From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიის ომი (აგრეთვე ცნობილი როგორც რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა, 1817—1864) — სამხედრო მოქმედებათა წყება, რომელიც კავკასიაში რუსეთის იმპერიის შეჭრას მოჰყვა და დასრულდა ამ უკანასკნელის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ანექსიითა და ჩეჩნეთის, დაღესტანისა და ჩრდილოდასავლეთ კავკასიის ზოგიერთი მთიელი ხალხის განადგურებით. ომს შედეგად ასევე მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში (იხ. კავკასიური მუხაჯირობა). ომს სრულიად შეეწირა უბიხი ხალხი (ერი სრულიად ამოწყდა ან უკვალოდ ასიმილირდა), ხოლო მთისპირა და ზღვისპირა საუკეთესო მიწები რუსეთიდან ჩამოსახლებულ ოჯახებს გადაეცა.
1860 წელს პირველად სამეცნიერო-პუბლიცისტურ ლიტერატურაში ტერმინი „კავკასიის ომი“ გამოიყენა როსტისლავ ფადეევმა თავის ნაშრომში „კავკასიის ომის სამოცი წელი“, რომელიც დაწერა კავკასიის მეფინაცვლის გენერალ-ფედმარშალის ალექსანდრე ბარიატინსკის დავალებით[1]. მანამდე რუსეთის იმპერიის ექსპანსიის აღსანიშნავად იყენებდნენ შემდეგ სიტყვებს: „დაპყრობა“, „დამორჩილება“, „მოთვინიერება“, „რუსეთის ძალაუფლების დამყარება“ და სხვა.
ერთი მხრივ, ეს ბრძოლები მიმართული იყო კავკასიაში ირანისა და ოსმალეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც კავკასიის ხალხების ინტერესებს ეხმაურებოდა, მეორე მხრივ, მათ მიზანს შეადგენდა კავკასიელი ხალხების ანტოფეოდალური მოძრაობის ჩახშობა; დასასრულ, ეს იყო კოლონიური ხასიათის ბრძოლა, რომელიც რუსეთის ცარიზმა 1817-1864 წლებში ჩრდილოეთი კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ წარმართა და ამით მთელი კავკასია შემოერთების პროცესი დასრულდა.
რუსეთის მთავრობა კავკასიის ტერიტორიით ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაინტერესდა. ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების (1552-1556) შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უშუალოდ კავკასიას ემეზობლებოდა. 1567 წელს სუნჯასა და თერგის შესართავთან, 1588 თერგის დელტაში რუსეთმა ციხესიმაგრეები ააგო. იმ დროს კავკასია ირან-ოსმალეთის ომის ასპარეზი იყო და მათი ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიის სახელმწიფო მოღვაწენი ცდილობდნენ რუსეთის გამოყენებას. 1557 წელს ყაბარდოელმა მთავარმა თემურყვამ მოსკოვის ქვეშერდომობა მიიღო, ხოლო 1580-იან წლებში კახეთის სამეფომ რუსეთთან კავშირი დადო.
XVII საუკუნეში რუსეთთან კავშირი დადეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა. მაგრამ რუსეთის ინტერესები იმჯერად არ ითვალისწინებდა კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას. 1722-1723 წლებში კასპიისპირეთში რუსთა ჯარების ლაშქრობის დროს პეტრე I-მა სამხედრო პოლიტიკური კავშირი შეკრა ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან. რუსეთის მოკაცშირედ ვახტანგ VI-ის ხელმძღვანელობით სომეხთა ლაშქარიც გამოვიდა. მაგრამ რუსეთი კავკასიაში ფეხის მოსაკიდებლად კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა.
1735-1739 წლებში რუსეთი და ოსმალეთი ებრძოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად გარკვეული სამხედრო წარმატებებისა, რუსეთმა ვერც ამჯერად მიაღწია მთავარ მიზანს - ვერ მოიპოვა შავ ზღვაზე გასვლის უფლება.
