კურთხეული გაზაფხული
From Wikipedia, the free encyclopedia
„კურთხეული გაზაფხული“ (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკის ბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ. Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები.
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კურთხეული გაზაფხული“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კურთხეული გაზაფხული ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
„კურთხეული გაზაფხული“ | |
---|---|
იგორ სტრავინსკის ბალეტი | |
![]() კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის. | |
მშობ. სახელი |
ფრანგ. Le Sacre du printemps; რუს. Весна священная |
ჟანრი | ბალეტი |
სტილი | მოდერნიზმი |
დაწერილი | 1910 - 1913 |
დაფუძნებული | წარმართულ მითებზე |
გამოქვეყნებული |
1913 (საფორტეპიანო ტრანსკრიპცია ოთხი ხელისთვის) 1921 (სრული საორკესტრო პარტიტურა) |
გამომცემელი | Edition Russe de Musique |
ხანგრძლივობა | დაახლოებით 35 წუთი |
ნაწილები | 2 |
ინსტრუმენტული შემადგენლობა | სიმფონიური ორკესტრი (გაფართოებული) |
პრემიერა | |
თარიღი | 1913 წლის 29 მაისი |
ადგილი | ელისეს მინდვრების თეატრი, პარიზი |
დირიჟორი | პიერ მონტე |
შემსრულებლები |
პარიზის კოლონის ორკესტრი Ballets Russes, ქორეოგრაფი ვასლავ ნიჟინსკი |
როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.[3] აღნიშნული ვარიანტი, მომავალში, ბევრ წარმატებულ დადგმას დაედო საფუძვლად, ნიჟინსკის ვერსია კი, რომელიც დიდი ხანი დაკარგულად ითვლებოდა, 1980-იან წლებში ლოს-ანჯელესის Joffrey Ballet-მ აღადგინა.
სტრავინსკის პარტიტურა იმ დროისათვის ბევრ სიახლეს მოიცავდა, მათ შორის, ექსპერიმენტებს ტონალობაში, მეტრში, რიტმში, აქცენტში და დისონანსში. ანალიტიკოსები მიუთითებენ მასზე რუსული ფოლკლორული მუსიკის მნიშვნელოვან გავლენაზე, რასაც კომპოზიტორი უარყოფდა ხოლმე. მუსიკამ გავლენა მოახდინა XX საუკუნის ბევრ წამყვან კომპოზიტორზე და კლასიკურ რეპერტუარში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ჩაწერილ ნაწარმოებს წარმოადგენს.