From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგი (ფრანგ. Bangui, სანგო — Kötä gbätä tî Bangî) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2003 წლის აღწერის მიხედვით ბანგიში ცხოვრობდა 622 771 კაცი[1][2]. იგი გამოყოფილია განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად, გათანაბრებული პრეფექტურასთან. ქალაქის ფართობი შეადგენს 67 კმ²-ს.
დედაქალაქი | |
---|---|
ბანგი ფრანგ. Bangui სანგო — Kötä gbätä tî Bangî | |
მდინარე უბანგი ბანგის სიახლოვეს | |
ქვეყანა | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
კოორდინატები | 4°22′00″ ჩ. გ. 18°35′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1889 |
ფართობი | 67 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 369 მ |
მოსახლეობა | 622 771 კაცი (2003) |
სიმჭიდროვე | 9295,09 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ბანგის ტერიტორიაზე არის სამდინარე პორტი. ქალაქის სიახლოვეს აგრეთვე არის საერთაშორისო აეროპორტი.
ქალაქში არსებობს 1970 წელს დაფუძნებული ბანგის უნივერსიტეტი.
ქალაქი დაარსდა 1889 წელს, როგორც საფრანგეთის სამხედრო პოსტი უბანგი-შარის კოლონიაში, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა კუბანგი-შარი და გახდა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის ნაწილი.
ქალაქის სახელწოდება თარგმანში ნიშნავს «ჭორომს». ბანგი კოლონიალურ ეპოქაში იყო საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი. იგი გამოყოფილია განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად, გათანაბრებული პრეფექტურასთან.
ძალადობის ფართომასშტაბიანმა ტალღამ გადაუარა ბანგის 1981 წლის მარტის არჩევნების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1979 წელს დიქტატორ ჟან ბედელ ბოკასას ჩამოგდების ფრანგული ოპერაციის და მისი დავიდ დაკოთი შეცვლის დროს.
1986 წლის მარტში ქალაქში ფრანგული თვითმფრინავის Jaguar-ის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი, რამაც წარმოშვა ანტიფრანგული განწყობის აღორძინება. მაგრამ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრე კოლინგბამ შემდგომშიც ნება დართო საფრანგეთის ჯარს დარჩენილიყვნენ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ მათ სამხედრო ბაზებში.
1996 წლის მაისში ბანგიში მოხდა ჯარისკაცების ბუნტი, რომლებიც ითხოვდნენ ხელფასების მომატებას და პრეზიდენტ ანჟ ფელიქს პატასეს გადადგომას. ქვეყანაში დისლოცირებულმა საფრანგეთის ჯარმა ჩაახშო ამბოხი, მაგრამ ქალაქი საკმაოდ გაძარცვული აღმოჩნდა და დაიღუპა 50 ადამიანზე მეტი.
მას შემდეგ, რაც 1997 წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ანჟ ფელიქს პატასემ განაცხადა ეროვნული ერთიანობის ხელისუფლების შექმნის შესახებ, აჯანყებულთა ჯარმა არ ისურვა უარი ეთქვა ბანგიში მდებარე სამხედრო ბაზაზე. ახალი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ივნისში.
აჯანყებულების ლიდერი ფრანსუა ბოზიზე ხელისუფლებაში 2003 წლის მარტში მოვიდა ბანგის დაპყრობის გზით და ანჟ ფელიქს პატასეს გაგდებით.
2013 წლის 23 მარტს აჯანყებულთა კოალიციის ჯარი «სელეკა» შევიდა ქალაქში. საფრანგეთმა გააგზავნა ჯარი დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის დასაცავად.
2009 წელს Mercer Human Resources Consulting-ის მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ, ცხოვრების დონის მიხედვით ბანგის მიენიჭა 214-ე ადგილი მსოფლიოს 215 ყველაზე ცუდ ქალაქებს შორის. ბაღდადი იყო ერთადერთი ქალაქი, რომელმაც უფრო დაბალი შეფასება მიიღო[3].
ბანგი მდებარეობს მდინარე უბანგის ჩრდილოეთ სანაპიროზე, დინების ცოტა დაბლა, სადაც მდებარეობს რამდენიმე ჭორომი, რომლებიც ზღუდავენ ძირითად სავაჭრო სანაოსნო გზებს მდინარის ზემოთ, სამხრეთის საზღვრის სიახლოვეს. მდინარე უბანგის სანაოსნო ნაწილი მკვეთრად უხვევს ბანგის ქვემოთ სამხრეთისაკენ და უერთდება მდინარე კონგოს ეკვატორიდან სამხრეთით, ბრაზავილთან სიახლოვეს, როგორც ჩრდილოეთის მთავარი შენაკადი. მდინარეზე გადის სახელმწიფო საზღვარი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქი ზონგო მდებარეობს მდინარის მეორე სანაპიროზე, ბანგის მოპირდაპირედ.
