![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/41/Eminem_at_DJ_Hero_Party.jpg/640px-Eminem_at_DJ_Hero_Party.jpg&w=640&q=50)
ემინემის დისკოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკელი რეპერ ემინემის ჩანაწერები გამოცემულია ლეიბლებზე Web Entertainment და Interscope Records, ისევე, როგორც მათ ფილიალებზე Aftermath Entertainment, Goliath Artists და შემსრულებლის საკუთარ Shady Records-ზე. ემინემი არის ყველა დროის კომერციულად წარმატებული ჰიპ-ჰოპ[1] და 2000-იანების ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი[2]. აშშ-ში ათწლეულის განმავლობაში გაიყიდა მისი 32.2 მილიონი დისკი.[3] 2010 წლის ნოემბრისთვის აშშ-ში მისი სიმღერების ციფრული ჩამონატვირთების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა.[4] დღეისთვის ეს რიცხვი 42 მილიონს აჭარბებს.[5] მსოფლიოში ემინემის ალბომების და სინგლების გაყიდვების ტირაჟი 172 მილიონს აღემატება.[6] RIAA-სგან რეპერს მიღებული აქვს პლატინის 42 სერტიფიცირება, აქედან ხუთი – #1 სინგლებისთვის და ექვსი – #1 ალბომისთვის[A]. ამ დისკოგრაფიაში აგრეთვე შეტანილია მუსიკალური ვიდეოები და ერთობლივი ნამუშევრები.
ემინემის დისკოგრაფია | |
---|---|
![]() | |
სტუდიური ალბომები | 9 |
კომპილაციური ალბომები | 8 |
ვიდეო ალბომები | 5 |
მუსიკალური ვიდეოები | 57 |
EP-ები | 1 |
სინგლები | 46 |
1996 წელს Web Entertainment-ზე გამოვიდა ემინემის პირველი ალბომი, Infinite. იგი დაახლოებით ათასი ასლის ოდენობით გაიყიდა[7] და ვერ მოხვდა აშშ-ის ჩარტებში. Interscope Records-თან და Aftermath Entertainment-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ემინემმა 1999 წელს გამოსცა შემდგომში კომერციულად წარმატებული The Slim Shady LP, რომელიც Billboard 200-ში მეორე პოზიციას იკავებდა და ოთხი გზის პლატინის მფლობელი გახდა. იმავე წელს რეპერმა, მენეჯერ პოლ როზენბერგთან ერთად, დააარსა ლეიბლი Shady Records.[8][9] შემდეგ წელს მან გამოსცა The Marshall Mathers LP, რომელიც პირველივე კვირაში 1.76 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა, იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჰიპ-ჰოპ ალბომად და აშშ-ში ყველაზე სწრაფად გაყიდულ სოლო-ალბომად. 2000-იანებში იგი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ალბომი იყო, ბრიტნი სპირსის Oops!... I Did It Again-ის შემდეგ.[10][11] 10 მილიონზე მეტი გაყიდული ასლით[12] The Marshall Mathers LP აშშ-ში წლის მესამე ყველაზე გაყიდვადი ალბომიც იყო[13] და მიიღო პლატინის სცხრა სერტიფიცირება. მისი წამყვანი სინგლი, „The Real Slim Shady“, იქცა რეპერის პირველ სიმღერად, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა. აშშ-ის ფარგლებს გარეთ „Stan“ იყო მისი ყველაზე წარმატებული სინგლი - თავად აშშ-ში იგი 50-ეულშიც არ მოხვედრილა.
