From Wikipedia, the free encyclopedia
კეილანი ეშლი პერიში (ინგლ. Kehlani Ashley Parrish; დ. 24 აპრილი, 1995, ოკლენდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი წარმოშობით ოკლენდიდან არის. პოპულარობა მოიპოვა 2011 წელს ჯგუფ Poplyfe-ის წევრობის დროს.
კეილანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კეილანი ეშლი პერიში |
დაბ. თარიღი | 24 აპრილი, 1995 |
დაბ. ადგილი | ოკლენდი |
წარმოშობა | ოკლენდი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპი, ნეო-სოული |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2009–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | kehlani.com |
კეილანი ვიკისაწყობში |
2014 წელს გამოუშვა პირველი კომერციული მიქსტეიპი, Cloud 19.[1] მიქსტეიპი მოხვდა Complex-ის 2014 წლის 50 საუკეთესო ალბომების“ სიაში.[2] 2016 წელს ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო ურბანული თანამედროვე ალბომის კატეგორიაში, მიქსტეიპისთვის You Should Be Here. სადებიუტო სტუდიური ალბომი SweetSexySavage გამოუშვა 2017 წელს.[3] მეორე სტუდიური ალბომი It Was Good Until It Wasn't გამოვიდა 2020 წელს. მესამე სტუდიური ალბომი Blue Water Road გამოვიდა 2022 წლის 29 აპრილს.
კეილანი დაიბადა 1995 წლის 24 აპრილს, ოკლენდში, კალიფორნია.[4] ის გაზარდა დეიდამ, რადგან დედა ციხეში იყო. მამა, რომელიც ნარკომანი იყო, გარდაიცვალა მუსიკოსის მცირეწლოვნობის დროს. სწავლობდა ოკლენდის ხელოვნების სკოლაში. ამ პერიოდში გაიტაცა ცეკვამ, განსაკუთრებით კი — ბალეტმა და თანამედროვე ცეკვებმა.[5][6][7]
ამ დროს დაიწყო ჯულიარდის სკოლაში სწავლა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო მოუწია ცეკვისთვის თავი გაენებებინა. ამის გამო გადაწყვიტა სიმღერისკენ მიემართა ყურადღება. დეიდასთან ერთად ყოფნისას უსმენდა რიტმ-ენდ-ბლუზისა და ნეო სოულის შემსრულებლებს, როგორიცაა ლორინ ჰილი, ერიკა ბადუ და ჯილ სკოტი. კეილანის თქმით, სწორედ ამ შემსრულებელმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა მის შემოქმედებაზე.[8] 14 წლის ასაკში გახდა ჯგუფის, Poplyfe წევრი.
2009 წლიდან 2013 წლამდე იყო PopLyfe-ის წამყვანი ვოკალისტი. ჯგუფი ტურნეებს მართავდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გაზარდა მისი პოპულარობა. 2011 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო America's Got Talent-ის მეექვსე სეზონში, სადაც მეოთხე ადგილზე გავიდა. ჯგუფის ბოლო შესრულების დროს, ჟიურის წევრმა, პირს მორგანმა აღნიშნა კეილანის ინდივიდუალური ნიჭი და თქვა, რომ მას შეეძლო წარმატების მიღწევა ჯგუფის გარეშეც. მალევე მან დატოვა ჯგუფი მენეჯერული და საკონტრაქტო უთანხმოების გამო. შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში თავს იკავებდა მუსიკის გამოშვებისგან, რათა თავიდან აეცილებინა პოტენციური სამართლებრივი კონფლიქტები ჯგუფის ხელმძღვანელობასთან. ამ პერიოდში მუსიკოსს ფინანსურად უჭირდა, რის გამოც დაიწყო iPhone-ებისა და სურსათის მოპარვა. მალევე, მუსიკოსის ნიჭით აღფრთოვანებული ნიკ კენონი დაეხმარა მას, უშოვა ბინა ლოს-ანჯელესში და დაუქირავა სტუდია მუსიკისთვის.[9][10]
2014 წელს SoundCloud-ზე გამოუშვა სადებიუტო სოლო-სიმღერა „ANTISUMMERLUV“. ამით დაიწყო სოლო-კარიერა. იმავე წლის ბოლოს გამოუშვა პირველი მიქსტეიპი, Cloud 19. ჩანაწერმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და წლის ბოლოს სხვადასხვა სიაშიც მოხვდა. 2015 წელს იმღერა G-Eazy-ის ტურნეში და გამოუშვა მეორე მიქსტეიპი You Should Be Here, რომელიც ბილბორდის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში მეხუთე ადგილზე გავიდა. ის მოხვდა Complex-ის სიაში „15 მუსიკოსი, რომელსაც უნდა მოუსმინოთ 2015 წელს" და როლინგ სტოუნის სიაში „10 ახალი შემსრულებელი, რომელიც უნდა იცოდეთ“. 2016 წელს ითანამშრომლა ზეინთან სიმღერის „Wrong“ ჩაწერისას. კეილანის სიმღერა „Gangsta" მოხვდა ფილმ „თვითმკვლელთა რაზმის“ საუნდტრეკში.[11]
სადებიუტო სტუდიური ალბომი, SweetSexySavage, გამოვიდა 2017 წელს. ამის შემდეგ, ემინემთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Nowhere Fast", რეპერის მეცხრე სტუდიური ალბომისთვის Revival. 2018 წლიდან მოყოლებული, მუსიკოსმა ჩაატარა სხვადასხვა ტურნე. მან იმღერა ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორიცაა დემი ლოვატო და ჰოლზი.[12] მუსიკოსმა ჩაწერა სიმღერები ჩარლი პუტისა და Cardi B-ისთან ერთად. 2019 წელს გამოუშვა მესამე მიქსტეიპი, „Where We Wait“. ნამუშევარი მეცხრე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ის ჩარტში.
2020 წელს გამოუშვა ზედთან ერთად ნამუშევარი „Good Thing“. ამავე დროს მუშაობდა კოლაბორაციულ კომპოზიციაზე თეიანა ტეილორთან ერთად, სახელწოდებით „Morning“.[13][14] ამავე დროს ჯასტინ ბიბერთან ერთად გამოუშვა სინგლი Get Me. მეორე სტუდიური ალბომი, It Was Good Until It Wasn't გამოვიდა 2020 წლის 8 მაისს. ნამუშევარი მეორე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ის ჩარტში.[15]
2020 წლის სექტემბერში ჩაწერა სიმღერები „It Was Good Until It Wasn't“-ის დელუქს ვერსიისთვის. ამ დროს მუსიკოსმა გადაწყვიტა, რომ სიმღერები ახალ ალბომს უფრო მოუხდებოდა და დაიწყო მესამე სტუდიური ალბომზე მუშაობა, სახელწოდებით „Blue Water Road“.[16][17] ალბომის მთავარი სინგლი „Altar" გამოვიდა 15 სექტემბერს. მეორე სინგლი, „Little Story", გამოვიდა 2022 წლის 24 თებერვალს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.