![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/Brian-Jones-1965_%2528cropped%2529.jpg/640px-Brian-Jones-1965_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ბრაიან ჯონსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუის ბრაიან ჰოპკინ ჯონსი (1942-1969) — ინგლისელი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ფართოდ ცნობილი, როგორც ინგლისური როკ-ჯგუფის, „როლინგ სტოუნზის“, დამაარსებელი და თავდაპირველი ლიდერი. ბრაიანი თავიდან სლაიდ გიტარისტი იყო, თუმცა მოგვიანებით, „როლინგ სტოუნზში“ მოღვაწეობისას, მრავალ ინსტრუმენტზე უკრავდა, მათ შორის რითმ გიტარაზე, სოლო გიტარაზე, სიტარაზე, კლავიშებიან ინსტრუმენტებზე, ჰარმონიკაზე, საქსაფონსა და დრამზეც კი.
ბრაიან ჯონსი | |
---|---|
![]() ბრაინ ჯონსი 1965 წელს, როლინგ სტოუნზის ვიზიტისას ფინეთში. | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 თებერვალი, 1942 |
დაბ. ადგილი | ჩელტენემი, გლოსტერის საგრაფო, ინგლისი |
გარდ. თარიღი | 3 ივლისი, 1969 (27 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰარტფილდი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი |
დასაფლავებულია | Bouncer's Lane Cemetery |
ჟანრ(ებ)ი |
როკი ბლუზი პოპი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ჰარმონიკა, სიტარა, პიანინო, მელოტრონი |
აქტიური | 1957–1969 |
ლეიბლ(ებ)ი | Decca, Atco, London, Rolling Stones |
ბრაიან ჯონსი ვიკისაწყობში |
დაიბადა ჩელტენემში, გლოსტერის საგრაფოში. მას უელსური წარმოშობის მშობლები ჰყავდა.
1962 წელს, როლინგ სტოუნზის დაარსებისთანავე, ჯონსმა ჯგუფს ბრიტანული ბლუზის მიმართულება მისცა და მანვე დაარქვა ბენდს სახელი The Rollin' Stones (მოგვიანებით The Rolling Stones). კით რიჩარდსი იხსენებს, რომ ეს ჯონსისა და საკონცერტო დარბაზის მფლობელის სატელეფონო დიალოგისას სპონტანურად მოხდა:
„სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან ხმამ, რა საკვირველია, იკითხა, ’რა გქვიათ?’ პანიკა! იატაკზე მადი უოტერსის ალბომი სახელად „The Best of Muddy Waters“ იდო და მეხუთე ტრეკის პირველ მხარეზე იყო „Rollin' Stone Blues“. ჯონსს დაუხედავს ამ წარწერისთვის და უპასუხია „The Rollin' Stones“.
გარკვეული ხნის შემდეგ რიჩარდსმა და ჯაგერმა ჯგუფის მუსიკალური მიმდინარეობის კურსი ჯონსისგან თანდათან გადაიბარეს და ბლუზისკენ აღებული გეზი შეცვალეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი სიმღერების დამწერი წარმატებული დუო გახდნენ. თუმცა ჯონსმა და რიჩარდსმა შეიმუშავეს გიტარაზე დაკვრის უნიკალური სტილი, რომელსაც რიჩარდსი „ქსოვის ანტიკურ ხელოვნებას“ უწოდებს. ეს სტილი გულისხმობდა ჯონსისა და რიჩარდსის მხრიდან გიტარაზე ერთდროულად დაკვრას, რა დროსაც ისინი ერთმანეთის მონაცვლეობით ასრულებდნენ გიტარის რითმ და სოლო პარტიებს. რიჩარდსმა დაკვრის ეს სტილი ჯგუფის მომდევნო გიტარისტებთანაც (მიკ ტეილორი და რონ ვუდი) გააგრძელა და ის „როლინგ სტოუნზის“ ბგერის დამახასიათებელ ნიშნად ჩამოყალიბდა.