2002 წელს გამოვიდა ემინემის შემდეგ ალბომი, The Eminem Show. იგი უმალვე Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე მოხვდა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ჩარტებში და საბოლოო ჯამში 19 მილიონზე მეტი ასლის სახით გაიყიდა.[14] აშშ-ში იგი წლის ყველაზე გაყიდვადი დისკი გახდა[15] – თითქმის 10 მილიონი გაყიდული ასლის სახით.[16] 2011 წელს ალბომმა RIAA-სგან მიიღო ალმასის სერტიფიცირება. იგივე სტატუსი მას მიენიჭა კანადაში, თუმცა ადგილობრივი წესებით – მილიონი გაყიდული ასლისთვის. ახალ ზელანდიაში The Eminem Show-ს ჰქონდა რვა პლატინის ჯილდო. იმავე წელს რეპერის სიმღერა „Lose Yourself“, „მერვე მილის“ საუნდტრეკიდან, იქცა მის პირველ #1 სინგლად ცხელ ასეულში და ამ პოზიციას იკავებდა 12 კვირის განმავლობაში.[17] სიმღერამ აგრეთვე მიაღწია აშშ-ის სხვა ჩარტების პირველ პოზიციებამდე. ფილმის საუნდტრეკი აშშ-ში ასევე #1 იყო და გაიყიდა ოთხ მილიონზე მეტი ასლის ოდენობით[16], ცხრა მილიონზე მეტი კი მსოფლიოში გაიყიდა.[18]
2004 წელს გამოვიდა ემინემის მეხუთე სტუდიური ალბომი Encore – ზედიზედ რიგით მესამე მის კარიერაში, რომელიც აშშ-შიც, ავსტრალიაშიც, კანადაშიც, ახალ ზელანდიაშიც და გაერთიანებულ სამეფოშიც #1 პოზიციაზე იმყოფებოდა. თუმცა, კომერციულად იგი წინა დისკებთან ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. აშშ-ში გაიყიდა მხოლოდ 5[19], მსოფლიოში კი – 11 მილიონი ასლი.[20] ალბომის სინგლების უფრო წარმატებული იყო გაერთიანებულ სამეფოში. იქ ჩარტის სათავეში მოხვდნენ „Just Lose It“ და „Like Toy Soldiers“. კიდევ ორი სიმღერა, „Mockingbird“ და „Ass Like That“ მეოთხე პოზიციას იკავებდა. კომპილაციური Curtain Call: The Hits 2005 წელს გამოვიდა და აშშ-ში გაიყიდა სამი მილიონი ასლის ოდენობით[19]. მან აგრეთვე დაიმსახურა RIAA-ს ორმაგი პლატინის სერტიფიცირება. შემდეგ წელს Shady Records-მა გამოსცა Eminem Presents: The Re-Up, კომპილაციური ალბომი, რომლის ჩაწერაში ემინემის გარდა ამავე ლეიბლის სხვადასხვა შემსრულებელი მონაწილეობდა. 2007 წელს ალბომმა მიიღო პლატინის სერტიფიცირება და აშშ-ში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა.[16]
2009 წელს გამოვიდა „Crack a Bottle“, Dr. Dre-ს და 50 Cent-ის მონაწილეობით, რომელიც ცხელ ასეულში ემინემის მეორე #1 სინგლად იქცა და აშშ-ში პირველ კვირაში ციფრული გაყიდვების რეკორდსმენიც იყო - 418 000 გაყიდული ასლით.[21] ოთხ წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის შესვენების შემდეგ გამოვიდა რეპერის მეექვსე სტუდიური ალბომი Relapse, რომელიც კვლავ ჩარტების სათავეებში მოხვდა და გაიყიდა 2 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.[22] შემდეგ წელს გამოვიდა მეშვიდე ალბომი, Recovery, რომელიც Billboard 200-ის პირველ პოზიციას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ჩარტების პირველ პოზიციებს იკავებდა. წარმატება ჰქონდა მის სინგლებს, „Not Afraid“ და რიანასთან ერთად ჩაწერილ „Love the Way You Lie“-ს. ეს ორი, შესაბამისად, გახდა ემინემის მესამე და მეოთხე #1 სინგლი ცხელ ასეულში, ხოლო „Love the Way You Lie“ მსოფლიოს სხვადასხვა ჩარტშიც ლიდერობდა. 2014 წელს სინგლმა „Not Afraid“ მიიღო ალმასის სტატუსი. ამრიგად, ემინემი გახდა პირველი შემსრულებელი, რომელმაც აშშ-ში ორი ციფრული ალმასის ჯილდო მიიღო.[23]
2011 წლის იანვარში ემინემი დასახელდა პირველ შემსრულებლად Nielsen SoundScan-ის ისტორიაში, რომელსაც დისკოგრაფიაში წლის ბოლოს ჰქონდა ორი #1 ალბომი. 2010 და 2013 წლებში იგი კანადაში კომერციულად ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელიც იყო.[24][25] 2013 წლის აგვისტოში გამოჩნდა მისი ახალი სინგლი, „Berzerk“, რომელიც გამოსვლისთანავე ცხელ ასეულში #3 პოზიციაზე მოხვდა. ნოემბერში გამოვიდა მერვე სტუდიური ალბომი The Marshall Mathers LP 2. ამ ალბომიდან გამოიცა სინგლები „Survival“[26], „Rap God“ და „The Monster“ (ჩაწერილი რიანასთან). 2014 წლის მაისში ემინემი დასახელდა Spotify-ს ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად ნაკადოვანი მოსმენის მხრივ.[27]