1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომმა ვრცელი ტერიტორია მოიცვა. ფრონტი საქართველოშიც გაიხსნა. რუსეთის მთავრობამ აქ 1200-კაციანი საექსპედიციო კორპუსი გამოგზავნა. ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ და იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა აქტიურად დაუჭირეს მხარი რუსეთს. 1770 წელს ერეკლე II-მა ასპინძის ბრძოლაში დიდი გამარჯვება მოიპოვა. სოლომონ I-მა კი ოსმალთა გარნიზონები განდევნა იმერეთის ციხეებიდან. ომი რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა. ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით (1774) რუსეთმა შავ ზღვაზე ნაოსნობა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით სარგებლობის უფლება მიიღო. ყაბარდო და ჩრდილოეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. ზავის 23-ე მუხლით რუსეთი დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა, ოსმალეთი კი იმერეთის ხარკზე უარს ამბობდა. ამ ომის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო მიწების დარიგება რუსი მემამულეებისათვის, ხოლო კავკასიის სიმაგრეთა ხაზი სამხრეთისკენ გადასწია.
ყირიმის შემოერთების (1783) შემდეგ რუსეთმა აქტიური მოქმედება დაიწყო ამიერკავკასიაშიც. 1783 წლის 24 ივლისს გაფორმდა ტრაქტატი ქართლ-კახეთის რუსეთის პროტექტირატში შესვლის შესახებ (გეორგიევსკის ტრაქტატი). დაიწყო დარიალის სამხედრო გზის მოწესრიგება. 1784 წელს საფუძველი ჩაეყარა სიმაგრე „ვლადიკავკაზს“.
1785 წელს ყაბარდოსა და ჩაჩნეთში რუსეთის ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელმაც მეზობელ ოლქებშიც გადაინაცვლა და საკმაოდ დიდი მასშტაბი მიიღო. მაგრამ მუსლიმანულმა ზედაფენამ ეს მოძრაობა რელიგიურ სამოსელში გაახვია და ღაზავათის დროშით წარმართა. ამ მოძრაობას სათავეში შეიხი მანსური ედგა. მაგრამ დაღესტნის ფეოდალების ნაწილმა მანსურს მხარის არ დაუჭირა და რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. ამან გააადვილა მანსურის დამარცხება ჩაჩნეთსა და ყაბარდოში. მანსურმა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლა და იქ გააჩარა ბრძოლა. მანსურთან ბრძოლის დროს, ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავების გამო, რუსეთის მთავრობამ ქართლ-კახეთიდან გაიყვანა დამხმარე რუსთა რაზმი, რომელიც იქ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით იყო შეყვანილი. ამან ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა გაართულა.
1787 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიწყო ახალი ომი, რომელიც 1791 წელს ქ. იასში დადებული ზავით დამთავრდა. იასის ზავი ადასტურებდა ქუჩუქ-კაინარჯის ხელშეკრულებას და გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს.
XVIII საუკუნის 90-იან წლებში ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ნაწილობრივ შეძლო ქვეყნის მდგომარეობის სტაბილიზაცია და საქართველოსა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანში ბატონობის აღდგენა სცადა. 1795 წელს დიდი ჯარით მოადგა საქართველოს და კრწანისის ველზე შეძლო ქართველების მცირერიცხოვანი ჯარის დამარცხება. მტერმა თბილისი აიღო და სასტიკად ააოხრა. ამ ამბავს კმაყოფილებით შეხვდნენ ოსმალეთშიც და დასავლეთ ევროპაშიც, რადგან ეს ფაქტი რუსეთის დამარცხებად მიაჩნდათ. რუსეთის მთავრობა ამიერკავკასიაში აქტიურ მოქმედებას შეუდგა. 1796 წლის დეკემბერში საქართველოში რუსთა 2-ათასიანი რაზმი შემოვიდა, 1794 წლის გაზაფხულზე კი 13-ათასიანმა ლაშქარმა ვ. ზუბოვის მეთაურობით კასპიისპირეთი დაიკავა და ირანში შესაჭრელად მოემზადა, მაგრამ ნოემბერში ეკატერინე II გარდაიცვალა და ახალი იმპერატორმა პავლე I-მა რუსეთის ჯარი უკან გაიწვია. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II გარდაიცვალა. ქვეყანაში შინაფეოდალური ომი გაჩაღდა. არც ირან-ოსმალეთი და დაღესტნის ფეოდალები არ იშლიდნენ მტრობას. ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის თხოვნით პავლე I-მა გადაწყვიტა საქართველოში ჯარის გამოგზავნა. 1800 წლის ნოემბერში რუს-ქართველთა მხედრობამ სოფ. კაკაბეთთან დაამარცხა საქართველოს დასარბევად წამოსული ავარიელი და ყიზიყუმუხელი ხანების ლაშქარი.
