![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6c/Jakartaskyline1.jpg/640px-Jakartaskyline1.jpg&w=640&q=50)
ინდონეზიის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდონეზიის ეკონომიკა უდიდესია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მასშტაბით და გარდამავალ ეკონომიკას მიეკუთვნება. როგორც საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფო და დიდი ოცეულის წევრი ქვეყანა, ინდონეზია ახალინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოებს შორისაა.[1] იგი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-17 ადგილზეა, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მე-7 ადგილზეა. 2019 წელს ინდონეზიის ციფრული ეკონომიკის მოცულობამ 40 მილიარდი $ შეადგინა და პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 130 მილიარდ $-ს გაუტოლდება.[2] ინდონეზია შიდა ბაზარზე, მთავრობის ბიუჯეტის ხარჯვასა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებზეა დამოკიდებული (ცენტრალური მთავრობა 141 საწარმოს ფლობს). ინდონეზიის საბაზრო ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბაზისო საქონლის (მათ შორის ბრინჯი და ელექტროენერგია) ფასების ადმინისტრირებაც. აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ეკონომიკის დიდი ნაწილი ინდონეზიელების მიერ ინდივიდუალურად ან უცხოური კომპანიების მიერ კონტროლდება.[3][4]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6c/Jakartaskyline1.jpg/640px-Jakartaskyline1.jpg)
1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ ინდონეზიის მთავრობამ კერძო სექტორის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინა საბანკო სესხებისა და კორპორატიული აქტივების მეშვეობით, სესხების რეკონსტრუქციის პროცესის დროს. რამდენიმე წლის შემდეგ კომპანიების პრივატიზაცია მოხდა. 1999 წლიდან ინდონეზიის ეკონომიკა აღდგა და საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 4-6%-ს გაუტოლდა.[5]
2012 წელს ინდონეზიამ ინდოეთს გადაუსწრო და დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ჩინეთის შემდეგ.[6][7] 2020 წელს ინდონეზიის ეკონომიკის რეცესიის შედეგად ეკონომიკურმა ზრდამ -2.07% შეადგინა, რაც Covid-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული. 1997 წლის კრიზისის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. Covid-19-ის შეზღუდვების მოხსნისა და ექსპორტის ზრდის შემდეგ, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.69%-ით გაიზარდა.[8]
პროგნოზის თანახმად, 2045 წლისთვის ინდონეზიის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე იქნება. ჯოკო ვიდოდოს კაბინეტის გამოთვლებით ინდონეზიის მოსახლეობა 2045 წლისთვის 309 მილიონ ადამიანს მიაღწევს და 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდის შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 9.1 ტრილიონ $-ს გაუტოლდება. პროგნოზის თანახმად ერთ სულ მოსახლეზე ინდონეზიის შემოსავალი 29 000 $-ს გაუტოლდება.[9]