From Wikipedia, the free encyclopedia
„დაკარგულები“ (ინგლ. Lost) — ამერიკული სათავგადასავლო ტელესერიალი. სიუჟეტის ცენტრშია იდუმალებით მოცულ ტროპიკულ კუნძულზე კატასტროფაში მოხვედრილი ავიალაინერის მგზავრთა ისტორია. საცდელი ეპიზოდი ტელეარხზე ABC ნაჩვენები იყო 2004 წლის 22 სექტემბერს და თითქმის 19 მილიონი მაყურებელი მოიზიდა. დღეისთვის გადაღებულია სერიალის ხუთი სეზონი.
დაკარგულები | |
---|---|
სატიტულო კადრი | |
ჟანრი |
|
ავტორი |
|
მონაწილეობენ |
|
კომპოზიტორ(ებ)ი | მაიკლ ჯაკინო |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 6 |
ეპიზოდი | 121 და ეპილოგი (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
ადგილ(ებ)ი | ოაჰუ, ჰავაი |
კამერა | ერთკამერიანი |
ხანგრძლივობა | 40–48 წთ. |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Disney–ABC Domestic Television |
ორიგინალური არხი | ABC |
ჩვენების ფორმატი | 1080i (16:9 HDTV) |
აუდიო ფორმატი | Dolby Digital 5.1 |
ეთერში | 22 სექტემბერი, 2004 — 23 მაისი, 2010 |
რესურსები ინტერნეტში |
სერიალი კულტურული ფენომენი გახდა, რომელმაც მთელი რიგი თანამდევი მოვლენები გამოიწვია: სერიალის სიუჟეტით გამოვიდა ლიტერატურული ნაწარმოებები, კომიქსები და ვიდეო თამაშები. 2007 წლის მაისში გამოცხადდა, რომ იგეგმებოდა კიდევ სამი სეზონის გადაღება, თითოეულ მათგანში 16 სერიით, რომელიც 2010 წელს დასრულდება. თუმცა 2008 წლის სეცნარისტთა გილდიის გაფიცვის გამო მეოთხე სეზონში სულ ნაჩვენები იქნა 14 სერია, რის გამოც მომდევნო სეზონებში წინასწარ განსაზღვრულ 16 სერიას დაემატება თითო სერია. სულ ნაჩვენები იქნება 120 სერია. საქართველოში სერიალის ოფიციალურ ჩვენებას აწარმოებს ტელეკომპანია იმედი. 1–2–3 სეზონების პრემიერა გაიმართა 2007 წელს. 4 სეზონის პრემიერა გაიმართა 2009 წლის მარტში. 5 სეზონის ჩვენება შედგა 2010 წლის გაზაფხულზე.
სერიალის შექმნა 2004 წლის იანვარში დაიწყო, როცა ეიბისის იმდროინდელმა თავმჯდომარემ ლოიდ ბრაუნმა ახალი სერიალისთვის სცენარი შეუკვეთა. სერიალი უნდა ყოფილიყო ნაზავი დაახლოებით ისეთი წიგნისა, როგორიცაა ბუზთა ბატონი, ფილმისა, როგორიცაა განკვეთილი, სატელევიზიო სერიალისა, როგორიცაა ჯილიგანის კუნძული და რეალური შოუსი, როგორიცაა უკანასკნელი გმირი. საცდელი სერიებისთვის სცენარის დასაწერად ბრაუნმა ჯეი ჯეი აბრაჰამსს მიმართა. მიუხედავად თავდაპირველი ყოყმანისა, აბრაჰამს იდეა მოეწონა და დეიმონ ლინდელოფთან ერთად სერიალის პერსონაჟების და სტილის მოფიქრებას შეუდგა. მათ შეთხზეს აგრეთვე სიუჟეტი და ძირითადი ხაზი სერიალისა, რომელიც დაახლოებით ხუთი–ექვსი სეზონის განმავლობაში უნდა გასულიყო ეთერში. მიუხედავად დროის სიმცირისა, სერიალის შემქმნელებმა მოასწრეს პეროსნაჟების შექმნა და საჭირო მსახიობების შერჩევა ამ პერსონაჟების როლზე.
დაკარგულების ორნაწილიანი საცდელი ეპიზოდი ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა ამერიკული ტელევიზიების ისტორიაში და დაახლოებით 10–14 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. სერიალის დებიუტი 2004 წლის 22 სექტემბერს შედგა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ისევე როგორც სასოწარკვეთილი დიასახლისები და გრეის ანატომია, დაკარგულები წლის ერთ–ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა.
