![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ac/Orthodox_subdeacons.jpg/640px-Orthodox_subdeacons.jpg&w=640&q=50)
გინგილა
From Wikipedia, the free encyclopedia
გინგილა, ორარი (ბერძ. ὀράριον ორარე - ლოცვა) — მღვდელმსახურის შესამოსელი. დიაკვნის ოლარი. გრძელი, ვიწრო, შარფის მსგავსი ქსოვილი, დამზადებულია იმავე მასალისგან, რომლითაც სტიქარი. მას ატარებენ დიაკვნები და იპოდიაკვნები. დიაკვანი იკეთებს მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს კვერექსის წარმოთქმისას. დამსახურებულ დიაკვნებს, არქიდიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. იპოდიაკონი გინგილას სარტყელივით შემოიკრავს ზურგზე და მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს. გინგილა განასახიერებს ანგელოზთა ფრთებს, სამღვდელო ხარისხის ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/e/e4/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90.jpg/80px-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90.jpg)
დიაკვნები წირვის მსვლელობისას, „მამაო ჩვენოს“ ლოცვის დროს, მხრიდან შეიხსნიან გინგილას და გაიკეთებენ ისე, რომ ზურგზე გამოისახოს „X“ ფორმა, როგორც მთელი მსახურების დროს იპოდიაკვნებს უკეთიათ. შესაძლებელია, ტერმინი „ორარი“ მომდინარეობს იმ ქსოვილის გრაგნილისაგან, რომელზედაც დაწერილი იყო კვერექსები და ლოცვები. ამიტომ, ღვთისმსახურების დროს, კვერექსის წარმოთქმისას, დიაკვანი მაღლა წევს ხელს, რომლითაც უჭირავს გინგილა.
- იპოდიაკვნები
- დიაკვანი გინგილით