ინგლისის რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის რევოლუცია 1640 წლის 3 ნოემბერს „ხანგრძლივი პარლამენტის“ მოწვევით დაიწყო. 1642 წლის იანვარში ლონდონიდან ჩრდილოეთში მეფის წასვლით რევოლუციის მშვიდობიანი პერიოდი დასრულდა. გარდაუვალი გახდა სამოქალაქო ომი. ინგლისის მოსახლეობა ორ ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილად გაითიშა. მეფის ბანაკის ძირითადი ძალა ძველი თავადაზნაურობა იყო. პარლამენტის ბანაკს ბურჟუაზია და ახალი თავადაზნაურობა, გლეხობა და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა შეადგენდა. გამოიკვეთა რეალური დაპირისპირებაც. ანგლიკანური სამღვდელოება და ირლანდიელი კათოლიკეები მეფეს ემხრობოდნენ, პურიტანები კი პარლამენტს. ამიტომ ინგლისის რევოლუციას ხშირად „პურიტანულ რევოლუციასაც“ უწოდებენ. პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირება ტერიტორიულ დაყოფაშიც აისახა. ინგლისის ჩრდილოეთისა და დასავლეთის ნაკლებად დასახლებული, ჩამორჩენილი ნაწილი მეფის დასაყრდენად იქცა, მჭიდროდ დასახლებული, განვითარებული სამხრეთ აღმოსავლეთი ინგლისი, ლონდონი და ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი კი პურიტანებს ემხრობოდა. ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა პარლამენტის მხარეს იდგა.