თვითმფრინავ ოუშენიკ 815–ის 324 მგზავრიდან მხოლოდ 71 გადარჩება (მათ შორის, ერთი ძაღლიც). პირველ სეზონში სერიალს 14 მთავარი გმირი ჰყავდა, რითაც დაკარგულები პრაიმ–ტაიმში ნაჩვენები სერიალთაგან მხოლოდ სასოწარკვეთილ დიასახლისებს ჩამორჩებოდა.
ნევინ ენდრიუსი განსახიერებდა ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ყოფილ ოფიცერ – საიდ ჯარას. ემილი დე რავინი ფეხმძიმე ავსტრალიელ გოგონას, კლერ ლითლტონს თამაშობდა. მეთიუ ფოქსი პრობლემებით დამძიმებული ქირურგის, სერიალის ერთ–ერთი მთავარი გმირის ჯეკ შეპარდის როლს ასრულებდა. ხორხე გარსია განასახიერებდა ჰუგო "ჰარლი" რეიესს – უიღბლო ლატარიის გამარჯვებულს. მეგი გრეისი თამაშობდა შენონ რეზენფორდს, ყოფილ ცეკვის მასწავლებელს. ჯოშ ჰოლოუეი თაღლითი ჯეიმზ "სოიერ" ფორდის როლში იყო. იუნჯინ კიმი გავლენიანი კორეელი ბიზნესმენის ქალიშვილს, სუნ–ჰვა კვონს, ხოლო დანიელ დაე–კიმი – ჯინ–სუ კვონს განასახიერებდა. ევანჯელინ ლილი თამაშობდა დამაშავე ქეით ოსტინს, დომინიკ მონეჰენი კი – ყოფილ როკ–ვარსკვლავ, განარკომანებულ გიტარისტ ჩარლი პეისს. ტერი ო'ქუინი თამაშობდა იდუმალ ჯონ ლოკს. ჰაროლდ პერინო ინჟინერ–მშენებელ მაიკლ დოუსონს, ხოლო ახალგაზრდა მსახიობი მალკოლმ დევიდ კელი მის შვილს – უოლტ დოუსონს განასახიერებდა. იან ზომერჰელდერი განსახიერებდა ბუნ კარლაილს, შენონის ნახევარძმას და დედამისის კუთვნილი ქორწინების დამგეგმავი ბიუროს თანამშრომელს.
უკვე პირველ ორ სეზონში რამდენიმე ძველი პერსონაჟი ახლით ჩანაცვლდა. პირველი სეზონის მიწურულს ბუნი ტრაგიკულად დაიღუპა. უოლტი მეორე სეზონიდან მხოლოდ დროდადრო ჩნდება სერიალში მოწვეული მსახიობის სტატუსით. მეორე სეზონის მერვე სერიაში შენონის სიკვდილის შემდეგ სერიალში ახალი გმირები გამოჩნდა. მისტერ ეკო – ნიგერიელი კათოლიკე მღვდელი და ყოფილი ბოროტმოქმედი, რომლის როლსაც მსახიობი ადეუელ აკინეი–აგბეიე ასრულებდა; ანა–ლუსია კორტესი – აეროპორტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი და ყოფილი პოლიციის ოფიცერი, რომლის როლსაც მიშელ როდრიგესი ასრულებდა და ლიბი – ფსიქოლოგი, რომელსაც სინტია უოტროსი განასახიერებდა.
მესამე სეზონში ჰენრი იან კიუსიკის პერსონაჟი – ყოფილი შოტლანდიელი ჯარისკაცი დესმონდ ჰუმი – სერიალის ერთ–ერთ მთავარ გმირად იქცა, ისევე როგორც მაიკლ ემერსონი, რომლის პერსონაჟიც ბენ ლაინუსი, მეორე სეზონის მიწურულს რამდენიმე სერიაში გამოჩნდა ჰენრი გეილის სახელით. ბენ ლაინუსი "სხვების" ლიდერია. კუნძულზე მობინადრე ამ იდუმალი დაჯგუფების ერთ–ერთი წევრი ჯულიეტ ბერკიც სერიალის მთავარ პერსონაჟად იქცა. ჯულიეტის როლს მსახიობი ელიზაბეტ მიტჩელი ასრულებდა. მესამე სეზონის ბოლოს ჩარლი იღუპება.
