ვიაჩესლავ ჩორნოვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიაჩესლავ ჩორნოვილი (უკრაინულად: В'ячесла́в Макси́мович Чорнові́л; 1937 წლის 24 დეკემბერი – 1999 წლის 25 მარტი) იყო უკრაინელი პოლიტიკოსი და საბჭოთა დისიდენტი. როგორც სახელგანთქმული უკრაინელი საბჭოთა დისიდენტი, ჩორნოვილი მრავალჯერ დააპატიმრეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო 1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში.[1] 1992 წლიდან მოყოლებული, ჩორნოვილი იყო უკრაინის სახალხო მოძრაობა "რუხის" ლიდერი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ოპოზიციურ პარტიას დემოკრატიულ უკრაინაში, ხოლო 1995 წლიდან - გაზეთის Chas-Time მთავარი რედაქტორი. ჩორნოვილმა, რომელიც 1980-იანი და 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო, თანამედროვე უკრაინას დამოუკიდებლობის აღდგენაში დაეხმარა.
ჩორნოვილი დაიბადა კიევის ოლქში და, თავდაპირველად, მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებსა და ტელევიზიაში, სანამ არ გამოაგდეს და არ მიუსაჯეს იძულებითი სამუშაო დისიდენტური საქმიანობის გამო. ჩორნოვილი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დამოუკიდებელი აქტივისტი გახდა და გაწევრიანდა უკრაინული ჰელსინკის ჯგუფში. 1988 წელს, ჩორნოვილმა დააარსა პირველი არაკომუნისტური პარტია "უკრაინის სახალხო მოძრაობა", თუმცა ვეღარ შეძლო 1991 წელს დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, რადგან დამარცხდა ლეონიდ კრავჩუკთან.
1994 წლის უკრაინული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ჩორნოვილი პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მთავარ კრიტიკოსად ჩამოყალიბდა. 1999 წლის უკრაინულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსალოდნელი იყო, რომ ჩორნოვილი კუჩმას გაუწევდა კონკურენციას, თუმცა, ავტოკატასტროფაში მოულოდნელი და მისტიკური გარდაცვალება მისი კამპანიის დასასრულის საწინდარი გახდა. ჩორნოვილი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს ფიგურად მას შემდეგ, რაც 1991 წელს უკრაინამ აღიდგინა დამოუკიდებლობა.