად სუსტდება. 1916 წელს ჟურნალისტის ამპლუაში ინტერვიუს იღებს მიგელ პრიმო დე რივერასა და ბენიტო მუსოლინისგან.
მეორე მსოფლიო ომის დროს ათენში, ფილოლოგ იოანის კაკრიდისთან ერთად, თარგმნიდა „ილიადას“. 1945 წელს სათავეში ჩაუდგა არაკომუნისტ მემარცხენეთა პარტიას და შევიდა საბერძნეთის პარლამენტში. 1946 წელს საბერძნეთის მწერალთა კავშირში კაზანძაკისისა და ანგელოს სიკელიანოსის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარდგენის სურვილი გამოითქვა. 1957 წელს კაზანძაკისმა ნობელის ჯილდო 1 ხმით დაკარგა ალბერ კამიუსთან. კამიუმ მოგვიანებით თქვა, რომ კაზანძაკისს „ასჯერ მეტად“ ეკუთვნოდა ეს პატივი, ვიდრე — მას. საერთო ჯამში, კაზანძაკისი ნობელის პრემიაზე ნომინირებული იყო ცხრაჯერ, სხვადასხვა წლის განმავლობაში.
1957 წელს იმოგზაურა შორეულ აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ლეიკემიით იყო დაავადებული. უკან დაბრუნებისას თვითმფრინავი გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში დაეშვა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. დაკრძალულია ჰერაკლიონის ძვალთშესალაგ კედელში. მის ეპიტაფიაზე იკითხება: „არაფრის იმედი არ მაქვს. არაფრის მეშინია. თავისუფალი ვარ“ („Δεν ελπίζω τίποτα. Δε φοβούμαι τίποτα. Είμαι λέφτερος.“).
კაზანძაკისი საქართველოს სამჯერ ესტუმრა: 1919, 1927 და 1928 წლებში. პირველად იგი დამოუკიდებელ საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოში მცხოვრები ბერძენი ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო 1927 და 28 წლებში კი ტურისტად იმყოფებოდა. ამ მოგზაურობებს აღწერს თავის წიგნებში: „რუსული დღიური“ და „აღსარება გრეკოსთან“. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან, რომლის შესახებაც წერს „ტოდა-რაბაში“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.