From Wikipedia, the free encyclopedia
დოღი — ცხენოსნობის ერთ-ერთი სახე, ჯიშიანი ცხენების გამოცდა მათი უნარის (სისწრაფე, გამძლეობა, ხტომა) გამოვლენისა და განვითარების მიზნით. შეჯიბრება იპოდრომზე ან სწორ ადგილზე დისტანციის სწრაფად გავლაში.
დოღში ჟოკეის (მხედრის) მასა (უნაგირიანად) მკაცრადაა რეგლამენტირებული (52–71 კგ დოღის სახეობის, ცხენის სქესის, ასაკისა და კლასის გათვალისწინებით). საერთაშორისო საჭენებელი გამოცდებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ტრიუმფული თაღის, გეორგ VI-ისა და ელისაბედ II-ის პრიზების გათამაშება, აგრეთვე ლივერპულისა და პარდუბიცეს დიდი სტიპლ-ჩეიზები.
ქართველი ჟოკეებიდან ცნობილია კონსტანტინე (კოწია) ავალიშვილი, რომელმაც რუსული წყაროების მიხედვით, 1912 წელს გაიმარჯვა ლივერპულის სტიპლ-ჩეიზში. საერთაშორისო კლასის ჟოკეის კონსტანტინე ყოჩიაშვილს მოგებული აქვს არაერთი პრიზი საერთაშორისო ასპარეზობაზე, გაიმარჯვა დიდ საკავშირო დერბიში (ულაყი „სუნგური“, 1952; ფაშატი „არაგვა“, 1954). მისი აღზრდილია ცნობილი ჟოკეი, მარნეულელი ნასიბ (ნიკოლოზ) ნასიბოვი, რ-იც 1965–1967 წლებში იყო ევროპის პრიზის სამგზის მფლობელი (ულაყი „ანილინი“).
კარგი შედეგებით გამოირჩეოდნენ აგრეთვე ა. ხაინდრავა, გ. ქიქავა და ს. ვაჩნაძე. მოგვიანებით ქართველი მხედრები (ზ. გონჯილაშვილი, ვ. შელია, მ. სამუშია) მონაწილეობდნენ პარდუბიცეს სტიპლ-ჩეიზში. საუკეთესო შედეგი მათ შორის აჩვენა ზ. გონჯილაშვილმა.
საქართველოში დოღი (ხევსურეთში „ცხენნი“, „ცხენდოღვი“, თუშეთში „სადგინი“ და სხვა), მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ცხენ-მხედართა შეჯიბრება, გავრცელებული იყო ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში, სამეგრელოში, აფხაზეთში და სხვაგან. ხევსურეთში დოღი იმართებოდა გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში; მონაწილე ცხენების რიცხვი კენტი იყო (5-იდან 35-მდე). მათ საგანგებოდ უვლიდნენ და კვებავდნენ; ძუა-ფაფარი დაწნული და ფერადი ძაფებით შეკრული ჰქონდათ, თავ-კისერზე მძივღილით გამართული საფაფრე და საშუბლე ეკეთათ. უნაგირით მხოლოდ „სულის ცხენი“ (მიცვალებულისათვის დაკურთხებული) იყო შეკაზმული. დოღის ანუ „ცხენრბოლების“ დღეს ტაბლის დალოცვის შემდეგ რიგში დაწყობილი მხედრები „სულის ცხენის“ წინამძღოლობით სამჯერ შემოუვლიდნენ ფარდაგზე გაშლილ მიცვალებულის „ტალავართ“ (სამოსელს) და გაემართებოდნენ მიცვალებულის ნათესავების სოფლებისაკენ. „ჭირის პატრონის“ ნათესავი მხედრებს ტაბლას უდგამდა. ბოლო ტაბლიდან მხედრები „ჭირის პატრონის“ სოფელში ბრუნდებოდნენ. აქედან იწყებოდა ნამდვილი შეჯიბრება. თუ შორი გზა ჰქონდათ გამოსავლელი, მათ „მეგობრები“ — სხვა მხედრები ცვლიდნენ. გამარჯვებულ მხედრებს „ჭირის პატრონის“ სოფელში ჯილდოს (საქონელი, იარაღი, ტანსაცმელი და სხვა) ურიგებდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.