ამ დროისათვის პავლე I-მა განიზრახა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთის იმპერიისათვის შეერთება. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ (1800 წლის 28 დეკემბერი) გამოქვეყნდა მანიფესტი აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ (1801 წლის 18 იანვრის პავლე I-ის, ხოლო 1801 წლის 12 სექტემბრის ალექსანდრე I-ის ხელმოწერით). 1803 წელს თბილისში ჩამოვიდა კავკასიის ახალი მთავარსარდალი, წარმოშობით ქართველი, გენერალი პავლე ციციანოვი. მან ენერგიულად მოჰკიდა ხელი კავკასიაში ცარიზმის პოლიტიკის გატარებას - რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში გადაასახლა, 1804 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II-თან ხელშეკრულება დადო რუსეთის მფარველობაში იმერეთის სამეფოს შესვლის თაობაზე. რუსეთის მფარველობა აღიარეს გურიისა და სამეგრელოს მთავრებმაც. 1803-1804 წლებში პ. ციციანოვმა ჭარ-ბელაქანი დალაშქრა და განჯის სახანოც დაიმორჩილა. საქართველოს რუსეთთან შეერთებამ და განჯის დაკარგვამ ირანში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ინგლისის წაქეზებით ირანმა 1804 წელს ომი გამოუცხადა რუსეთს. ეს ომი 1813 წლამდე გაგრძელდა და გულისტანის (ყარაბაღი) ზავით დასრულდა. ირანმა ცნო საქართველოს, დაღესტნის, აგრეთვე ყარაბაღის, დარუბანდის, ყუბისა და თალიშის სახანოების შეერთება რუსეთთან.
ირანს გარდა 1806-1812 წლებში რუსეთი ეომებოდა ოსმალეთსაც. რუსეთმა ამ ომშიც წარმატებას მიაღწია, მაგრამ 1812 წელს, რუსეთ-საფრანგეთის მოსალოდნელი ომის გამო ოსმალეთთან ზავის შეკვრა აუცილებელი გახდა და 16 მაისს ბუქარესტში დაიდო ზავი (ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება). რუსეთმა მიიღო ბესარაბია, ხოლო მოლდავეთი, ვლახეთი, კავკასია - ანაპა, ფოთი და ახალქალაქი ოსმალეთს დაუბრუნდა. სანაცვლოდ ისმალეთმა ცნო საქართველოს რუსეთთან შეერთბა. კოლონიალური ჩაგვრის რეჟიმი, რომელსაც ცარიზმი კავკასიაში ამყარებდა, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილებას იწვევდა. 1802-1813 წლებში საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე აჯანყება მოხდა. მართალია, ყველა მარცხით დამთავრდა, მაგრამ კავკასიის მოსახლეობის ანტიკოლონიალური მოძრაობა მაინც არ შეუწყვეტია. 1817 წლიდან ცარიზმი გეგმაზომიერ მოქმედებას შეუდგა. ჩრდილოეთი კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ დაიწყო საკუთრივ კავკასიის ომი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩაჩნეთის, მთიანი დაღესტნისა და ჩრდილოეთ-დასავლეთი კავკასიის საბოლოო შეერთებას რუსეთთან. ეს ომი 3 ეტაპად იყოფა: 1817-1829; 1830-1856; 1856-1864.
ირანმა და ოსმალეთმა სცადეს კავკასიის ხალხების ანტიკოლონიური ბრძოლა საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინათ. 1826-1828 წლებში დაიწყო რუსეთ-ირანის, ხოლო 1828-1829 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა. ამიერკავკასიის ხალხებმა ამ ომებში რუსეთს დიდი დახმარება დაუწიეს. 1828 წელს თურქმანჩაის ზავით ერევნისა და ნახჭევნის სახანოები, ხოლო 1829 წელს ადრიანოპოლის ზავით ახალციხე, ახალქალაქი და შავი ზღვის სანაპირო მდინარე ყუბანის შესართავიდან აჭარის ჩრდილოეთ საზღვრამდე (სოფ. შეკვეთილი, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი), ანაპისა და ფოთის სიმაგრეებითურთ რუსეთს გადაეცა. 1828 წელს რუსეთმა ყარაჩაის ოლქი შეიერთა და ყაბარდოდან აფხაზეთში სოხუმის სამხედრო გზის გაყვანა დაიწყო. 1830 წელს ზაქათალასა და ყვარელს შორის კორდონების ხაზი დაწესდა.
ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიკოლონიური ბრძოლა ისლამის დროშით გაიშალა. 20-იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა — მიურიდიზმი. მისი მოთხოვნა იყო თეოკრატიის ბელადის — იმამისადმი სრული მორჩილება და „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით 20–30-იან წლებში ჩაცნეთსა და დაღესტანში შეიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო - იმამატი. პირველი იმამი ყაზი-მუჰამადი (ყაზიმოლა) იყო. მან სცადა ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილნენ. 1830 წლის თებერვალში ყაზი-მუჰამადმა იერიში მიიტანა ავარიის დედაქალაქ ხუნძახზე, მაგრამ დამარცხდა. სამაგიეროდ, 1831 წელს იმამმა ტარკის აღება შეძლო და ალყა შემოარტყა ბურნაიის, ვნეზაპნიის ციხეებს, მივიდა დარუბანდთან, ბრძოლა გაუმართა გროზნაიას და ვლადიკავკაზს. მის წინააღმდეგ კავკასიის ჯარების სარდლობამ გამოყო დიდი დამსჯელი ექსპედიციები და ყაზი-მუჰამადის რაზმები დაამარცხა. მომხრეთა მცირე ნაწილით ყაზი-მუჰამადმა მშობლიურ აულს გიმრს შეაფარა თავი. 1832 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის ჯარის გიმრის იერიშით აღების დროს ყაზი-მუჰამადი დაიღუპა. მეორე იმამი ჰამზათ-ბეგი გახდა. მან ავარიის სახანოს დამორჩილება სცადა, 1834 წელს ხუნძახი აიღო და ხანის ოჯახი ამოწყვიტა, მაგრამ შემდგომ თვითონ მოკლეს შეთქმულმა ფეოდალებმა. მესამე იმამი შამილი იყო. მისი ხელმძღვანელობით ანტიკოლონიალურმა მოძრაობამ ჩაჩნეთსა და დაღესტანში განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო. 1834 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო აულები ძველი და ახალი ჰოცატლი. შამილი იძულებული გახდა ავარიიდან წასულიყო, მაგრამ რუსთა ჯარების სარდლობამ იმის იმედით, რომ შამილი დაუძლურებული იყო, 2 წლის განმავლობაში შეტევითი ბრძოლა შეწყვიტა. შამილმა ისარგებლა ამ შეცვენებით და ძალა მოიკრიბა.
1837 წელს შამილს ჩაჩნეთი და მთელი ავარია ემორჩილებოდა. მიუხედავად ამისა, იმავე წლის ივლისში რამდენიმეჯერ დამარცხდა. იგი იძულებული გახდა მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა და მძევლებიც მიეცა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ აჯანყდა. 1839 წელს მას რუსეთის ჯარის 2 დიდი რაზმი ებრძოდა — ერთი სამხრეთ დაღესტანში, მეორე კი იმამის რეზიდენციაში — აულ ახულგოს მიმართულებით. შამილი ბრძოლაში დაიჭრა და იძულებული გახდა ჩაჩნეთში გადასულიყო. 1840 წელს ჩაჩნეთსა და დაღესტანში ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდა. იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში აჯაყდნენ ადიღეელები, რომელთა შორის მიურიდიზმი ვერ გავრცელდა. ეს აჯანყება ანტიკოლონიური და ანტიფეოდალური ხასიათისა იყო. რუსეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ადგილობრივ ფეოდალებს. აჯანყებულები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. 1841-1843 წლებში შამილმა შეძლო რამდენიმე გამარჯვების მოპოვება, კვლავ დაიკავა ავარია და დაღესტნის მთელი რიგი რაიონები. იმამის სამფლობელო მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისი ჯარი 20 ათას კაცს აღწევდა. 1843 წელს რუსეთის მთავარსარდლობამ თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია.
