XX საუკუნის კლასიკური მუსიკა
1901-2000 წლებში შექმნილი არტ-მუსიკა. / From Wikipedia, the free encyclopedia
XX საუკუნის კლასიკური მუსიკა – 1901-2000 წლებში შექმნილი არტ-მუსიკა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „XX საუკუნის კლასიკური მუსიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. XX საუკუნის კლასიკური მუსიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ამ საუკუნეში არ ყოფილა დომინანტური მუსიკალური სტილი და კომპოზიტორები წერდნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპის მუსიკას. მოდერნიზმი, იმპრესიონიზმი და პოსტ-რომანტიზმი წინა საუკუნის ბოლო ათწლეულებში ჩაისახა, მაგრამ ისინი XX საუკუნის მუსიკაშიც განიხილებიან, რადგან განვითარდნენ და გასცდნენ XIX საუკუნის და უფრო ადრინდელი პერიოდისთვის დამახასიათებელ მუსიკალურ საზღვრებს. ნეოკლასიციზმი და ექსპრესიონიზმი, ძირითადად, 1900 წლის შემდეგი პერიოდიდან იწყება. მინიმალიზმი მუსიკაში ბევრად უფრო გვიან დაიწყო და შეიძლება განხილული იქნას, როგორც გადასვლის წერტილი მოდერნიზმიდან პოსტ-მოდერნიზმში, თუმცა, პოსტ-მოდერნიზმი, ზოგიერთი მოსაზრებით, უფრო ადრე, დაახლოებით 1930 წლიდან იწყება. ატონალობა, სერიალიზმი, musique concrète და ელექტრონული მუსიკა XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ დროის ბევრი კომპოზიტორის გავლენის წყარო ჯაზი და ხალხური მუსიკაც იყო.