From Wikipedia, the free encyclopedia
ზაურ კალოევი (დ. 24 მარტი, 1931, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 დეკემბერი, 1997, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა თბილისის „სპარტაკის“, თბილისის „დინამოს“, მოსკოვის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963).[1] ღირსების ორდენის კავალერი (1996).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ზაურ გრიგოლის ძე კალოევი | ||
დაბადების თარიღი | 24 მარტი, 1931 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
23 დეკემბერი, 1997 (66 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1950–1952 | სპარტაკი თბ. | 26 | (13) |
1953–1957 | დინამო თბ. | 67 | (23) |
1957–1958 | ლოკომოტივი | 21 | (7) |
1959–1964 | დინამო თბ. | 138 | (75) |
ეროვნული ნაკრები | |||
1959 | სსრ კავშირი | 3 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1965–1967 | სპარტაკი ცხინვალი | ||
1968–1970 | მაღაროელი ჭიათურა | ||
1971–1972 | 35-ე საფეხბურთო სკოლა | ||
1973–1975 | ასკ თბილისი | ||
1978 | მაღაროელი ჭიათურა | ||
1980–1983 | ასკ თბილისი | ||
1986–1988 | არმაზი მცხეთა | ||
1991 | არმაზი მცხეთა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ზაურ კალოევი 1931 წლის 24 მარტს, თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში თბილისის 35-ე სკოლაში დაიწყო. 1950–1952 წლებში თბილისის „სპარტაკში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც პირველად 1950 წლის 30 ივლისს საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „სპარტაკი“ და კუიბიშევის „კრილია სოვეტოვი“ დაუპირისპირდნენ, თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. თბილისელთა მხრიდან ოთხიდან ერთი ბურთი მატჩის დებიუტანტმა ზაურ კალოევმა გაიტანა. შეხვედრას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. სპარტაკელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: ვლადისლავ ჟმელკოვი, თეიმურაზ გუგუნავა, ივანე შუდრა, იური კატანოვი, არჩილ კილაძე, ნიკოლოზ გაგნიძე, ავთანდილ პაიჭაძე, კონსტანტინე გაგნიძე, გიორგი აროშიძე (ზაურ კალოევი 46'), მერაბ გამყრელიძე და ვლადიმერ ლომაია.[2]
1953 წლიდან თბილისის „დინამოში“ განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც ქართული ფეხბურთის ორ გამორჩეულ თაობასთან ერთად მოუწია თამაში — თავდაპირველად, ავთანდილ ღოღობერიძის, ვლადიმერ მარღანიას, ვლადიმერ ელოშვილისა და ავთანდილ ჭკუასელის, შემდეგ კი გივი ჩოხელის, სერგო კოტრიკაძის, შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას, გიორგი სიჭინავას, მურთაზ ხურცილავას, ილია დათუნაშვილის, სლავა მეტრეველისა და მიხეილ მესხის მხარდამხარ ასპარეზობდა.[3]
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ზაურ კალოევი საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის (1953) და ორჯერ (1959, 1962) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. „დინამოს“ მაისურით საკავშირო ჩემპიონატში 203 მატჩი ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა, თასზე 15 შეხვედრაში — 13 გოლი, ხოლო საერთაშორისო მატჩებში კი დინამოელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა — 61 შეხვედრაში 56 გოლი.[3]
გარკვეულ მიზეზთა გამო, 1957–1958 წლებში ზაურ კალოევს „დინამოდან“ წასვლამ მოუწია და ორი სეზონი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა. 1959 წლიდან ანდრო ჟორდანიას ინიციატივით კალოევი თბილისის „დინამოში“ დააბრუნეს და ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ამასთან, ზედიზედ ორჯერ, 1959 და 1960 წლებში საკავშირო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილ პრიზსაც დაეუფლა — პირველად, 22 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო მეორედ, 23 შეხვედრაში — 20 გოლი. საფეხბურთო კარიერა „დინამოსთვის“ საჩემპიონო სეზონში — 1964 წელს დაასრულა.[3]
საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 1960 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო, მაგრამ გივი ჩოხელის, სლავა მეტრეველისა და მიხეილ მესხისგან განსხვავებით პარიზში გამართულ თამაშებში მონაწილეობა არ მოუწია.[3]
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მოკიდა ხელი. იყო ცხინვალის „სპარტაკის“ (1965–1967), ჭიათურის „მაღაროელის“ (1968–1970), თბილისის ასკ-ის (1973–1975, 1980–1983) და მცხეთის „არმაზის“ (1986–1991) მთავარი მწვრთნელი. 1971–1972 წლებში მუშაობდა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში. მისმა გაწვრთნილმა თბილისის ასკ-მ 1973, 1974 და 1981 წლებში მოიგო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების თასის გათამაშება.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში საერთაშორისო მატჩებში ზაურ კალოევი თბილისის „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. ყველა ტურნირებზე (ჩემპიონატი, თასი, საერთაშორისო მატჩები) გატანილი გოლებით კი მეორე მაჩვენებელი (164) აქვს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რამაზ შენგელიას ჩამორჩება. ამასთან, ერთ მატჩში საშუალო შედეგიანობის პროცენტით (0.59) ზაურ კალოევი პირველობას ინარჩუნებს.[3]
1959 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[7][8][კომ. 1]
1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ზაურ გრიგოლის ძე კალოევი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[9][10]
1996 წლის 12 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით ქართული ფეხბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდაში დიდი ღვაწლისათვის სპორტის დამსახურებული ოსტატი ზაურ კალოევი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[11]
თემატური საიტები |
---|
AFS · dinamo-tbilisi.ru · FootballDatabase.eu · Football in USSR · FootballFacts.ru · infosport.ru · RSSSF · Rusteam.Permian.ru · Sports.ru · Transfermarkt |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ქართველი სპორტსმენები · ქართული ენციკლოპედია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.