From Wikipedia, the free encyclopedia
იგაპო (წარმოდგება ძვ. ტუპის ენიდან: „ფესვების ტყე“) − ტერმინი, რომლითაც ბრაზილიაში ამაზონის ბიომის მდინარეების წყლით დატბორილი ტყეები აღინიშნება. მსგავსი ტყეები და ჭაობიანი ტყეები სეზონურად მტკნარი წყლით ივსება. იგაპო ჩვეულებრივ ქვედა დონის მდინარეებისა და მტკნარი ტბების ირგვლივ წარმოიქმნება. მტკნარი წყლის ჭაობის ტყეები სხვადასხვა კლიმატურ ზონაში გვხვდება: დაწყებული სუბარქტიკული სარტყლიდან, დამთავრებული სუბტროპიკებითა და ტროპიკებით. ბრაზილიის ამაზონის დაბლობის სეზონურ მტკნარი წყლით დატბორილ ტყეებს ვარზეას უწოდებენ, რომელიც ბევრი რამით იგაპოს წააგავს. ორ ჰაბიტატს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი წყლის ნაკადებია.[1]
იგაპო უმთავრესად სეზონური უხვი წვიმების შედეგად წარმოიქმნება. ზოგიერთ სივრცეში ხეები წელიწადში 6 თვის მანძილზე წყალშია მოქცეული.[2] იგაპოს ეკოსისტემები უმთავრესად ღიაა და საშუალოდ 30% 20-25 მეტრის სიმაღლის წარაფებითაა დაფარული. იგაპოს ხეები მრავალფეროვანია. მტკნარი წყლის ჭაობის ტყეების ხეების განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მიკროტოპოგრაფიასა და დატბორვის ინტენსივობაზე. ჭაობიან ტყეებს გარემოსთვის ზიანის მიყენებაც შეუძლია და მხოლოდ მცირე სახეობის ხეებს შეუძლიათ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და სხვა სახეობის ხეებზე დომინირება. იგაპოს ეკოსისტემაში ყველაზე ხშირად პარკოსნები გვხდება, ზოგიერთი ჭაობიანი ტყე კი მხოლოდ პარკოსნებითაა შექმნილი. ერთი სახეობის პარკოსნებით შექმნილ იგაპო უხვი აზოტიფიკაციით გამოირჩევა.[3]
მტკნარი წყლის ჭაობიანი ტყეები ჭარბტენიანი ტერიტორიების ორ კატეგორიად იყოფა: მუდმივ და პერიოდულ ტყეებად. ამ კატეგორიებად დაყოფას მაღალი მიკროტოპოგრაფიული ვარიაცია განაპირობებს. ტოპოგრაფიული განსხვავების გამო ხეების გავრცელების სივრცე შეზღუდულია და მცირე ტერიტორიაზეა გავრცელებული.[3]
იგაპოს ეკოსისტემაში ფრინველების, ძუძუმწოვრების, რეპტილიების, ამფიბიების, თევზებისა და უხერხემლოების მრავალი სახეობა ბინადრობს. ჭაობიანი ტერიტორიებისა და სახეობებით მდიდარი ჭაობიანი ტყეების ბიომრავალფეროვნება განსხვავდება და ბოლომდე არ არის ცნობილი. სამხრეთ ამერიკის სხვა ტყეებისგან განსხვავებით იგაპოს ეკოსისტემა ხეების სახეობებით არ გამოირჩევა.[3]
იგაპოს ეკოსისტემა ნიუტრიენტების მცირე შემცველობით გამოირჩევა. წყლის შეფერილობა და მჟავიანობა მჟვური ორგანული ნივთიერებებისგანაა განპირობებული. იგაპოს ტყეები ვარზეას ტყეებთან შედარებით ნუტრიენტებით უფრო ღარიბია.[2] საერთო ჯამში, იგაპოს ბუნება სახეობათა მრავალფეროვნების და ცხოველთა ბიომასის ნაკლებობით გამოირჩევა. ვარზეას ტყეებში ნუტრიენტების მაღალი შემცველობა თეთრი წყლის მდინარეებიდან ჩატანილი ნალექითაა განპირობებული. სამხრეთ ამერიკის სხვა ტყეებისგან განსხვავებით იგაპოს ტყეები ფოსფორის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა.[2]
ხმელეთის ცხოველებისა და თევზების მრავალფეროვნება დიდადაა დატბორვაზე დამოკიდებული. დიდი რაოდენობის წყლის სახეობები საკვების საძიებლად დატბორილი ტყეებისკენ გადაადგილდებიან. ამაზონის მდინარის დელფინები და გიგანტური წავები თევზის პოპულაციით მდიდარი სივრცეებისკენ გადაადგილდებიან.[4][5] დიდი ზომის ხმელეთის ძუძუმწოვრები წყალდიდობასთან გასამკლავებლად სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ: წითელი მაზამა (Mazama americana) და საყელოიანი პეკარა (Pecari tajacu) კუნძულებისკენ გადაადგილდებიან და მცენარეებითა და ხილით იკვებებიან. თეთრტუჩა პეკარებსა და ტაპირებზე სეზონური წყალდიდობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.