1844 წელს რუსეთის ჯარმა შამილის დასაყრდენი აული დარღო იერიშით აიღო და დაანგრია; მთიელებმა ბრძოლით დაიხიეს მთებში და მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ალყაში მოექციათ ახალი მთავარსარდალი მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც დახმარე ძალების მოშველიებით გაარღვია რკალი. 1846 წელს ვორონცოვმა იმამატს სიმაგრეთა რკალი შემოარტყა და ისე შეუტია. შამილმა რამდენიმეჯერ სცადა ამ რკალის გარღვევა. 1846 წელს მისი რაზმები ყაბარდოში შეიჭრნენ, მაგრამ რუსთა ჯარებმა უკუაქციეს. 1849 წელს შამილმა თემირ-ხან-შურის აღება და კახეთში შეჭრა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1850 წელს ტყეების გაჩეხვის, აულების დარბევისა და კორდონების დაწესების ტაქტიკამ აიძულა ჩაჩნები ბრძოლაზე ხელი აეღოთ. 1853 წლიდან შამილის რაზმებმა ეს მხარე საბოლოოდ მიატოვეს.
ყირიმის ომის (1853-1856) დროს მთიელთა ბრძოლა შამილის მეთაურობით უმაღლეს ფაზაში შევიდა. შამილმა თავისი მიზნების განხორციელება რუსეთის წინააღმდეგ ოსმალეთისა და ინგლისის ბრძოლას დაუკავშირა. ოსმალეთს იგი წინასწარ მოელაპარაკა. 1853 წლის აგვისტოს 15-ათასიანი ჯარით შამილმა ზაქათალასთან სიმაგრეთა ხაზის გარღვევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმავე დროს ადიღეელებმაც სცადეს სიმაგრეთა ხაზების გარღვევა. ამ დროს ყირიმის ომიც დაიწყო. ფრონტი კავკასიაშიც გაიხსნა. აქ ოსმალეთის ჯარებმა 3 მიმართულებით დაიწყეს შეტევა. ძირითადი ძალები (40 ათასი კაცი) ალექსანდროპოლისაკენ გაემართნენ, ხოლო 20-ათასიანი ჯარი ახალციხეს მიადგა და ბორჯომის ხეობით თბილისისაკენ გაჭრა სცადა. ოსმალთა ჯარის მე-3 ნაწილმა ფოთის სამხრეთით მდებარე წმინდა ნიკილოზის პორტი აიღო. 14 ნოემბერს ახალვიხესთან ბრძოლაში გენერალ ივანე ანდრონიკაშვილმა 5-ათასიანი რაზმით დაამარცხა ოსმალთა 20-ათასიანი ჯარი, ხოლო 19 ნოემბერს ბაშკადიკლართან გენერალ ვასილ ბებუთოვმა ოსმალთა ძირითადი ძალები გაანადგურა.
1854 წლის მაისში თურქები კვლავ გადმოვიდნენ შეტევაზე. 27 მაისს სოფელ ნიგოეთთან რუსთა ლაშქარმა (3 ათასი კაცი) უკუაქცია მოწინააღმდეგე (12 ათასი კაცი), ხოლო 4 ივნისს მდინარე ჩოლოქზე გენერალ ანდრონიკაშვილის ჯარმა (13 ათასი კაცი) თურქთა ლაშქარი (34 ათასი კაცი) დაამარცხა. 19 ივლისს რუსეთის ჯარმა ბაიაზიდი აიღო. ამ დროს შამილის არმიამ შეძლო სიმაგრეთა ხაზის გადმოლახვა და საქართველოში შეიჭრა. იგი სოფელ წინანდლამდე მივიდა, მაგრამ აქ შეაჩერეს და უკუაქციეს. შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი ისახელა ქართველთა ლაშქარმა. 24 ივლისს ქურუქ-დართან ბრძოლაში ოსმალთა 60-ათასიანი არმია დამარცხდა.
