მინერალოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
მინერალოგია (მინერალი და logos – მოძღვრება) — მეცნიერება მინერალთა შესახებ. შეისწავლის ბუნებაში მინერალთა წარმოქმნისა და გარდაქმნის პირობებს, მათ შედგენილობას, სტრუქტურასა და თვისებებს. მინერალოგიის ძირითადი მიმართულებებია: აღწერითი მინერალოგია — შეისწავლის ცალკეულ მინერალთა თავისებურებებს, მათ სისტემატიკას; გენეტური მინერალოგია — იკვლევს მინერალთა წარმოქმნის კანონზომიერებას; რეგიონული მინერალოგია — შეისწავლის და განაზოგადებს მინერალთა ტერიტორიული გავრცელების კანონზომიერებას; კოსმოსურ სხეულთა მინერალოგია — იკვლევს მეტეორიტებისა და მთვარის მინერალებს; ექსპერიმენტული მინერალოგია — შეისწავლის მინერალთა წარმოქმნის ბუნებრივი პროცესების მოდელირების საკითხებს; გამოყენებითი და ტექნიკურ-ეკონომიკური მინერალოგია — ამუშავებს მრეწველობაში მინერალთა გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.