ქალაქის ცენტრი მდებარეობს მდინარესთან სიახლოვეს და იქ განლაგებულია დიქტატორ ბოკასასადმი მიძღვნილი დიდი ტრიუმფალური თაღი, პრეზიდენტის სასახლე და ცენტრალური ბაზარი. ცენტრიდან 5 კმ-ით ჩრდილოეთისკენ დაშორებით, საცხოვრებელი რაიონის შუაგულში მდებარეობს ბანგის ყველაზე უფრო დიდი ბაზარი და ღამის კლუბების უმრავლესობა. ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობენ ბორცვები.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მდებარეობს ეკვატორიდან ოდნავ ჩრდილოეთით და, შესაბამისად, წლის განმავლობაში ყოველდღიურად სჭარბობს მაღალი ტემპერატურა, რომელიც იშვიათად ეშვება 26 °C-ის ქვემოთ[4]. ბანგიში გაბატონებულია ტროპიკული სავანების კლიმატი. წვიმების სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე. ბანგი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში და შესაბამისად ეკვატორთან ძალიან ახლოს, აქვს ცოტა უფრო ცხელი და ნოტიო კლიმატი, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში[5].
დაბლობ რაიონებში ბანგის ზოგიერთი შემოგარენი განიცდის ხშირ წყალდიდობას. მაგალითად, 2009 წლის ივნისის და ივლისის ძლიერმა წვიმებმა უსახლკაროდ დატოვა 11 000 ადამიანი[6]. წვიმების სეზონში (მარტიდან ნოემბრის ჩათვლით) ქალაქში ხდება ჭექა-ქუხილი და მეხის დაცემა. ეს მოვლენები ხშირია, ზოგჯერ ყოველდღიურად.
ბანგი ქვეყნის ადმინისტრაციული, სავაჭრო და კომერციული ცენტრია. ბანკის პირველი ფილიალი გაიხსნა 1946 წელს, როდესაც დასავლეთ აფრიკის ბანკმა ქალაქში შექმნა საკუთარი ფილიალი. ბანგიში იწარმოება ტექსტილი, კვების პროდუქტები, ლუდი, ფეხსაცმელი და საპონი. ექსპორტის ძირითადი დარგებია: ბამბა, ხე-ტყე, ყავა და სიზალი. სახელმწიფოს ხანგრძლივი არასტაბილურობის გამო 2001 წლიდან უმუშევრობის დონე ქალაქში მერყეობს 23 %-ის ფარგლებში.
ბანგის აქვს სამდინარე პორტი და ბანგი მპოკოს საერთაშორისო აეროპორტი; ქალაქზე მოდის ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის დიდი უმრავლესობა. მდინარის ბორნები მიემართებიან ბრაზავილში და ზონგოში. ავტოგზები ქალაქს აკავშირებენ კამერუნთან, ჩადთან და სუდანთან.
მობილური კავშირის ორი კომპანია, რომლებიც იყენებენ GSM-900-ის სტანდარტებს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტელესელი და Nationlink Telecom RCA, მუშაობენ ბანგიში. სახელმწიფო კომპანია Socatel ქვეყნის და ბანგის ძირითადი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, ის პასუხისმგებელია კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციაზე და ტექნიკურ მომსახურებაზე.
პერიოდული გამოცემების ნაწილი და სამი ყოველდღიური გაზეთი იბეჭდება ბანგიში. ქალაქის ღირსშესანიშნაობები მოიცავს ბარტელემი ბოგანდას სახელობის მუზეუმს და დიქტატორ ჟან ბედელ ბოკასას სასახლეს. ბანგის ნოტრ-დამის ტაძარი რომის კათოლიკური არქიეპარქიის რეზიდენციაა ქალაქში.
ქალაქში და მის შემოგარენში არქეოლოგიურმა კვლევებმა აღმოაჩინეს, სულ ცოტა 26 ადგილი რკინის ხანის პერიოდის შესწავლისთვის, რომელიც შეიცავს ბევრ მეტალურგიულ ინსტრუმენტებს და სხვა უძველეს ობიექტებს[7]. ეს არქეოლოგიური ობიექტები 2006 წლის 11 აპრილს დაემატა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ სიას, კულტურის კატეგორიაში[7].
ქალაქში მდებარეობს 1970 წელს დაარსებული ბანგის უნივერსიტეტი[8]. როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ბანგის უნივერსიტეტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მონოპოლიზაციას ახდენს ყველა არასასოფლო-სამეურნეო უმაღლესი განათლებისა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.