ბასიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბასიანი — პროვინცია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში (თურქეთის ტერიტორია). სახელწოდებას უკავშირებენ ფასიანების (ფაზიანების) ტომს. სომხეთის სამეფოს წარმოქმნისა და მისი გაფართოების შედეგად (ძვ. წ. II ს.) ბასიანი მის ფარგლებში მოექცა. 384 წელს რომსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გავლენის სფეროების განაწილების შედეგად ირანის საზღვრებში მოექცა. VII-VIII საუკუნეებში ბასიანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. არაბთა მფლობელობის დასუსტებისა და ქართული სამეფო-სამთავროების გაძლიერების პერიოდში ბასიანი საცილობელი გახდა ბიზანტიისა და ქართველთა სამეფოს შორის. მალე ქართველთა სამეფო მთლიანად დაეუფლა ბასიანს. X საუკუნის I ნახევარში საზღვარი ბიზანტიასა და „ქართველთა სამეფოს“ შორის მდინარე არაქსზე დაიდო და ბასიანის ჩრდილოეთი ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა მფლობელობაში დარჩა. 1001 წელს დავით კურაპალატის მემკვიდრეობის გამო ბიზანტიასთან კონფლიქტის შედეგად იმიერ-ტაო და ბასიანი მთლიანად ბიზანტიელთა მფლობელობაში გადავიდა. ქართველები დაჟინებით ცდილობდნენ ბასიანის დაბრუნებას ბიზანტიელთაგან, შემდეგ თურქ-სელჩუკთაგან. XII საუკუნიდან ბასიანი კვლავ ფეოდალური საქართველოს მონარქიის ფარგლებში შედიოდა. 1203 წელს ბასიანში ქართველთა ლაშქარმა სძლია თურქ-სელჩუკებს. 1545 წელს ბასიანი ოსმალებმა მიიტაცეს. XVII საუკუნიდან იგი არზრუმის ვილაიეთის ერთ-ერთი სანჯაყია.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასიანი (მრავალმნიშვნელოვანი). |