მეოთხე სეზონში სერიალს დაუბრუნდა ჰაროლდ პერინო კვლავ მაიკლ დოუსონის როლში, რათა თავისი თავგანწირვით გამოესყიდა ის დანაშაულები, რაც სხვა თანამგზავრების წინააღმდეგ ჩაიდინა. მასთან ერთად სერიალს შემოუერთნენ ჯერემი დეივისი – კუნზულის საიდუმლოებების ამოხსნით დაინტერესებული ნერვიული ფიზიკოსი დენიელ ფარადეის როლში; კენ ლანგი – სარკასტული სულებთან მოსაუბრე მაილზ სტრომის როლში; და რებეკა მადერი – წარმატებული და მიზანდასახული ანთროპოლოგის შარლოტ სტეპლზ ლუისის როლში. კლერი სეზონის მიწურულს უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა. თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ ის მეექვსე, ბოლო სეზონში ისევ გამოჩნდება. მეოთხე სეზონის ბოლო სერიაში მაიკლ დოუსონი იღუპება.
მეხუთე სეზონში სერიალს არც ერთი მთავარი პერსონაჟი არ შემატებია. სერიალს შემოუერთდა ზულეიკა რობინსონი, რომლის გმირიც ილანა მეექვსე, დასკვნით სეზონში ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირი გახდება. სეზონის დასაწყისში შარლოტი იღუპება, თუმცა ბრუნდება ჯინ–სუნ კვონი, რომელიც მეოთხე სეზონის ფინალიდან ყველას მკვდარი ეგონა.
მთავარი გმირების გარდა, სერიალში მუდმივად ჩნდებიან მოწვეული მსახობები. მირა ფურლანი კუნძულზე მრავალი წლის წინ გამორიყული ფრანგული სამეცნიერო ექსპედიციის წევრის დანიელა რუსოს როლს ასრულებდა; ჯონ ტერი ჯეკ შეპარდის გარდაცვლილი მამას ქრისტიან შეპარდს განასახიერებს. ნესტორ კარბონელი "სხვების" იდუმალ და უბერებელ მრჩეველს რიჩარდ ალპერტს თამაშობს. ალან დეილის გმირი ჩარლზ უიდმორი "სხვების" ყოფილი ლიდერი და ამჟამად კორპორატიული მაგნატი, იმავდროულად დესმონდის შეყვარებულის პენი უიდმორის (პერსონაჟს განასახიერებსსონია ვალგერი) მამაცაა.
სერიალის გადაღება მიმდინარეობს ძირითადად ჰავაის ერთ–ერთ კუნძულ ოაჰუზე. ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუში იღებენ ურბანულ სცენებს, მათ შორის, აეროპორტის და სხვადასხვა ქალაქში მომხდარ ამბებსებაც.
1 სეზონი შედგება 25 ეპიზოდისგან. ოუშენიკ 815 ერთი შეხედვით უკაცრიელ კუნძულზე განიცდის კატასტროფას. გადარჩენილი მგზავრები იძულებულები არიან ერთობლივი ძალებით გაუმკლავდნენ წარმოქმნილ სირთულეებს. გადარჩენილებს უხდებათ შეტაკება იდუმალ არსებებთან, პოლარულ დათვებთან, გაუვალ ტყეში მობინადრე მხეცებთან და კუნძულის მტრულად განწყობილ ადგილობრივ მკვიდრებთან, რომლებსაც მეტსახელად "სხვებს" უწოდებენ. გადარჩენილები გაიცნობენ დანიელ რუსოს, ფრანგ ქალს, რომელიც ჩაძირული გემიდან 16 წლის წინ გამოირიყა კუნძულზე. აგრეთვე აღმოაჩენენ მიწისქვეშა ბუნკერს. ცდილობენ ტივით დააღწიონ კუნძულს თავი.
2 სეზონი შედგება 24 ეპიზოდისგან. მოქმედება ვითარდება თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან 45 დღის შემდეგ. სეზონის უმეტესი ნაწილი ეთმობა გადარჩენილთა და "სხვების" დაპირისპირებას. აგრეთვე, უმეტეს სერიაში გამუდმებით ხდება რწმენისა და მეცნიერების შეტაკება. რამდენიმე ძველი საიდუმლო ირკვევა, მაგრამ სანაცვლოდ ბევრი ახალი ჩნდება. ვეცნობით ახალ პერსონაჟებს – თვითმფრინავის უკანა სექციაში მსხდომ მგზავრებს, რომლებიც კუნძულის სხვა მხარეს ჩამოვარდნენ, და კუნძულის სხვა მკვიდრებს. ბუნკერს გამოიკვლევენ და აღმოჩნდება, რომ ის "დარმა ინიციატივას" – "ჰანსო ფონდის" დაფინანსებულ მეცნიერ–მკველვართა კუთვნილებაა. "სხვების" შესახებ ბევრი რამ ირკვევა, მაგრამ უეცრად ერთ–ერთი გადარჩენილი მეგობრებს უღალატებს. ირკვევა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.
