![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ef/East_europe_3-4cc.png/640px-East_europe_3-4cc.png&w=640&q=50)
კვადები
From Wikipedia, the free encyclopedia
კვადები (ლათ. Quadi) — ძველი გერმანული ტომები სვევთა გაერთიანებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვ. წ. აღ. მდე I ს. მდინარე მაინის ნაპირებზე ჩვ. წ. აღ. ის დასაწყისიდან VI საუკუნემდე მდინარე დუნაის შუაწელის დინებიდან ჩრდილოეთით, აგრეთვე, მდინარეების ელბასა და ოდერის სათავეებთან — ქვემო ავსტრიის, მორავიის, დასავლეთ სლოვაკეთის და ჩრდილოეთ უნგრეთის ტერიტორიებზე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ef/East_europe_3-4cc.png/640px-East_europe_3-4cc.png)
კვადები იყვნენ მარკომანთა მოკავშირეები. შედიოდნენ მარობოდის სამეფოში. 166—180 წწ. მონაწილეობდნენ მარკომანებთან ერთად რომის წინააღმდეგ ბრძოლებში. რომაელებმა ისინი გაანადგურეს, რის შემდეგაც აღიარეს რომის ბატონობა.
V ს. კვადების ნაწილი ვანდალებთან ერთად გადასახლდა ესპანეთის ტერიტორიაზე და პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში შექმნა საკუთარი სამეფო. 585 წ. იგი დაიპყრეს ვესტგოთებმა. ესპანეთში კვადებს ზოგჯერ უწოდებენ კვადო-სვევებს, ხოლო მათ სამეფოს სვევთა სამეფოს.