From Wikipedia, the free encyclopedia
ეროვნული საზღვაო მუზეუმი - საზღვაო მუზეუმი გრინვიჩში, ლონდონში. შედის გრინვიჩის სამეფო მუზეუმების შემადგენლობაში, გრინვიჩის საზღვაო მუზეუმების ქსელში, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეთა მიერ დაფინანსებული სხვა ეროვნული მუზეუმების მსგავსად, ეროვნულ საზღვაო მუზეუმში შესვლაც უფასოა. დროებით გამოფენებზე, ძირითადად, სხვა მუზეუმებიდან იჯარით აღებული ნამუშევრების გამოფენებზე შესვლა ფასიანია.
ეროვნული საზღვაო მუზეუმი | |
---|---|
51°28′52″ ჩ. გ. 0°00′20″ დ. გ. | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | Royal Borough of Greenwich[1] |
ოფიციალური საიტი | https://www.rmg.co.uk/national-maritime-museum[2] |
ეროვნული საზღვაო მუზეუმი 1934 წელს მიღებული „კანონით ეროვნული საზღვაო მუზეუმის შესახებ“ შეიქმნა და მისი უდიდებულესობის ხაზინის დირექტორთა საბჭოს დაექვემდებარა. მუზეუმის პირველი კოლექცია ჯეიმზ ქერდის (1864-1954) შემოწირულობით შეიქმნა. 1937 წლის 27 აპრილს მუზეუმი ოფიციალურად გახსნა მეფე ჯორჯ VI-მ. მუზეუმის პირველი დირექტორი ჯოფრი კალენდერი იყო.[3]
გრინვიჩს უძველესი დროიდან ახლო კონტაქტები ჰქონდა ზღვასთან და ნავიგაციასთან. რომაელები პირველად სწორედ აქ გადავიდნენ ხმელეთზე, ჰენრი VIII-ც გრინვიჩში ცხოვრობდა და 1675 წელს ჩარლზ II-მ „ადგილთა გრძედის განსასაზღვრად“ გრინვიჩის ობსერვატორია დააარსა. 1884 წელს გრინვიჩის საშუალო დრო და ნულოვანი მერიდიანი შემოიღეს, რის შემდეგაც გრინვიჩი ასტრონომიული სწავლების ცენტრი გახდა, ხოლო საზღვაო ნავიგატორები თავიანთ საათებს გრინვიჩის დროით ასწორებდნენ. მუზეუმში ბრიტანეთის საზღვაო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატებია დაცული. კოლექცია ჯამში ორ მილიონზე მეტ ექსპონატს მოიცავს, მათ შორის, საზღვაო მხატვრობის (ბრიტანული და XVII საუკუნის ნიდერლანდური მხატვრობის) ნიმუშებს, კარტოგრაფიის ნამუშევრებს, მანუსკრიპტებს, გემების მოდელებსა და გეგმებს, სამეცნიერო და სანავიგაციო ინსტრუმენტებს, დროის საზომ და ასტრონომიულ ხელსაწყოებს და ა.შ. კოლექციაში შესულია ვიცე-ადმირალ ჰორაციო ნელსონისა და კაპიტან ჯეიმზ კუკის პორტრეტები.[4]
მუზეუმი მიზნად ისახავს ბრიტანეთის ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და საზღვაო ისტორიის წარმოჩენასა და მის შედეგებს დღევანდელ მსოფლიოში. მუზეუმში სხვადასხვა ტიპის გამოფენა ეწყობა, მათ შორის: გემების საათები და ვარსკვლავები (2014), სემიუელ პეპსი: შავი ჭირი, ხანძარი, რევოლუცია (2015) და ემა ჰამილტონი: ცდუნება და ბრწყინვალება (2016).[5][6][7]
მუზეუმი პირველი შემომწირველის, ჯეიმზ ქერდის პატივსაცემად, ყოველწლიურად ქერდის მედალს გასცემს.[8]
მუზეუმი ოფიციალურად დაარსდა 1934 წელს, გრინვიჩის სამეფო პარკში, 200 აკრის ტერიტორიაზე. მუზეუმის შენობაში თავდაპირველად სამეფო ჰოსპიტალი-სკოლა იყო განთავსებული, რომელიც შემდეგში ჰოლბრუკში (საფოლკი) გადაიტანეს.
