ელექტრონული მოწყობილება, რომელიც თამბაქოს სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს From Wikipedia, the free encyclopedia
ელექტრული სიგარეტი, ან შემოკლებით ელექტროსიგარეტი — ბატარეული კვების მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ნამდვილი სიგარეტის მაგალითზე. გამოიგონა ჩინელმა ფარმაცევტმა ხან ლიმ 2003 წელს, როდესაც იგი ცდილობდა შეექმნა მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივი წევის ალტერნატივა იქნებოდა. ბატარეის კომპონენტთან ერთად, ელექტრული სიგარეტი მოიცავს საფრქვეველსა და კარტრიჯს; ეს უკანასკნელი შეიცავს ნიკოტინს ან ნიკოტინის არშემცველ თხევად ხსნარს. როდესაც მოწყობილობა მუშაობს, ბატარეა ათბობს კარტრიჯის ხსნარს, ხოლო საფრქვეველი აორთქლებს და აფრქვევს მას ორთქლის სახით, რომელსაც ჩაისუნთქავს მომხმარებელი. ჩვეულებრივ, ელექტრული სიგარეტის მოხმარების პროცესს ვეიპინგი (ინგლ. vaping) ეწოდება, რომელიც ასევე გამოიყენება სხვა მსგავსი მოწყობილობების (ე.წ. ვეიპ-კალამი, ელექტრული ყალიონი და სხვ.) მოხმარების აღსანიშნავადაც.[1]
ელექტრული სიგარეტის გარეგანი სახე განისაზღვრება მისი კომპონენტების ფორმითა და ზომით. ზოგიერთ შემთხვევაში, შეხედულებისა და გამოშვებული ორთქლის გამო, შესაძლებელია ჩვეულებრივი და ელექტროსიგარეტების ერთმანეთში არევა. თუმცა, ელექტროსიგარეტის სხვა ტიპები გარეგნულად ჰგავს სიგარას, ჩიბუხს, ბურთულიან კალამს. იგი შეიძლება იყოს მრავალჯერადი ან ერთჯერადი.[1]
მრავალი ადამიანი ელექტრულ სიგარეტს იყენებს მოწევის სხვა ფორმების შემცვლელად, ზოგიერთი — მოწევისთვის თავის დანებების დამხმარე ინსტრუმენტად. თუმცა, ელექტროსიგარეტების უსაფრთხოება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც თავდაპირველ ეტაპზე მისი უსაფრთხოების დასადგენად ძალიან მცირე რაოდენობის კვლევები ჩატარდა და მცირეა დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ იგი ჩვეულებრივ სიგარეტზე უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც მუდმივად მოიხმარდნენ ელექტროსიგარეტს, გაზრდილი იყო გულის იშემიური ავადმყოფობის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკები. ყოველდღიური მოხმარება იწვევს პირის ღრუს ბაქტერიული შემადგენლობის ცვლილებას და პირის ღრუს ანთებას, რაც ზრდის წარმოქმნის შანსს პირის ღრუს ინფექციებისა, როგორიცაა პერიოდონტიტი, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს გულის დაავადებების გამომწვევი. არსებობს აგრეთვე მოსაზრებები, რომ ელექტროსიგარეტის გამოყენება ეპილეფსიური შეტევის რისკს ზრდის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებში და ნიკოტინის დიდი რაოდენობით მომხმარებლებში. ამას გარდა, არ არსებობს სამეცნიერო მონაცემები, რომ ეს მოწყობილობა ხელს უწყობს მოწევისათვის თავის დანებებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად სწორედ ამ მიზნით იყიდება.[1]
2019 წლის აგვისტოში აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ელექტროსიგარეტის მოხმარების შესაძლო გვერდითი ეფექტის 127 შემთხვევის გამოკვლევა დაიწყო. მეცნიერები ცდილობდნენ მოწევასა და კრუნჩხვების კლინიკურ შემთხვევებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეპოვათ. კლინიკური შემთხვევები 2010–2019 წლების ინტერვალში დაფიქსირდა. კრუნჩხვების გარდა ადამიანთა ნაწილი ასევე კანკალსა და გონების ხანმოკლე დაკარგვის ეპიზოდებს უჩიოდა.[2] მალევე, მათ სხვა შესაძლო გვერდით ეფექტზე დაიწყეს საუბარი: აგვისტოს ბოლოს მეცნიერთა ჯგუფი ფილტვების აქამდე უცნობი დაავადების 215 კლინიკურ შემთხვევას იკვლევდა.[3] 2019 წელსვე გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ელექტრული სიგარეტის მოხმარება დაკავშირებულია მძიმე ლითონების პნევმოკონიოზთან, ფილტვების იშვიათ დაავადებასთან, რომელსაც იწვევს მომწამვლელი ლითონების ჩასუნთქვა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.