გამოხატვის თავისუფლება
From Wikipedia, the free encyclopedia
აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები — საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლება, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის თავისუფლება.
ინტერნეტის თავისუფლება 2017 — 2018 წლების კონსტიტუციური კანონების მიღების შედეგად ჩაემატა, იგი სოციალურ უფლებას წარმოადგენს და პირს ეხმარება მისი ძირითადი უფლების განხორციელებაში-თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, რაც გამოხატვის თავისუფლების აუცილებელ კრიტერიუმს წარმოაგდენს. აზრის, მისი გამოხატვის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის ძირითად უფლებათა კატეგორიას წარმოადგენს. ზოგადად ადამიანის უფლებები განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ადამიანს შორის ურთიერთობას და არა ადამიანებს შორის ურთიერთობებს, იგი სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებს, რომ ნეგატიურის შემთხვევაში არ ჩაერიოს და ხელი არ შეუშალოს პირს ამ უფლებებით სარგებლობაში, პოზიტიურის შემთხვევაში კი ხელი შეუწყოს პირს ამ უფლებების სრულყოფილად გამოყენებაში იმით, რომ საკანონმდებლო დონეზე გაწეროს ნორმები და ამასთანავე ფაქტობრივი ღონისძიებებიც განახორციელოს უფლების უზრუნველსაყოფად.