კასინი-ჰიუიგენსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კასინი-ჰიუიგენსი (ინგლ. Cassini–Huygens) — პლანეტა სატურნთან გაგზავნილი უპილოტო კოსმოსური ხომალდი. წარმოადგენდა NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და იტალიის კოსმოსური სააგენტოს (ASI) ფლაგმანური კლასის კოსმოსურ ხომალდს.[1]
კასინი მეოთხე კოსმოსური ზონდია, რომელიც სატურნს ესტუმრა და პირველია, რომელიც მის ორბიტაზე გავიდა. 2004 წლიდან 2017 წლამდე, კასინი აქტიურად სწავლობდა პლანეტასა და მის მრავალ ბუნებრივ თანამგზავრს.[2]
კასინიზე მუშაობა 80-იანი წლებიდან დაიწყო. პროექტი მოიცავს სატურნის ორბიტერს (კასინი) და მავალს (ჰიუიგენსი) სატურნის მთვარე ტიტანისთვის. ხომალდებს სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის — ჯოვანი კასინისა და ჰოლანდიელი მათემატიკოსის — კრისტიან ჰიუიგენსის პატივსაცემად. კოსმოსური ხომალდი 1997 წლის 15 ოქტომბერს, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან გაეშვა რაკეტა Titan IVB/Centaur-ით და სატურნის ორბიტაზე მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 2004 წლის 1 ივლისს გავიდა. მანამდე კასინიმ ხანგრძლივი პლანეტათშორისი გზა განვლო — რამდენჯერმე შემოუფრინა დედამიწას, ვენერასა და იუპიტერს. 2004 წლის 25 დეკემბერს ორბიტერს გამოეყო ზონდი ჰიუიგენსი და სატურნის მთვარე ტიტანისკენ დაეშვა. აპარატმა 2005 წლის 14 იანვარს დედამიწაზე ტიტანის მონაცემები ორბიტერის დახმარებით გამოაგზავნა. ეს მზის სისტემის გარე ნაწილში მყოფი ციური სხეულის ზედაპირზე პირველი დაშვება იყო.
2017 წლის 15 სექტემბრამდე კასინი სატურნის სისტემას იკვლევდა, ხოლო მოგვიანებით ფინალურ ფაზაში გადავიდა.
საწვავის მწირე რესურსის გამო, 2017 წლის 22 აპრილს, კოსმოსური ხომალდი მისიის დიდი ფინალის (Grand Finale) ფაზაში შევიდა, რომელშიც მან არაერთი სარისკო მანევრი შეასრულა — გაიარა სატურნსა და მის რგოლებს შორის. ამ ფაზის მიზანი კასინის სამეცნიერო შედეგების მაქსიმალიზაცია იყო მანამ, სანამ ხომალდი განზრახ განადგურდებოდა სატურნის ატმოსფეროში. ორბიტიდან გადასვლა NASA-მ განზრახ დაგეგმა და ეს აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ გამორიცხულიყო კასინის შეჯახების რისკი სატურნის რომელიმე მთვარესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნებოდა სატურნის თანამგზავრების დედამიწისეული მიკრობებით დაბინძურების რისკი. [3][4] [5][6]