3 სეზონი შედგება 23 ეპიზოდისგან. მოქმედება ვითარდება თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან 67 დღის შემდეგ. ვეცნობით გადარჩენილებისა და"სხვების" ახალ წევრებს. გადარჩენილები ბევრ რამეს გებულობენ "სხვებზე" და მათი კუნძულზე ცხოვრების დეტალებზე. "სხვების" ერთ–ერთი წევრი გადარჩენილებს უერთდება, ხოლო გადარჩენილებიდან ერთ–ერთი "სხვების" რიგებში აღმოჩნდება. გადარჩენილებსა და "სხვებს" შორის დაპირისპირდება მწვავდება. გადარჩენილები მაშველთა ჯგუფს უკავშირდებიან.
4 სეზონი 14 ეპიზოდისგან შედგება. სეზონი ძირითადად ეთმობა გადარჩენილებსა და მაშველთა ჯგუფს შორის ურთიერთობას. ირკვევა, რომ გემი "კაჰანას" ეკიპაჟი სულ სხვა მიზნებით ეწვია კუნძულს. გადარჩენილთაგან ექვსი ("ოუშენიკის ექვსეული") კუნძულიდან თავის დაღწევას ახერხებს.
5 სეზონი შედგება 17 ეპიზოდისგან. მოქედება ძირითადად მიმდინარეობს დროის ორ სხვადასხვა მონაკვეთში. კუნძულზე დარჩენილი ოუშენიკ 815–ის მგზავრები დროში წინ და უკან ინაცვლებენ. საბოლოოდ ისინი 1977 წელში, კუნძულზე "დარმა ინიციატივას" მოღვაწეობის პერიოდში აღმოჩნდებიან. 2007 წელს, აწმყოში კუნძულზე "აჯირა ეარვეისის" თვითმფრინავი ვარდება. ბორტზე იმყოფება "ოუშენიკის ექვსეული", რომლებიც უკან ბრუნდებიან. ვეცნობით კუნძულის უხუცეს მკვიდრებს, რომლებიც, როგორც ჩანს, სერიალის მთავარი გმირებით მანიპულირებდნენ.
სერიალის დასკვნითი სეზონის პრემიერა შედგა 2010 წლის თებერვალში.
პერსონაჟების ისტორიების პარალელურად დაკარგულების ყოველ სერიაში იდუმალი და ამოუხსნელი რამეები ხდება. სერიალის ავტორების თქმით, დაკარგულების მითოლოგია სამეცნიერო ფანტასტიკასა და ზებუნებრივ ფენომენს ემყარება. კუნძულს იცავს უჩვეულო კვამლის მონსტრი; აქვე ბინადრობენ იდუმალი კუნძულელები, რომლებსაც გადარჩენილები "სხვებს" უწოდებენ; საიდუმლო ორგანიზაციას "დარმა ინიციატივას" კუნძულის სხვადასხვა ადგილებზე კვლევითი სადგურები აქვს აშენებული.
სეზონების რეიტინგი აშშ–ში (წარმოადგენს მაყურებელთა ოდენობის საშუალო მაჩვენებელს).
სეზონი | ჩვენების დრო | სეზონის პრემიერა | სეზონის ფინალი | სატელევიზიო სეზონი | ადგილი | მაყურებელი (მილიონებში) |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ოთხშაბათი 20:00 (სექტემბერი 22, 2004–მაისი 25, 2005) | სექტემბერი 22, 2004 | მაისი 25, 2005 | 2004–2005 | 15 | 15.69[1] |
2 | ოთხშაბათი 21:00 (სექტემბერი 21, 2005–მაისი 24, 2006) | სექტემბერი 21, 2005 | მაისი 24, 2006 | 2005–2006 | 15 | 15.50[2] |
3 | ოთხშაბათი 21:00 (ოქტომბერი 4, 2006–ნოემბერი 8, 2006) ოთხშაბათი 22:00 (თებერვალი 7, 2007–მაისი 23, 2007) |
ოქტომბერი 4, 2006 | მაისი 23, 2007 | 2006–2007 | 14 | 15.05[3] |
4 | ხუთშაბათი 21:00 (იანვარი 31, 2008–მარტი 20, 2008) ხუთშაბათი 22:00 (აპრილი 24, 2008–მაისი 29, 2008) |
იანვარი 31, 2008 | მაისი 29, 2008 | 2008 | 17 | 13.40[4] |
5 | ოთხშაბათი 21:00 (იანვარი 21, 2009–მაისი 13, 2009) | იანვარი 21, 2009 | მაისი 13, 2009 | 2009 | 28 | 10.94[5] |
6 | სამშაბათი 21.00 (თებერვალი 2, 2010–მაისი 23, 2010) | თებერვალი 2, 2010 | მაისი 23, 2010 | 2010 | 31 | 10.08[6] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.