არტაქსერქსე II
From Wikipedia, the free encyclopedia
არტაქსერქსე II (ფარსი اردشیر یکم ,ბერძნ. Ἀρταξέρξης „მართალთა სამეფოს მეუფე“; დ. ძვ. წ. 445 — გ. ძვ. წ. 359) — სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359 წლებში. დარიოს II-ს ვაჟი. იქორწინა სტატირაზე.
არტაქსერქსე II | |
---|---|
აქემენიანთა სპარსეთის მე-10 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 404 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 359 |
წინამორბედი: | დარიოს II |
მემკვიდრე: | არტაქსერქსე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 445 |
დაბ. ადგილი: | აქემენიანთა იმპერია |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 359 |
გარდ. ადგილი: | პერსეპოლისი |
მეუღლე: | სტატეირა |
შვილები: | არტაქსერქსე III |
დინასტია: | აქემენიანები |
მამა: | დარიოს II |
დედა: | პარისატიდა |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
არტაქსერქსე II არის, დარიოს II-ის და დედოფალი პარისატიდის უმცროსი ვაჟი. ტახტზე ასვლამდე ატარებდა სახელს - არკასს, რომელიც განსაკუთრებული მეხსიერების გამო ბერძნებმა შარქვეს.
არტაქსერქსეს მმართელობის დასაწყისში მოხდა აქემენიდების იმპერიაში ერთ-ერთი უსასტიკესი არეულობა. არტაქსერქსე ტახტზე ავიდა თუ არა, მის წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო მისმა უმცროსმა ძმა, კურუშმა, რომელიც მცირე აზიაში იყო მმართველი. ქსენოფონტესა და პლუტარქეს ცნობებით კურუში ღირსეული ადამიანი იყო და ძმაზე უკეთ შეეფერებოდა მეფობას. მას დაქირავებული ჯარები, კარგი დამხმარეები და ერთგული მეგობრები ჰყავდა, მაგრამ არ გაუმართლა. კუნაქსთან ბრძოლაში ძვ. წ. 401 წლის სექტემბერში, მისმა ჯარებმა დაამარცხეს არტაქსერქსეს არმია, მაგრამ კურუში ბრძოლაში დაიღუპა. ასე შეინარჩუნა არტაქსერქსემ ძალაუფლება.
არტაქსერქსეს მმართველობის დროს მოხდა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება, ხშირი იყო არეულობა, შეთქმულებები და აჯანყებები. ძვ. წ. IV საუკუნის პირველ წლებში სპარსებს მოუწიათ მცირე აზიაში სპარტასთან ომი. სპარტელებმა რამდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხეს სპარსები და გაძარცვეს ქვეყანა. მცირე აზიის განთავისუფლება მხოლოდ ძვ. წ. 395 წელს მოხერხდა, მეფემ მოქრთამვით ომი გააჩაღა ელადაში და სპარტანულმა ჯარმა დატოვა აზია. ძვ. წ. 386 წელს დაიდო ანტალკიდის ზავი, რომლითაც სპარსეთმა დაიბრუნა დაკარგული იონიის ქალაქები.
ძვ. წ. 390 წელს დაიწყო ომი აჯანყებულ კვიპროსში, სადაც მეფე სალამინა ევაგორი მეფობდა. მისი მოკავშირე კი ჯერ კიდევ წინა მეფობისას დაკარგული ეგვიპტე იყო. ძვ. წ. 381 სპარსებმა კიტიასთან ბრძოლაში დაამარცხეს კვიპროსის ფლოტი. შემდეგ წელს კი ევაგორმა აღიარა სპარსეთის ბატონობა.
ძვ. წ. 373 წელს სპარსეთის ჯარი, ფარნაბაზის მეთაურობით შეიჭრა ეგვიპტეში, მაგრამ ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. იმავე წელს კაპადოკიის სატრაპი დატამი აუჯანყდა მეფეს. ძვ. წ. 367 წელს მას მხარი დაუჭირა ფრიგიის სატრაპმა არიობარზანმა. მათ შეკრიბეს არმია, სადაც ბევრი ბერძენი დაქირავებული მეომარი იყო. მათ მხარეს გადავიდნენ მიდიის სატრაპი აფტოფრადატი და იონიის სატრაპი ორონტი. მათი მოკავშირე გახდა ეგვიპტის ფარაონი ტახოსი. აჯანყება დიდხანს გაგრძელდა. ძვ. წ. 363 წელს ორონტი ისევ მეფის მხარეზე გადავიდა, ძვ. წ. 360 წელს კი არიობარზანი სიკვდილით დასაჯეს. არტაქსერქსეს მეფობის ბოლო წლებში, რთულად მისასვლელ ადგილზე მცხოვრები ტომები უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და არ იხდიდნენ გადასახადებს. ხორეზმი, სოგდიანა და საკები სპარსეთის ქვეშერდომებიდან მოკავშირეებად იქცნენ.
ისტორიკოსები წერენ რომ, არტაქსერქსე მექალთანე იყო, მას 360 ხარჭა ჰყავდა, ასევე წერდნენ, რომ მას სექსუალური ურთიერთობები ჰქონდა საკუთარ შვილებთან ატოსასთან და ამესტრიდასთან, რომლებიც შემდეგ ცოლად შეირთო.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არტაქსერქსემ მემკვიდრეთ თავისი ვაჟი დარიოსი გამოაცხადა. ადათის თანახმად, მემკვიდრეს მეფისთვის ნებისმიერი საჩუქრის თხოვება შეეძლო, დარიოსმა კი მოითხოვა ხარჭა - ასპასია. მეფეს ეს არ ესიამოვნა და ხარჭა ქურუმად აქცია. დარიოსი ამან განარისხა. ამით ისარგებლეს არტაქსერქსეს მტრებმა და მამა შვილს დაუპირისპირეს. დარიოსი შეთქმულებაში აღმოჩნდა ჩათრეული, როდესაც შეთქმულების ამბავი მეფემ გაიგო, მისი ვაჟი სიკვდილით დასაჯეს. მალე მეფეც მოკვდა.