ბეგობის არწივი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეგობის არწივი[1][2] (ლათ. Aquila heliaca) — მტაცებელი ფრინველი ქორისნაირთა რიგისა.[3] სხეულის საერთო სიგრძე 72–84 სმ აღწევს,[1] ფრთების შლილი 180–215 სმ,[4] მამლის მასა 2,4–4,0 კგ, დედლისა — 2,8–4,5 კგ;[5] დედალი მამალზე დიდია.[1] საერთო შეფერილობა მოყავისფრო-შავია. მოყავისფრო თხემი და კეფა კონტრასტულად ჩანს მუქ ყელთან[4] და მკვეთრად ემიჯნება მუქ შუბლს.[6] შედარებით მოკლე კუდი ბოლოვდება ფართო შავი არშიით, გასდევს მუქი ფერის მრავალი ვიწრო ზოლი,[4] ზედა მხარე ღია ნაცრისფერია.[6] მხრებზე აყრია პატარა თეთრი ლაქები. ახალგაზრდა ფრინველი უფრო ღია ფერისაა[4] — საერთო შეფერილობით მოყვითალო-ჟანგისფერი, ზურგზე მურა, მუცელზე — წითურ-ყავისფერი,[7] გასდევს მუქი ღერძულა ზოლები. მეორე ხარისხის მომქნევი ბუმბულების მოსაზღვრე პირველი ხარისხის მომქნევები ღია ფერისაა.[6] სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება.[1] ფრენის დროს ფრთებს ღრმად და მძიმედ იქნევს;[4] ბოლოებზე განლაგებული ბუმბულები თითისებურად ჩანს, კუდი — ძალიან მოკლედ. ხმა — ძლიერი „კიავ-კიავ“.[7]
ბეგობის არწივი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aquila heliaca (Savigny, 1809) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22696048 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობა
მთელი წლის განმავლობაში
მიგრაციის მარშრუტები
მიგრაციის რაიონები | |||||||||||||||
|
გავრცელებულია სამხრეთ სლოვაკეთიდან და ბალკანეთიდან (მ. შ. უკრაინისა და რუსეთის სამხრეთში)[8] წინა აზიისა და სამხრეთ ციმბირის გავლით მონღოლეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. ბინადრობს სტეპებში, ტყესტეპსა და უდაბნოებში.[5] იზამთრებს სამხრეთით, ნილოსის ხეობიდან აღმოსავლეთ ჩინეთამდე, მკვიდრი პოპულაციებია წინა აზიასა და ბალკანეთზე,[5] ზოგჯერ მომთაბარეობს.[7] ცხოვრობს მარტო ან წყვილებში. უპირატესობას ანიჭებს ადგილებს კუნძულოვანი ტყეებით ან ფრაგმენტული ხის და ბუჩქნარის მცენარეულობით,[5] მეჩხერ, ფოთლოვან და შერეულ ტყეებს; მთებში ბუდობს ზღვის დონიდან 1400 მეტრამდე.[5] საქართველოში გვხვდება ერთეული წყვილების სახით ორბეთის მიდამოებში, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ვაშლოვანის ნაკრძალის შემოგარენში;[8] შეინიშნება გადაფრენისასაც.[6] ვერტიკალურად აღწევს 2000 მეტრამდე.[1][8] აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრე ფრინველია, დასავლეთ საქართველოში — მიმომფრენი.[1] ჩვენში მეტად მცირერიცხოვანია. 1976 წლის მონაცემებით, ერთი ეგზემპლარი ფიქსირდებოდა თბილისის ზოოპარკში, ერთიც — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე.[8]
ქმნის მუდმივ წყვილს (ერთ-ერთი პარტნიორის სიკვდილამდე). ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქზე (1–25 მეტრ სიმაღლეზე), იშვიათად კლდეზე ან მიწაზე,[5] მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებზეც.[4][9] მასალად იყენებს ტოტებს. აპრილში დებს 1–4 (ჩვეულებრივ 2–3) თეთრ კვერცხს.[7] დედალ-მამალი კრუხობს 43 დღის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ, ჩვეულებრივ, ხმარობენ 2 ბუდეს.[8] 60–77 დღეში მართვეები ბუდეს ტოვებენ.[5]
უმთავრესად იკვებება 5 კგ-მდე (ჩვეულებრივ 25–1500 გ) მასის ძუძუმწოვრებით, უპირატესად მღრღნელებით,[5] ზოგჯერ თავს ესხმის კურდღლს;[1] იშვიათად მის რაციონში შედის ფრინველები, ქვეწარმავლები და მძორი, ზოგჯერ თევზი და დიდი ზომის მწერები.[5] სპობს სოფლის მეურნეობის მავნებლებს — თრიებს, ზაზუნებს, მემინდვრიებსა და სხვებს.[1] ნადირობს ღია ადგილებში. მსხვერპლს იჭერს მიწაზე ან წყალში, ჩვეულებრივ უთვალთვალებს მას ჰაერიდან; უწინ ამ არწივებს ხშირად ხედავდნენ ყორღანებზე და სხვა ტიპის სამარხებზე შემომჯდარს,[5] ძირითადად ცუდი ამინდის დროს, როდესაც ჰაერში ლივლივის საშუალება არ ჰქონდათ.[9]
რაოდენობა შემცირებულია მთელი არეალის ფარგლებში. მისი მიზეზებია: სწრაფი ანთროპოგენიზაცია, შემაწუხებელ ფაქტორთა ზრდა, საკვები ბაზის შემცირება.[8] შეტანილია IUCN-ისა[10] და საქართველოს „წითელ ნუსხებში“.[11]