ლიბერალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულებების ერთიანობა და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით ადამიანის პიროვნული თავისუფლება არის ძირითადი პოლიტიკური ღირებულება. ლიბერალიზმი დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს სათავეს, თუმცა ამჟამად ტერმინი გაცილებით მრავალფეროვანი პოლიტიკური შეხედულებების ერთიანობას მოიცავს.
ფართო გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდის უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.
მემარცხენე ლიბერალები მხარს უჭერენ მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას, ხშირად ანტი-დისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო განათლების და მისთ. სახით. ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც უპირატესობას თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის თავისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად. მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე ტენდენციის ნაცვლად, რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშა-მოსამსახურეს აკისრებს.
საქართველოში ლიბერალური მოძრაობის ისტორიაზე საუბრისას გამოიყოფა ორი პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან ქრონოლოგიურადაც და იდეურადაც მკვეთრად განსხვავდება. ლიბერალური მოძრაობის პირველი ეტაპი ქართულ სინამდვილეში თავს იჩენს 1860-იანი წლებიდან და სრულდება 1921 წლის ოკუპაციით, ხოლო მეორე ეტაპი, აღმავლობას იწყებს 1990-იანი წლებიდან და დღემდე გრძელდება. XIX საუკუნის ქართული ლიბერალური მოძრაობა თავისი არსით უფრო პოლიტიკურ ემანსიპაციაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მონარქიული ბიუროკრატიის შესუსტებაზე იყო ორიენტირებული, ნაცვლად ეკონომიკური დოქტრინების ფართოდ გავრცელებისა. XIX-XX საუკუნეების მიჯნის მოღვაწეთაგან განსაკუთრებული როლი ითამაშა სამმა ინტელექტუალმა - ილია ჭავჭავაძემ, არჩილ ჯორჯაძემ და ნიკო ნიკოლაძემ.[1]