მონროს დოქტრინა
From Wikipedia, the free encyclopedia
მონროს დოქტრინა — ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომლის მიზანი იყო ევროპული გავლენის შემცირება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. დოქტრინა შემუშავდა ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის, ჯეიმზ მონროს მიერ. 1823 წელს მონრომ მიმართა კონგრესს თავისი ყოველწლიური მოხსენებით, [1] რომელშიც მან წარმოადგინა ამერიკის პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ევროპული კოლონიალიზმი უნდა დამთავრებულიყო დასავლეთ ნახევარსფეროში.[2] დოქტრინის მოქმედება გამოვლინდა ამერიკის არაერთი პრეზიდენტის სტრატეგიებში: [3] ულის გრანტი, თეოდორ რუზველტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, რონალდ რეიგანი.
მონრომ გამოჰყო ძველი და ახალი მსოფლიო, რომლებიც ერთმანეთისგან საზოგადოებრივპოლიტიკური სისტემებით განსხვევდებოდნენ და შესაბამისად, ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩარეულიყვნენ. [4] მან ჩამოაყალიბა ოთხი ძირითადი სფერო, რომელსაც ეს დოქტრინა მოიცავდა:
- ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერეოდა ევროპულ ძალების არც საშინაო საქმეებში და არც ომებში, მაგალითად, მიმდინარე ომში საბერძნეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის.
- ამერიკის შეერთეული შტატები არ ჩაერთვებოდა ასევე იმ კოლონიებისა თუ დამოუკიდებელი წარმონაქმნების საქმეებში, რომლებიც დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობდნენ.
- დასავლეთ ნახევარსფეროში ახალი კოლონიების წარმოქმნა არ უნდა მომხდარიყო.
- ევროპული ძალების ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც მიზანმიმართული იქნებოდა გავლენის მოსაპოვებლად და ნებისმიერი ლათინოამერიკული ერის დასაპყრობად, იქნებოდა გაგებული, როგორც ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.