![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/57/King_Alexander_of_Greece.jpg/640px-King_Alexander_of_Greece.jpg&w=640&q=50)
ალექსანდროსი (საბერძნეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდროსი (ბერძ. Αλέξανδρος; დ. 1 აგვისტო, 1893 — გ. 25 ოქტომბერი, 1920)[georgian 1] — საბერძნეთის მეფე 1917 წლის 11 ივნისიდან 1920 წლის 25 ოქტომბრამდე. გარდაიცვალა 27 წლის ასაკში მაიმუნის ნაკბენით.
ალექსანდროსი | |
---|---|
Αλέξανδρος | |
![]() | |
საბერძნეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 11 ივნისი, 1917 |
მმართ. დასასრული: | 25 ოქტომბერი, 1920 |
პრემიერ-მინისტრი: |
ალექსანდროს ძაიმისი ელეფთერიოს ვენიზელოსი |
წინამორბედი: | კონსტანტინოს I |
მემკვიდრე: | კონსტანტინოს I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 აგვისტო, 1893 |
დაბ. ადგილი: | ტატოის სასახლე, საბერძნეთი |
გარდ. თარიღი: | 25 ოქტომბერი, 1920[georgian 1] (27 წლის) |
გარდ. ადგილი: | ათენი, საბერძნეთი |
მეუღლე: | ასპასია მანოსი |
შვილები: | ალექსანდრა |
დინასტია: | გლიუქსბურგები |
მამა: | კონსტანტინოს I |
დედა: | სოფია პრუსიელი |
ალექსანდროსი, მეფე კონსტანტინოს I-ის მეორე ვაჟი, ათენის გარეუბანში მდებარე ტატოის საზაფხულო სასახლეში დაიბადა. იგი სამეფო ტახტზე 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას ავიდა, მას შემდეგ, რაც ანტანტის ძალებმა და ელეფთერიოს ვენიზელოსის მომხრეებმა მამამისი, კონსტანტინოს I და ამ უკანასკნელის უფროსი ვაჟი, გეორგიოსი ქვეყნიდან განდევნეს. ახალ მეფეს, რომელსაც არავითარი რეალური პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, ვენიზელოსმა ძალაუფლება წაართვა და ფაქტობრივად, საკუთარ სასახლეში დაატუსაღა. ვენიზელოსი, როგორც ანტანტის მხარდაჭერით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მარიონეტი მონარქიღა იყო, ალექსანდროსი მხარს უჭერდა ბერძნულ ძალებს ოსმალეთის იმპერიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ომში. პირველ მსოფლიო ომში ანტანტისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებისა და 1919-1922 წლების ბერძნულ-თურქული ომის შედეგად, ალექსანდროსის მმართველობისას საბერძნეთის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
1919 წელს ალექსანდროსი დაქორწინდა უბრალო წარმომავლობის ასპასია მანოსზე, რამაც იმდენად სერიოზული სკანდალი გამოიწვია, რომ წყვილი იძულებული გახდა რამდენიმე თვით საბერძნეთი დაეტოვებინა. თავის ცოლთან ერთად ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ალექსანდროსი მოშინაურებულმა მაგოტმა დაკბინა და იგი სეფსისით გარდაიცვალა. მეფის მოულოდნელმა გარდაცვალებამ გააჩინა კითხვები ქვეყანაში მონარქიის მომავალთან დაკავშირებით და თავისი წვლილი შეიტანა ვენიზელოსის მმართველობის დამხობაში. 1920 წლის საყოველთაო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგად ტახტზე კონსტანტინოს I აღადგინეს.