From Wikipedia, the free encyclopedia
დეზიდერია კლარი (შვედ. Desideria Clary), აგრეთვე ცნობილია როგორც დეზირე კლარი (ფრანგ. Désirée Clary; დ. 8 ნოემბერი, 1777, მარსელი, საფრანგეთი — გ. 17 დეკემბერი, 1860, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ფრანგი არისტოკრატი. ესპანეთის დედოფალ მარი ჯულია კლარის უმცროსი და. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი 1818-1844 წლებში როგორც კარლ XIV-ის მეუღლე. მეფე ოსკარ I-ის დედა.
დეზიდერია კლარი | |
---|---|
შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი | |
კორონაცია: | 21 აგვისტო, 1829 |
მმართ. დასაწყისი: | 5 თებერვალი, 1818 |
მმართ. დასასრული: | 8 მარტი, 1844 |
წინამორბედი: | ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი |
მემკვიდრე: | ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 ნოემბერი, 1777 |
დაბ. ადგილი: | მარსელი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 17 დეკემბერი, 1860, (83 წლის) |
გარდ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
მეუღლე: | კარლ XIV, შვედეთის მეფე |
შვილები: | ოსკარ I, შვედეთის მეფე |
სრული სახელი: | ევგენია ბერნარდინა დეზიდერია |
დინასტია: | ბერნადოტები (ქორწინებით) |
მამა: | ფრანსუა კლარი |
დედა: | ფრანსუაზ როზ სომისი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დეზიდერია დაიბადა 1777 წლის 8 ნოემბერს მარსელში. იგი იყო აბრეშუმით მოვაჭრე მდიდარი აზნაურის, ფრანსუა კლარისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ როზ სომისის ცხრა შვილიდან ნაბოლარა. მას შემდეგ, რაც 1794 წელს მამამისი გარდაიცვალა, დეზიდერიას ძმამ, ეტიენმა ოჯახის ქონებისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად თავისი და, მარი ჯულია კლარი ცოლად შერთო მაშინდელ ჩინოვნიკსა და რევოლუციონერ ჟოზეფ ბონაპარტს, რომელიც გამოჩენილი გენერლის, ნაპოლეონ ბონაპარტის უფროსი ძმა იყო. ამას 1796 წელს დეზიდერიასა და ნაპოლეონ ბონაპარტის ქორწილი უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ამ წელს ნაპოლეონმა ცოლად ბოარნეს ჰერცოგის ქვრივი და მდიდარი არისტოკრატი — ჟოზეფინ დე ბოარნე შეირთო. აღსანიშნავია, რომ როგორც ყოფილ საცოლეს, ნაპოლეონი დეზიდერიას დიდ პატივს სცემდა და ხშირად იყენებდა ცოლთან კონფლიქტისას შუამავლად.
1796 წელსვე ჟოზეფ ბონაპარტი საფრანგეთის ელჩად დაინიშნა რომში, რის შემდეგაც დეზიდერია დასა და სიძეს გაჰყვა „მარადიულ ქალაქში“. 1797 წელს დეზიდერია სამშობლოში დაბრუნდა და პარიზში დასახლდა, სადაც გაიცნო ნაპოლეონის კონკურენტი და მისი ცოლის საყვარელი, გენერალი ჟან ბაპტისტ ბერნადოტი. აღსანიშნავია, რომ ისინი ძალიან მალე დაახლოვდნენ, რასაც 1798 წელს ბერნადოტისა და დეზიდერიას ქორწილი მოჰყვა.
1810 წელს, უნაყოფო შვედეთის მეფე კარლ XIII-მ თავის მემკვიდრედ ბერნადოტი გამოაცხადა, რომელიც ბრძოლების დროს შვედებისადმი განსაკუთრებულ თანაგრძნობასა და ტოლერანტობას იჩენდა ხოლმე. როგორც მომავალი დედოფალი, დეზიდერია ქმართან და ვაჟთან ერთად გადასახლდა სტოკჰოლმში, თუმცა 1811 წელს პარიზში დატოვა და პატარა ოსკარი მამასთან დატოვა. მომდევნო წლებში იგი ქმარს ხშირი მიმოწერის საშუალებით უკავშირდებოდა. 1814 წელს, მოკავშირეების გამარჯვებისა და ნაპოლეონის დაცემის შემდეგ პარიზში ჩასული ქმარი მან პირველად ნახა სამი წლის შემდეგ, თუმცა იგი მალევე დაბრუნდა უკან და დეზიდერიამ შემდეგში მეუღლე მხოლოდ 1823 წელს ნახა. მიუხედავად იმისა, რომ 1818 წელს მისი ქმარი შვედეთის მეფე გახდა კარლ XIV-ის სახელით, იგი საფრანგეთში დარჩა. იგი შვედეთში მხოლოდ 1823 წელს ჩავიდა, რათა თავისი ვაჟის, ოსკარის ქორწინებას დასწრებოდა ჟოზეფინა ლოიხტენბერგელზე, რომელიც ნაპოლეონის გერის შვილიშვილი იყო. ამის შემდეგ იგი შვედეთში გადასახლდა, 1829 წელს კი ოფიციალურად ეკურთხა შვედეთისა და ნორვეგიის დედოფლად.
მართალია მან მთელი დარჩენილი ცხოვრება შვედეთში გაატარა, თუმცა ახალ ქვეყანას ვერ ეგუებოდა მისი მკაცრი კლიმატისა და დუხჭირი ეკონომიკის გამო, რომელიც წინა მეფისაგან დარჩათ ბერნადოტებს. იგი სამეფო კარიდან შორს, დედაქალაქიდან 34 კილომეტრში ცხოვრობდა თავის რეზიდენციაში, დედოფლის მთელი წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობები და ძალაუფლება კი თავიდანვე გადააბარა თავის რძალს, ჟოზეფინას. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ახალი სამშობლო აინტერესებდა და ხშირად მოგზაურობდა როგორც შვედეთში, ისე ნორვეგიაში. მიუხედავად ამისა, მას არასოდეს უსწავლია შვედური და მთელი ცხოვრება ფრანგულად საუბრობდა, რასაც ზოგჯერ გაურკვევლობა მოსდევდა, რადგან მოსახლეობის უმეტესობამ ფრანგული საერთოდ არ იცოდა, დედოფალი კი სპეციალურად დაწერილ ტექსტებს შვედურად კითხვისას ამახინჯებდა.
1844 წელს იგი დაქვრივდა, თუმცა ეს დიდად არც განუცდია. ბოლო წლებში მას ართრიტი დაემართა, საბოლოო დარტყმა კი 1859 წელს მისი ვაჟის, მეფე ოსკარ I-ის გარდაცვალებამ მიაყენა. დედოფალი დეზიდერია 1860 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა სტოკჰოლმში, 83 წლის ასაკში, თუმცა არა ბუნებრივად. მისი გარდაცვალების მიზეზი ის გახდა, რომ ოპერა, რომელსაც იგი ეწვია, წარმოდგენის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოინგრა, დეზიდერია კი მის შესასვლელ კიბეებზე გარდაიცვალა, რადგან ჭერის ნანგრევები პირდაპირ მას დაეყარა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.