ბოჰოლის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოჰოლის პროვინცია — კუნძული-პროვინცია ფილიპინებში, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში. შედგება მთავარი კუნძულისა და 75 პატარა კუნძულისგან.[2] პროვინციის დედაქალაქია ტაგბილარანი. ბოჰოლის ფართობი 4 821 კმ², ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 261 კმ-ია. ბოჰოლი ფილიპინების მეათე კუნძულია ფართობის მიხედვით.[3]
პირველი კლასის პროვინცია 3 საკონგრესო რაიონად იყოფა. პროვინციაში ერთი შემადგენელი ქალაქი, 47 მუნიციპალიტეტი და 1 109 ბარანგაი მდებარეობს.[4]
პლაჟებისა და კურორტების გამო პროვინცია ტურისტული დანიშნულების ადგილია.[5] ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ყავისფერი შეფერილობის მქონე კირქვოვანი წარმონაქმნები, შოკოლადის ბორცვებია. მათი ნახვა უმაღლესი წერტილიდან და საჰაერო ტურების მეშვეობითაა შესაძლებელი. ტაგბილარანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პანგლაოს კუნძული წყალქვეშ ყვინთვის ცნობილი ცენტრია. სამხრეთ სანაპიროებზე არაერთი კურორტი და დაივინგ-ცენტრი მდებარეობს.
ბოჰოლი კარლოს გარსიას, ფილიპინების რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტის (1957-1961) მშობლიური პროვინციაა. პრეზიდენტი ტალიბონში დაიბადა.[6]
2013 წლის 15 ოქტომბერს ბოჰოლი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ გაანადგურა, რომლის ეპიცენტრიც საგბაიანიდან 6 კმ-ით სამხრეთით მდებარეობდა. მიწისძვრამ, რომელმაც სებუს სამხრეთ ნაწილსაც დიდი ზიანი მიაყენა, 156 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 374 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად ბოჰოლის კულტურული მემკვიდროების რამდენიმე ტაძარი დაზიანდა.[7][8]
2017 წლიდან პროვინციის მთავრობამ მთელი პროვინცია იუნესკოს გლობალური გეოპარკების ქსელის ნომინაციაზე წარადგინა.[9]