გრენლანდიის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
გრენლანდია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს, კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ისლანდიის ჩრდილო-დასავლეთით. გრენლანდიას სახმელეთო მეზობელი არ ჰყავს. სანაპირო ზოლის სიგრძე 44 087 კილომეტრია. მოსახლეობა ძალიან მცირეა და ძირითადად თავს იყრის სანაპიროს გასწვრივ გაშენებულ პატარა დასახლებებში. გრენლანდია მსოფლიოში სიდიდით მეორე ყინულის საფარს ფლობს.
გრენლანდია დგას გრენლანდიის ფილაზე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ფილის ქვეფილას წარმოადგენს.[1][2] გრენლანდიის კრატონი დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი კლდეებისგან შედგება. ისუის მწვანე ბაზალტის სარტყელი სამხრეთ-დასავლეთ გრენლანდიაში დედამიწაზე ცნობილი უძველესი კლდეებისგან შედგება, რომელთა ასაკიც 3,7 - 3,8 მილიარდი წლისაა.[3]
მცენარეულობა მეჩხერია. ერთადერთი ტყიანი მონაკვეთი ნანორტალიკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფარველის კონცხის სიახლოვეს.
კლიმატი არქტიკულიდან სუბარქტიკულში გარდამავალია, ცივი ზამთრითა და ცივი ზაფხულით. რელიეფი ძირითადად ბრტყელია, მაგრამ თანდათანობით იხრება ყინულებით, რომლებიც მთლიან მიწას ფარავენ გარდა ვიწრო, მთიანი, უნაყოფო კლდოვანი სანაპიროსი. უდაბლესი ადგილია ზღვა, უმაღლესი კი გუნბიერნის მთა — უმაღლესი წერტილი მთელს არქტიკაში (3,694 მ). კუნძულის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილია მორის ჯესუპის კონცხი, რომელიც 1909 წელს ადმირალმა რობერტ პირიმ აღმოაჩინა. ბუნებრივ რესურსებს შორისაა თუთია, ტყვია, რკინა, ქვანახშირი, მოლიბდენი, ოქრო, პლატინა, ურანი და თევზი.