მუზეუმის მთავარ გალერეებს მთავარი რესტავრაცია 1999 წელს ჩაუტარდა, რომელიც Heritage Lottery Fund-მა დააფინანსა და 'Rick Mather Architects-მა დააპროექტა.
2008 წელს, მუზეუმის განცხადებით, ისრაელელმა საზღვაო მაგნატმა, სამი ოფერმა ახალ გალერეას 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესწირა.[9]
2016-დან 2017 წლამდე ერთწლიან პერიოდში ეროვნულ საზღვაო მუზეუმს 2.41 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა.[10]
აქტიური საიჯარო პროგრამის წყალობით, კოლექციის ნიმუშები ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი.[11]
ეროვნულ საზღვაო მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანული მიურვიკის საზღვაო სკოლიდან წამოღებული ექსპონატებიც, მათ შორის: რამდენიმე გემის მოდელი, ნახატები და დროშები. მუზეუმი ომის დროს „მიტაცებული ხელოვნების ნიმუშების“ ქონის გამო გააკრიტიკეს.[12][13][14][15][16] მუზეუმი აღნიშნულ ექსპონატებს „ომში მოპოვებულ კულტურულ ჯილდოდ“ აღიარებს, რომლებიც პოტსდამის კონფერენციის დებულებიდან ამოღებულია.[17]
2018 წლის აგვისტოში ტიტანიკის 5 500 რელიქვიის შესაძენად, რომელიც Premier Exhibition-ის აქტივს წარმოადგენდა, რამდენიმე ჯგუფი იბრძოდა.[18] საბოლოოდ, ეროვნულმა საზღვაო მუზეუმი, ტიტანიკ-ბელფასტი, ტიტანიკის ფონდი და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმები კონსორციუმის სახით გაერთიანდნენ, რათა ყველა არტეფაქტი შეეძინათ და ერთ გამოფენაზე ერთად გამოეფინათ. ოკეანოგრაფი რობერტ ბალარტი თვლიდა, რომ ტიტანიკიდან აღებული რელიქვიები მუდმივად უნდა გამოფენილიყო ბელფასტში (სადაც გემი აიგო) და გრინვიჩში.[18] მუზეუმებმა ჯექსონვილში, ფლორიდაში გამართული აუქციონი გააკრიტიკეს, რადგანაც მინიმალური შენატანი აუქციონზე 21.5 მილიონი აშშ დოლარი იყო, მუზეუმებს კი, საკმარისი დაფინანსება არ ჰქონდათ.[19][20]
1984 წელს, მუზეუმის დაარსებიდნა 50-ე წლისთავზე, მუზეუმმა ქერდის მედალი დააწესა. მედალი ყოველწლიურად იმას გადაეცემა, „ვისაც ეროვნული საზღვაო მუზეუმის დირექტორთა საბჭოს აზრით, მუზეუმის ინტერესების შესაბამისი მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს გაწეული“. მედალი ჯეიმზ ქერდის (1864-1954), ეროვნული საზღვაო მუზეუმის პირველი მნიშვნელოვანი დონორის სახელს ატარებს.[8]
კორნუოლის ეროვნული საზღვაო მუზეუმი დამოუკიდებელი მუზეუმია, რომელიც 1992 წლის ფალმუთის საერთაშორისო საზღვაო ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, ეროვნული საზღვაო მუზეუმის, გრინვიჩისა და ყოფილი ფალმუთის კორნუოლის საზღვაო მუზეუმის კოლაბორაციის შედეგად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.