1855 წლის ივნისსში რუსეთის ჯარმა შემოარტყა ციხე-ქალაქ ყარსს და ამით საფრთხე შეუქმნა ოსმალეთის ძირითად ცენტრებს. ყარსის გადასარჩენად ოსმალებმა ინგლისის და ფრანგების დახმარებით სევასტოპოლის აღების შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში, სოხუმში 45-ათასიანი ჯარი გადმოსხეს ომარ-ფაშას მეთაურობით. ოსმალთა ამ ძალების წინააღმდეგ მებრძოლ რუს-ქართველთა ჯარებს გენერალ ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი სარდლობდა. 23-25 ოქტომბერს მდინარე ენგურზე გაიმართა ბრძოლა, რომელმაც დიდად შეასუსტა ოსმალთა ლაშქარი, მაგრამ მისი შეჩერება ძალთა სიმცირის გამო ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ვერ შეძლო და მდინარე ცხენისწყალზე დაიკავა ახალი პოზიცია. ოსმალებმა თითქმის მთლიანად აიღეს სამეგრელო, დასავლეთ საქართველოში პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა. 1855 წლის 16 ნოემბერს რუსეთის ჯარს (გენერალი ნ. მურავიოვი) ყარსის გარნიზონი დანებდა. რუსთა მაშველი ჯარებისა და საქართველოს მოსახლეობის პარტიზანული ბრძოლებით შევიწროებულმა ომარ-ფაშამ უკან დაიხია. 1856 წლის თებერვალს იგი სოხუმზე გავლით ზღვით ტრაპიზონუისაკენ გაემართა.
ადიღეელები კვლავ აგრძელებდნენ ანტიკოლონიურ ბრძოლას და უტევდნენ საკუთარ მიწა-წყალზე აგებული სიმაგრეების ხაზს, მაგრამ მათ უარი თქვეს ოსმალეთის ქვეშევრდომობაზე და არ მიემხრნენ ოსმალეთ-ინგლისის, საფრანგეთ- ანტირუსულ კოალიციას. შამილის იმამატი კი ღრმა კრიზისს განიცდიდა, თავი იჩინა სოციალურმა წინააღმდეგობამ; შამილის ნაიბები ფაქტობრივად ფეოდალებად იქცნენ, რაც გლეხობაში უკმაყოფილებას იწვევდა. ხალხი თანდათან განუდგა შამილს, ხანგრძლივმა ბრძოლამ და დიდმა მსხვერპლმა აჯანყებულთა რიგები შეამცირა და დაასუსტა.
1856 წელს ახალდანიშნულმა მთავარსარდალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ ახალი ძალით შეუტია იმამატს. 1859 წელს თითქმის მთელი ჩაჩნეთი და მთიანი დაღესტანი რუსთა ჯარებმა დაიკავეს. იმავე წლის გაზაფხულზე შამილის ჯარს ალყა შემოარტყეს აულ ვედენოში. მცირე რაზმით იგი დაღესტნის აულ ღუნიბში გამაგრდა, მაგრამ 1859 წლის 26 თებერვალს რუსთა ჯარს დანებდა. შამილი თავისი ოჯახით კალუგაში დაასახლეს, ხოლო 1870 წელს მექაში წასვლის ნება დართეს.
ჩრდილოეთ-დასავლეთ კავკასიაში ადიღეელთა წინააღმდეგ კვლავ იბრძოდა რუსთა ჯარი. 1858 წელს აქ კორდონების ხაზები დაწესდა მდინარე ბელაიის გასწვრივ, სადაც 1857 წელს ქ. მაიკოპი დაარსდა, ხოლო ყუბანის გადმოღმა კაზაკთა ახალი სტანიცები გაჩნდა. ცარიზმი კავკასიაში ხალხთა გადასახლების პოლიტიკას ახორციელებდა.
1859 წლის ნოემბერში რუს ხელისუფლებას ადიღეელთა აჯანყების მოთავე მუჰამედ-ემინიც დანებდა. 1860 წელს ადიღეელთა ტომის — ნათხვაჯების, ხოლო 1862-1864 წლებში აბაძეხების, შაფსუღებისა და უბიხების წინააღმდეგობაც გატეხეს. 1864 წლის 21 მაისს რუსეთის ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში მთიელთა ბრძოლის უკანასკნელი კერა - კბაადა დაიკავა. ეს თარიღი კავკასიის ომის დასასრულად ითვლება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.